ლევან რუხაძე
ლევან რუხაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1884 |
დაბ. ადგილი | ხონი |
გარდ. თარიღი | 23 ოქტომბერი, 1937 |
გარდ. ადგილი | სემეი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ლევან რუხაძე (დ. 1884, ხონი, ქუთაისის მაზრა — გ. 23 ოქტომბერი, 1937, სემიპალატინსკი, ყაზახეთის სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლევან (ლეო) პორფირეს ძე რუხაძე დაიბადა 1884 წელს, ქუთაისის მაზრის დაბა ხონში, გლეხის ოჯახში. მიიღო განათლება ხონის საოსტატო სემინარიაში. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1915 წელს იყო რსდმპ კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი. თანამშრომლობდა პარტიულ პრესაში. პირველი რესპუბლიკის პერიოდში ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას, აქვეყნებდა სტატიებს გაზეთ „ერთობაში“. ახალციხის მაზრაში იყო მთავრობის საგანგებო რწმუნებული. მისი თაოსნობით აღდგა ობოლთა თავშესაფარი ახალციხეში. მუშაობდა „სამუსლიმანო საქართველოში“ საქართველოს ხელისუფლების განმტკიცებისათვის.
1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით; იყო საბიბლიოთეკო კომისიის წევრი. არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1920 წელს მონაწილეობდა ევროპელი სოციალისტების დელეგაციის მასპინძლობაში. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამოსვლებში. სავარაუდოდ 1922 წელს დააპატიმრეს. 1922 წლის 16 დეკემბერს სხვა 52 პოლიტპატიმართან ერთად გადააგზავნეს მოსკოვში, რსფსრ-ს საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად. მოთავსებული იყო სუზდალის ციხეში გრიგოლ ლორთქიფანიძესთან ერთად. სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ 1926 წლის 15 იანვარს ხელახლა გადაასახლეს ქალაქ ორიოლში. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა ყაზახეტში. 1937 წლის ოქტომბერში აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარის შინსახკომის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა ლეო რუხაძეს დახვრეტა მიუსაჯა. რეაბილიტირებულია 1989 წლის 25 აპრილს, სემიპალატინსკის მხარის პროკურატურის მიერ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 338.
- ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 348-349, ISBN 978-9941-0-9318-0.