კატიუშა
„კატიუშა“ — საველე რეაქტიული არტილერიის ულულო სისტემების არაოფიციალური სახელწოდება. პირველად გამოიყენეს დიდ სამამულო ომში (1941-1945). 1921 წელს აირდინამიკურ ლაბორატორიაში ნ. ტიხონოვმა და ვ. არტემიევმა დაიწყეს უკვამლო დენთზე რეაქტიული ჭურვის (რს) დამუშავება. სხვადასხვა კალიბრის რეაქტიული ჭურვების — „კატიუშის“ ჭურვის პროტორიპების, აგრეთვე მრავალმუხტიანი საავიაციო და ერთმუხტიანი სახმელეთო გასაშვები დაზგების ოფიციალური გამოცდა 1929-1933 წლებში განხორციელდა. მისი საბოლოო დამუშავება ხდებოდა რეაქტიულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გ. ლანგემაკის ხელმძღვანელობით. 1937-1938 წლებში ამ რეაქტიული ჭურვებით (რს-82, რს-132) შეიარაღდა სამხედრო-საჰაერო ძალები. ისინი წარმატებით გამოიყენეს ხალხინ-გოლთან ბრძოლებში (1939). 1938-1941 წლებში რეაქტიულ ინსტიტუტში ი. გვაიმ, ვ. გალკოვსკიმ, ა. პავლენკომ და სხვებმა შექმნეს სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული მრავალმუხტიანი გასაშვები დანადგარი. დიდი სამამულო ომის წინ რს მ-13-ით და გასაშვები დანადგარი ბმ-13-ით შეიარაღდა არტილერია. „კატიუშა“ გერმანიის ფაშისტთა ჯარების წინააღმდეგ პირველად 1941 წლის 14 ივლისს გამოიყენეს. ომის პერიოდში შეიქმნა რეაქტიული ჭურვისა და გასაშვები დანადგარის სხვადასხვა ვარიანტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 437.