ივან სავიდი
ივან სავიდი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 მარტი, 1959 სანთა, წალკის რაიონი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | ბიზნესმენი |
მეუღლე(ები) | კირიაკი სავიდი |
მშობლები |
მამა: ეგნატე სავიდი დედა: კლეონიდი ასლანიდი |
ივან ეგნატეს ძე სავიდი (რუს. Ива́н Игна́тьевич Савви́ди, ბერძ. Ιβάν Σαββίδης; დ. 27 მარტი, 1959, სანთა, წალკის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ) — რუსეთში მოღვაწე ქართველი ბერძენი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივან სავიდი 1959 წლის 27 მარტს საქართველოში, წალკის რაიონის სოფელ სანთაში დაიბადა, რომელიც ბერძნებით იყო დასახლებული. მისი მშობლები, ეგნატე და კლეონიდი სავიდები, უბრალო მშრომელები იყვნენ. 15 წლის ასაკში დედის გადაწყვეტილებით მოზარდმა სკოლაში სწავლა როსტოვში განაგრძო, სადაც უმაღლეს სასწავლებელში მისი უფროსი ძმა სწავლობდა.
ბერძნების მასობრივი რეპატრიაციის პროცესში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო, სავიდის და-ძმები და მშობლები საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში გადავიდნენ საცხოვრებლად. ივანე სავიდიმ, მშობლებისა და დედმამიშვილებისგან განსხვავებით, როსტოვში დარჩენა არჩია.
საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ მან საბჭოთა არმიაში სავალდებული სამხედრო სამსახური გაიარა. შემდეგ კი, როსტოვის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ფაკულტეტი დაასრულა.
პროფესიული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980 წელს სავიდიმ მუშაობა როსტოვში, დონის თამბაქოს ფაბრიკაში დაიწყო.
მან დონის თამბაქოს ქარხანაში ყველა საფეხური გაიარა – მუშიდან დაწყებული, დირექტორობით დამთავრებული. 1982-1986 წლებში სავიდი ხარატად მუშაობდა. 1986-1987 წლებში აღჭურვილობის შეკეთების ოსტატი გახდა. 1987 წელს ის საამქროს უფროსად დააწინაურეს, 1988-1989 წლებში მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების განყოფილების უფროსი გახდა, 1989 წელს – დირექტორის მოადგილე, 1991-1993 წლებში კი თამბაქოს ქარხნის დირექტორის პირველი მოადგილე.
1993 წლიდან ივანე სავიდი კომპანია „დონსკი ტაბაკის“ (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფო ფაბრიკა კერძო კომპანია გახდა) გენერალური დირექტორია. ეს თანამდებობა მას 2003 წლამდე, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატობამდე ეკავა.
„დონსკი ტაბაკმა“ სავიდის ხელმძღვანელობის პერიოდში სერიოზულ ფინანსურ წარმატებებს მიაღწია. მისი 10-წლიანი დირექტორობის განმავლობაში „დონსკი ტაბაკში“ წარმოების მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა. ამას, შესაბამისად, თანამშრომელთა რაოდენობის გაორმაგებაც მოჰყვა. ექსპერტების აზრით, ამ საწარმოს წარმატების საიდუმლო ის არის, რომ ყოველწლიურად მილიარდობით ღერ იაფფასიან სიგარეტს უშვებს, რომლის ძირითადი მომხმარებლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა ძალოვანი უწყებები და მათზე დაქვემდებარებული საჯარისო ნაწილები არიან. საინტერესოა, რომ, კვლევების თანახმად, რუსეთის არმიის შემადგენლობის 95 პროცენტი ნიკოტინზეა დამოკიდებული. ბოლო წლების განმავლობაში „დონსკი ტაბაკის“ ანგარიშზე რუსეთის მთელი სიგარეტის წარმოების 10 პროცენტამდეა. სხვათა შორის, „დონსკი ტაბაკი“ რუსეთის ერთ-ერთი უძველესი ფაბრიკაა – დონის თამბაქოს ფაბრიკა ჯერ კიდევ 1857 წელს დააარსა ადგილობრივმა ვაჭარმა ასმოლოვმა.
2000 წლიდან შემცირებული გაყიდვების გასაზრდელად და ბიზნესის გადასარჩენად სავიდმა უცხოური ბრენდების გამოშვება გადაწყვიტა. 2005 წლიდან „დონსკი ტაბაკმა“ ბაზარზე სიგარეტის ორი ახალი მარკა გამოუშვა – „კონტინენტი“ და „კისი“, რომლებიც ბრიტანული ფირმის, „ინოვეიშნ ტობაკო კომპანის“ ლიცენზიით გამოვიდა. გაჩნდა, ეჭვი, რომ გაურკვეველი წარმოშობის ბრიტანული კომპანია, რომელიც 2004 წელს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირდა, სავიდის უკავშირდებოდა და, აქედან გამომდინარე, ფინანსურ მაქინაციებშიც ადანაშაულებდნენ, მაგრამ ვერაფრის დამტკიცება ვერ შეძლეს.
სავიდიმ 2000-იანი წლებიდან არაპროფილურ ბიზნესში დაიწყო ფულის დაბანდება. 2000 წელს „დონსკი ტაბაკმა“ მეფრინველეობის ფაბრიკა, „დონი 25-ის“ 19 პროცენტი შეისყიდა, შემდეგ კი – „დონბასხლების“ 5 პროცენტი. მანვე შეიძინა ხორცის გადამამუშავებელი საწარმო „ტავრის“ საკონტროლო პაკეტი და საკონსერვო ქარხანა „ბაგაევსკის“ აქციების 75 პროცენტი. 2004 წლიდან ჰოლდინგი „დონსკი ტაბაკი“ ღია სააქციო საზოგადოებად – „ჯგუფ აგროკომად“ გარდაიქმნა. ამჟამად „აგროკომის“ მოღვაწეობის მთავარი მიმართულებებია: თამბაქოს წარმოება („დონსკი ტაბაკი“) და ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები (როსტოვის ძეხვის ქარხანა „ტავრი“, ხორცის კომბინატი „როსტოვსკი“, ნოვოროსიისკისა და მოროზოვსკის ხორცის კომბინატები). „ჯგუფ აგროკომის“ აქტივებს შორისაა ასევე სავაჭრო ცენტრი „XXI ვეკ“ და სტადიონი „ოლიმპ XXI ვეკ“. „აგროკომის“ მთავარი შემადგენელი ნაწილი „დონსკი ტაბაკი“, კვლავ რჩება რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს თამბაქოს მწარმოებლად და დღესდღეობით 35 დასახელების სიგარეტს უშვებს, მათ შორის, ბრენდებს: „XXI ვეკ“, „დონსკი ტაბაკ“, „ნაშა მარკა“, „პრიმა დონა“ და სხვა.
2013 წელს ჟურნალმა ფორბსმა სავიდისი 30-ე უმდიდრეს რუს ბიზნესმენად დაასახელა.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1998 წელს ივანე სავიდი როსტოვის საკანონმდებლო კრების დეპუტატად აირჩიეს. 2003 წლის დასაწყისში ის ხელმეორედ აირჩიეს ამ საკანონმდებლო ორგანოს წევრად. 2003 წლის დეკემბერში რუსეთის მეოთხე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ხდება. 2004 წლიდან ის დუმის საბიუჯეტო და საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2007 წელს სავიდი განმეორებით აირჩიეს რუსეთის ახალი, მეხუთე მოწვევის დუმის დეპუტატად, სახელისუფლებო პარტია „ედინაია როსიადან“, ის იყო საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტისა და საპარლამენტო კომისიის წევრი, რომელიც საბერძნეთთან ურთიერთობების საკითხზე მუშაობდა. სავიდი რუსეთ-ბელარუსის საპარლამენტო კრების საგარეო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეც იყო.
საფეხბურთო მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამი წლის განმავლობაში, 2002-2005 წლებში, სავიდი საფეხბურთო კლუბ როსტოვის პრეზიდენტი იყო. მისი პრეზიდენტობის პერიოდში კლუბის ყველაზე დიდი მიღწევა აღმოჩნდა 2003 წელს რუსეთის თასის ფინალში გასვლა მოსკოვის სპარტაკთან, სადაც როსტოვი დამარცხდა, ამ პერიოდში კლუბში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა იასპარეზა: რატი ალექსიძემ, გოჩა ხოჯავამ, გია გრიგალავამ. 2006 წლის იანვარში სავიდი როსტოვის საფეხბურთო კლუბ სკას პრეზიდენტი გახდა, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, 2008 წლიდან ამ კლუბიდანაც წავიდა. თავად ამბობს, რომ როსტოვული კლუბების დაფინანსება მას სახელისუფლებო წრეებიდან სთხოვეს, რაზეც უარი ვერ თქვა და ამ სფეროში უანგაროდ აკეთებდა ყველაფერს.
2006 წელს ივან სავიდის თავის ისტორიულ სამშობლოში, საბერძნეთში, ცნობილი საფეხბურთო კლუბ პაოკის შეძენა სურდა, თუმცა, ეს ვერ შეძლო. თავად ძალიან გულდაწყვეტილი იყო, რომ რუსეთში მოღვაწე ოლიგარქს ბერძნებმა ადგილობრივი ბიზნესმენი არჩიეს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კლუბი პაოკი თურქეთიდან დევნილმა პონტოელმა ბერძნებმა შექმნეს და, ივან სავიდის წინაპრებიც თავის დროზე, სწორედ ამ თემის საცხოვრებელი არეალიდან განდევნის შედეგად აღმოჩნდნენ საქართველოში.
პაოკის უმთავრესი წილის მფლობელი ივან სავიდისი 2012 წელს მაინც გახდა. მან კლუბში დიდი ინვესტიცია ჩადო და პაოკი საბერძნეთში ტიტულების მთავარ პრედენდენტთა შორის დააბრუნა. 2013 და 2016 წელს გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი მოიპოვა, თუმცა ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვერ ახერხებდა, რადგან ოლიმპიაკოსი სხვა გუნდებს ბევრად აღემატებოდა. კლუბმა ჩემპიონატის პარალელურად საბერძნეთის თასზეც მიაღწია წარმატებას, როდესაც 2014 წელს ფინალში იასპარეზა, 2017 წელს კი გამარჯვება მოახერხა, რაც კლუბისთვის პირველი ტიტული იყო 2003 წლიდან.
2017-18 წლების სეზონში მცირე ჩავარდნა დაეწყო ქვეყნის ლამის უცვლელ ჩემპიონ ოლიმპიაკოსს, რის შემდეგაც ბრძოლა პირველი ადგილისთვის აეკ-სა და პაოკ-ს შორის წარიმართა, ჩემპიონატის 25-ე ტურში ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები ხვდებოდნენ, მატჩი მას შემდეგ შეწყდა, რაც 90-ე წუთზე აეკის კარში გატანილი გოლი, თამაშის არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა და ამას არეულობა მოყვა. არ ჩათვლილი გოლის შემდეგ მოედანზე ივან სავიდისი იარაღით შეიჭრა და არბიტრს დაემუქრა. ინციდენტის გამო სავიდისს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება 3 წლით აეკრძალა და ამას პლიუს 100 ათასი ევროს ოდენობით დაჯარიმდა. დასჯას ვერც კლუბი გადაურჩა, პაოკს მატჩის 3-0 წაგება ჩაუთვალეს, 3 ქულა დააკლეს და 63 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით დასაჯეს. სანქციების შედეგად კლუბმა აეკ-თან ჩემპიონობა დათმო, თუმცა თასის ფინალში, სადაც ასევე აეკ-ს ხვდებოდა, მოახერხა ძალების მობილიზება და გამარჯვება.
2018 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პაოკი მოსკოვის სპარტაკს შეხვდა და ორი მატჩის ჯამში ტურნირიდან გამოთიშა. მატჩის შემდეგ ივან სავიდმა განცხადა, რომ ძალიან უნდოდა სპარტაკის დამცირება და, რომ ეს გუნდი საბჭოთა პერიოდიდან ეზიზღებოდა, მისმა განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
2018-2019 წლების სეზონში სავიდისმა კლუბში დამატებითი ინვესტიცია განახორციელა და პაოკ-მა მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა ჩემპიონობის მოპოვება პრობლემების გარეშე მოახერხა და სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავარი გრანდი, ოლიმპიაკოსიც მთელი სეზონი მაღალ დონეზე თამაშობდა და ფეხდაფეხ მიჰყვებოდა სატურნირო ცხრილში, ეს პაოკ-ის მესამე საჩემპიონო ტიტული იყო, 1976 და 1985 წლების შემდეგ.
საზოგადო და საქველმოქმედო მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავიდი ე��ონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატია. დაჯილდოებულია რამდენიმე სახელმწიფო ჯილდოთი. მათ შორისაა მეორე ხარისხის ორდენი სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის, რომელიც მას როსტოვის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ერგო 1999 წელს. 2003 წელს მას რუსეთში ღირსების ორდენი მიანიჭეს. 2008 წელს სავიდიმ მეოთხე ხარისხის ორდენი მიიღო სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის, რუს და ბერძენ ხალხებს შორის მეგობრობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
სავიდი, გარდა ბიზნესისა და პოლიტიკისა, ქველმოქმედებითაცაა დაკავებული. მისი მთავარი მოწოდება ამ კუთხით, ეკლესიების მშენებლობაა. ის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწევა – რუსეთის ბერძნული ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტია.
ივანე სავიდიმ 2000 წელს საკუთარი სახელობის საქველმოქმედო ფონდი დააარსა. ის მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის როსტოვის ეპარქიასთან, აფინანსებს ბავშვთა სახლებს, პირადად მონაწილეობს მართლმადიდებლური სიწმიდეების აღდგენაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის როსტოვში წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში. მისი თაოსნობით აიგო სულიწმიდის სახელობის ეკლესია საბერძნეთში, დასახლება პროხომში. აღსანიშნავია, რომ ეს ეკლესია ზუსტი ასლია იმ ტაძრისა, რომელიც წალკის რაიონის სოფელ სანთაში დგას.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივან სავიდის მეუღლე, კირიაკი სავიდი, სოხუმელი ბერძენია. მათ ჰყავთ ორი ვაჟი – გეორგისი და ნიკოსი.
საქართველოსთან ურთიერთობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავიდი თავგამოდებით ამტკიცებს, რომ საქართველო მისი სამშობლოა, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში შეიფარა მისი ბერძენი წინაპრები და როგორც პიროვნება საქართველოში ჩამოყალიბდა, ჰყავდა ქართველი ბებია და ქართული ენაც კარგად იცის.
მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, სავიდი მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და საქართველოს მათი აღიარებისკენაც კი მოუწოდებს.
2009 წლის მაისში მან აფხაზეთში, ახალ ათონში, უძველესი მართლმადიდებლური სიწმინდე დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის ხატი ჩააბრძანა, რომელიც სვიმონ კანანელის სახელობის მონასტერში მოათავსეს. აღსანიშნავია, რომ სავიდის მიერ ორგანიზებულ ამ ღონისძიებას რუსეთის დუმის თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი და სხვა მაღალი რანგის რუსი პოლიტიკოსებიც დაესწრნენ.
„როგორც საქართველოში დაბადებული და რუსეთში მცხოვრები მართლმადიდებელი ბერძენი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერის შვილი პატივისცემას იმსახურებს. მჯერა, რომ კავკასია რუსეთის ინტერესების ზონად დარჩება. ჩემი წინაპრებიც დევნილები იყვნენ, მაგრამ ჩემს მშობლებს საქართველოში ცხოვრებისას ეს არასდროს უგრძნიათ. აუცილებელია კომპრომისის გამონახვა, თუ ხალხებს აღარ შეუძლიათ ერთად ცხოვრება“, – აცხადებს რუსეთის დუმის დეპუტატი. სავიდის თქმით, საბერძნეთის ის ნაწილი, რომელშიც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ, ოსმალებმა მეცხრამეტე საუკუნეში დაიკავეს. „სამი დღის განმავლობაში თურქებმა 15 ათას ბერძენს მხოლოდ იმიტომ მოჰკვეთეს ენები, რომ მათ მშობლიურ ენაზე არ ემეტყველათ. ოცდამეერთე საუკუნეში მსგავსი რამ მხოლოდ ცუდ მოგონებებად უნდა დარჩეს“, – აღნიშნავს იგი.