შინაარსზე გადასვლა

პენსილვანიის სახვითი ხელოვნების აკადემია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკადემიის ისტორიული შენობა

პენსილვანიის სახვითი ხელოვნების აკადემია (ინგ. Pennsylvania Academy of the Fine Arts, აკრ. PAFA) დაფუძნდა 1805 წელს ფილადელფიაში, პენსილვანია, მხატვარი და მეცნიერი ჩარლზ უილსონ პილის, სკულპტორი უილიამ რაშის და სხვა ხელოვანთა და ბიზნეს ლიდერთა მიერ. ეს უძველესი ხელოვნების მუზეუმი და სკოლაა აშშ-ში. აკადემიის მუზეუმი მსოფლიოში ცნობილია მე-19 და მე-20 საუკუნეების ამერიკული ფერწერის, სკულპტურისა და თაბახის ნამუშევრების უმდიდრესი კოლექციით. მის არქივებში დაცულია უმნიშვნელოვანესი მასალები ამერიკული ხელოვნების ისტორიის, მუზეუმებისა და ხელოვნების ტექნიკის შესასწავლად.

მუზეუმის ამჟამინდელი შენობა 1876 წელს გაიხსნა. შენობის პროექტი ეკუთვნით ამერიკელ არქიტექტორებს ფრენკ ფარნესსა და ჯორჯ ჰიუიტს და მას ერ��ვნული ისტორიული ლენდმარკის ტიტული აქვს მინიჭებული. შესაბამისად ის ამერიკისა და თავად ფილადელფიის არქიტექტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად ითვლება. შენობას რესტავრაცია 1976 წელს ჩაუტარდა. მუზეუმის კოლექცია გამოფენილია ქრონოლოგიურ და თემატურ ფორმატში, და ამგვარად მნახველი ამერიკის ხელოვნების ისტორიას ეცნობა 1760 წლიდან დღემდე.

ჩარლზ უილსონ პილი (1741-1827)

დაფუძნებიდან აკადემია აგროვებდა წამყვან ამერიკელ ხელოვანთა, ისევე როგორც თავად სკოლის გამოჩენილ კურსდამთავრებულთა ნამუშევრებს. 1811-1969 წლებში აკადემია ორგანიზებას უწევდა მნიშვნელოვან ყოველწლიურ გამოფენებს საიდანაც მნიშვნელოვან ახალ ნიმუშებს იძენდა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის აკადემიის მმართველ დირექტორს 1892-1905 წლებში ჰარისონ მორისს. მის პერიოდში შეძენილ ხელოვნების ქმნილებათა შორისაა სესილია ბოს, უილიამ მერიტ ჩეიზის, ფრენკ დუვენეკის, თომას იკინსის, უინსლოუ ჰომერის, ჩაილდ ჰასამია და ედმუნდ ტარბელის ნამუშევრები.

1876 წელს აკადემიის ყოფილი სტუდენტი თომას იკინსი ინსტიტუტში დაბრუნდა მასწავლებლის სახით და სრულიად განაახლა სასწავლო კურიკულუმი, რომელიც სკოლას დღემდე შემორჩა. სტუდენტები სერტიფიცირების პროგრამაში სწავლობენ ხატვის, ხაზვის, სკულპტურისა და ლითოგრაფიის საფუძვლებს ორი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ორი წელი თავისუფალ სწავლებაზე გადადიან ფაკულტეტის კრიტიკოსთა და ხელოვნებათმცოდნეთა ხელმძღვანელობით.

აკადემია დღესაც ინარჩუნებს აგრესიული კოლექციონიზმის ტრადიციას და განაგრძობს თანამედროვე ამერიკელ ხელოვანთა ნამუშევრების შეძენას.

აკადემიის კვალიფიცირებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პარალელურად სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღონ პენსილვანიის უნივერსიტეტში. ეს ორი სასწავლო დაწესებულება მჭიდროდ თანამშრომლობს ერთმანეთთან, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს აივი ლიგის ხარისხი მიიღონ აკადემიის დიპლომთან ერთად. აკადემია ასევე ცნობილია ძლიერი სამაგისტრო პროგრამით, ინტენსიური სწავლისშემდგომი დახელოვნების კურსებითა და ასევე სპეციალური პროგრამებით ბავშვებისა და ოჯახებისთვის. ხელოვნების განვითარებისთვის საკუთარი წვლილისთვის აკადემია 2005 წელს ეროვნული ხელოვნების მედალით დაჯილდოვდა აკადემიის ორასი წლის იუბილესთან დაკავშირებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]