სამსონ ფირცხალავა
სამსონ ფირცხალავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 იანვარი, 1872 |
დაბადების ადგილი | მათხოჯი |
გარდაცვალების თარიღი | 26 ივლისი, 1952 (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
სამსონ ფირცხალავა (დ. 3 იანვარი, 1872, მათხოჯი, ქუთაისის მაზრა, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 26 ივლისი, 1952, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამსონ ფირცხალავა დაიბადა 1872 წელს სოფელ მათხოჯში, გლეხის ოჯახში. ოჯახი განათლებას დიდი ყურადრებას აქცევდა, ამიტომაც ანბანი პატარა სამსონს უფროსმა ძმებმა შეასწავლეს, შემდეგ კი სოფლის დიაკვანს მია���არეს. მოგვიანებით სამსონი ხონის ორკლასიან სასწავლებელში შეიყვანეს. 1893 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. მონაწილეობდა გიმნაზისტების თვითგანვითარების წრეების მუშაობში. ამ პერიოდიდან დაიწყო თანამშრომლობა ქართულ პრესასთან „სან-ვინის“ ფსევდონიომით. 1893–1898 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე. მონაწილეობდა სტუდენტების გამოსვლებში, რის გამოც რამდენიმე დღით დაპატიმრებული იყო. იყო ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე, დაუმეგობრდა ივანე ჯავახიშვილს, ზურაბ ავალიშვილს, გრიგოლ რცხილაძეს, იოსებ ბარათაშვილს, არჩილ ჯორჯაძეს, ილია ნაკაშიძესა და ლუარსაბ ანდრონიკაშვილს.[1]1897 წელს მისი მონაწილეობით შედგა ცნობილი წერილი სტუდენტებისა ილია ჭავჭავაძისა და გიორგი წერეთლისადმი საბერძნეთის განმათავისუფლებელ ბრძოლასთან დაკავშირებით.
უნივერსიტეტის დასრულების შემდე დაბრუნდა სამშობლოში და ორი თვის განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის სახაზინო პალატაში. ამდენივე ხანს იმუშავა ჭიათურის მანგანუმის მრეწველთა კანტორაში, სადაც იცავდა წვრილ მრეწველთა ინტერესებს. ჭიათურის შესახებ რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა გაზეთ „კვალში“. 1901 წელს გადავიდა თბილისში და დაიწყო მუშაობა გაზეთ „ივერიაში“ კორექტორად. 29 დეკემბრიდან აქტიურად აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს და ფელეტონებს ამავე გაზეთში. 1902 წლის 14 აპრილს სამუშაოდ გადავიდა „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში. ამ გაზეთის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებთან ერთად ჩამოყალიბა სოციალისტ-ფედერალისტების პარტია, 1905-1907 წლებში იყო ამავე პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. 1902–1910 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი და საქმეთა მმართველი. 1905 წელს იყო „ცნობის ფურცლის“ წარგზავნილი კორესპონდენტი გურიაში და აშუქებდა გურიის გლეხთა მოძრაობას. 1906 წლის იანვრის დასაწყისში დააპატიმრეს და ერთი თვით მეტეხის ციხეში ჩასვეს. გათავისუფლეიბს შემდეგ შემდგომი დაპატიმრების თავიდან არიდებისთვის გადავიდა სანქტ-პეტერბურგში. თბილისში დაბრუნდა 1906 წლის მეორე ნახევარში და განაგრძო მუშაობა „ცნობის ფურცლის“ მემკვიდრე გაზეთ „შრომაში“. იყო სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის გაზეთების „გლეხის“ (1906) და „მიწის“ (1906-1918) ერთ-ერთი დამაარსებელი და ფაქტობრივი რედაქტორი. 1907 წელს მისი თანაავტორობით გამოვიდა კრებული „ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება“. 1908-1909 წლებში გამოსცემდა სალიტერატურო გაზეთებს „მზე“ და „ფასკუნჯი“. გამოცემების დახურვის შემდეგ მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს ვექილად. 1908 წელს აირჩიეს აკაკი წერეთლის საიუბილეო კომიტეტის მდივნად. 1910 წლის 1 მაისს დააპატიმრეს და იმავე წლის დეკემბერში გადაასახლეს ქალაქ ტვერში, საიდანაც 1913 წელს დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ განაგრძო პარტიაში მუშაობა. პარტიული მუშაობის პარალელურად გამოსცა წიგნები „სამაჰმადიოანო საქართველო, ან ძველი მესხეთი“ (1915) და „ეროვნება და ეროვნული თავისუფლება“ (1918).
1917 წლის აპრილში მონაწილეობდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს ორგანიზების პროცესში. იმავე წლის ნოემბერში მონაწილეობდა ეროვნულ ყრილობაში, სადაც აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წელს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლოიბს აქტს. ხელმძღვანელობდა სოციალისტ-ფედერალისტთა გაზეთ „სახალხო საქმეს“. 1919 წელს გახდა დამფუძნებელი კრების წევრი სოციალისტ-ფედერალისტთა სიით.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. მუშაობდა „ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში“, იყო მწერალთა კავშირის წევრი. 1921 წლის ბოლოდან იყო საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ პარტიების გაერთიანების პროცესის აქტიური მონაწილე. 1922 წლის 10 თებერვალს დააპატიმრეს და 1 აპრილს მიუსაჯეს 6 თვით პატიმრობა. 2 სექტემბერს ციხეში გამოაცხადა შიმშილობა საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით. 26 სექტემბერს გაათავისუფლეს პატიმრობიდან და მისცეს 10 დღის ვადა ქვეყნის დასატოვებლად. 1922 წლიდან იყო პოლიტიკური ემიგრანტი, ცხოვრობდა საფრანგეთში. აქტიურად იყო ჩაბმული ქართული ემიგრაციის ცხოვრებაში, თანამშრომლობდა გაზეთ „დამოუკიდებელ საქართველოსთან“ და ჟურნალ „სოციალისტ-ფედერალისტთან“. იყო საფრანგეთის ქართველ ჟურნალისტთა კავშირის წევრი, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ქართველი ემიგრანტების შვილებს. გამოსცა წიგნები „ისტორიული ლანდები“ (1934), „ამბავთა და საქმეთა მოლოდინში“ (1935), „თამარ მეფე“ (1939), „ქართველთა წინაპრები და მათი მონათესავე ტომები წინა აზიაში“ (1947)
1947 წლის ოქტომბერში მიიღო საქართველოში დაბრუნების ნებართვა და დაბრუნდა 1948 წლის 23 თებერვალს. დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, ძმისშვილის ოჯახში. მუშაობდა საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკის გამგედ. 1951 წლის 24 დეკემბერს იგი დააპატიმრა სუკ-მა. ფირცხალავას პირადი ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი გადაეცა საჯარო ბიბლიოთეკას. 1952 წლის 7 იანვარს მას ბრალი წაუყენეს ანტისაბჭოთა საქმიანობაში და 5 ივლისს მიუსაჯეს 25-წლიანი პატიმრობა. გარდაიცვალა 26 ივლისს, თბილისის ციხის საავადმყოფოში გამოფიტვის, მწვავე დიზენტერიის და არტერიოკარდიოსკლეროზის დიაგნოზით. დაასაფლავეს სავარაუდოდ ციხის სასაფლაოზე.
1988 წელს თბილისში გამოიცა მისი „მოგონებათა ფურცლები“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შველიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 440.
- ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 393-396, ISBN 978-9941-0-9318-0.
- სიდამონიძე უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 332.
- შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. II, თბილისი: „მერანი“, 1993. — გვ. 177-184.
- ნანიტაშვილი ლ., „ერის წყლული აჩნდა წყლულად“, თბილისი, 1993
- ნანიტაშვილი ლ., „წერილები“, თბილისი, 1981
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამსონ ფირცხალავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სამსონ ფირცხალავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სამსონ ფირცხალავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 3 იანვარი
- დაბადებული 1872
- გარდაცვლილი 26 ივლისი
- გარდაცვლილი 1952
- თბილისში გარდაცვლილები
- ქართველი პუბლიცისტები
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები
- ხონის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- ქართველები საფრანგეთში
- დაავადებებით გარდაცვლილები
- ფირცხალავები
- საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრე���ი