შინაარსზე გადასვლა

ედმუნდი (ლანკასტერის ერლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედმუნდ პლანტაგენეტი
წოდებები
ლანკასტერისა და ლეიცესტერის ერლი
დაიბადა 16 იანვარი, 1245
ლონდონი, ინგლისი
გარდაიცვალა 5 ივნისი, 1296, (51 წლის)
ბაიონი, საფრანგეთი
საგვარეულო პლანტაგენეტები
მეუღლე(ები) ეველინ დე ფორსი
(ქ. 1269 - გარდ. 1273)
ბლანშ არტუელი
(ქ. 1276)
შვილ(ებ)ი თომასი, ლანკასტერის ერლი
ჰენრი, ლანკასტერის ერლი
ჯონი, ბეფორტის ლორდი
მერი
მამა ჰენრი III, ინგლისის მეფე
დედა ელეანორ პროვანსელი
რელიგია კათოლიციზმი

ედმუნდ ზურგმოხრილი (ინგლ. Edmund Crouchback; დ. 16 იანვარი, 1245 — გ. 5 ივნისი, 1296) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი III-ისა და დედოფალ ელეანორ პროვანსელის ვაჟი. ლანკასტერისა და ლეიცესტერის პირველი ერლი. აქტიურად იყო ჩაბმული ჯვაროსნულ ლაშქრობებში.

ედმუნდი დაიბადა 1245 წლის 16 იანვარს ლონდონში. იგი იყო ინგლისის მეფე ჰენრი III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელეანორ პროვანსელის უმცროსი ვაჟი.

1253 წელს, რომის პაპმა ინოკენტი IV-მ გამოთქვა ინიციატივა, რომ ედმუნდი სიცილიის მეფედ და პუატუს გრაფად დაესვათ, თუმცა საბოლოოდ მისი მცირეწლოვანების გამო მოლაპარაკებები ჩაიშალა. ამის სანაცვლოდ მას ჩესტერის ერლის ტიტული მიენიჭა. მას ეს წოდება მალევე ჩამოერთვა, რადგანაც სიცილიისა და გერმანიის მეფე კონრად IV გარდაიცვალა, რის გამოც თავიდან დაიწყო ტახტისათვის ბრძოლა, ეს წოდება კი მის უფროს ძმას, ედუარდს გადაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ მან ვერასდროს მოახერხა სიცილიაში გამეფება, 1265 წელს ბიძის, სიმონ დე მონფორის დაღუპვის შემდეგ მან მემკვიდრეობით მიიღო ლეიცესტერისა და ლანკასტერის ერლობა. 1267 წლიდან მან დიდი ადგილ-მამულები მიიღო უელსში, რასაც იქაურ დიდებულებთან დაპირისპირება მოჰყვა.

1271 წელს იგი თავის უფროს ძმასთან, ედუარდთან ერთად პალესტინაში იმყოფებოდა და მონაწილეობდა მეცხრე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ მიიღო მან თავისი მეტსახელი „ზურგმოხრილი“.

წმინდა მიწიდან დაბრუნების შემდეგ ედმუნდის რეზიდენციად გროსმონტის სასახლე იქცა, სადაც დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაატარა. სწორედ ამ ადგილას, 1281 წელს დაიბადა მისი ვაჟი ჰენრი, რომლის შვილთაშვილიც იყო ინგლისის მომავალი მეფ��� ჰენრი IV.

რამდენიმე წელიწადში ედმუნდი პლანტაგენეტების სამეფო არმიის მთავარსარდლად დაინიშნა და თავისი დომენის გასაზრდელად ალყა შემოარტყა ქალაქ ბორდოს, თუმცა დამარცხდა. იგივე განმეორდა გიენის სხვა ქალაქებშიც. საბოლოოდ მან თავი ქალაქ ბაიონს შეაფარა საფრანგეთის სამხრეთში, ესპანეთის საზღვართან ახლოს. იგი სწორედ აქ, 1296 წლის 5 ივნისს გარდაიცვალა 51 წლის ასაკში. მისი ნეშტი გადაასვენეს და დაკრძალეს ინგლისში, უესტმინსტერის სააბატოში.

ქორწინება და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1269 წლის 8 აპრილს ედმუნდი პირველად დაქორწინდა ალბემარლის ერლ უილიამ დე ფორსისა და დევონის გრაფინია იზაბელა დე ფორტიბუსის ქალიშვილ ეველინ დე ფორსზე. ქორწინებიდან ოთხ წელიწადში, 15 წლის ასაკში ეველინი გარდაიცვალა. მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზად გართულებულ მშობიარობას, ან ფეხმძიმობის შეწყვეტის შედეგად გამოწვეულ დაზიანებებს ასახელებენ.

1276 წლის 3 თებერვალს იგი მეორედ დაქორწინდა ნავარის მეფე ანრი I-ის ქვრივ ბლანშ არტუელზე, რომელიც იყო არტუას გრაფ რობერ I-ისა და მატილდა ბრაბანტელის ქალიშვილი. ამ ქორწინებით ედმუნდის გერი გახდა საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი ჟანა I. მასა და ბლანშს სულ ოთხი საერთო შვილი ჰყავდათ:

  1. თომასი (1278-1322), ლანკასტერისა და ლეიცესტერის ერლი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ჰენრი (1281-1345), ლანკასტერისა და ლეიცესტერის ერლი, ცოლად შეირთო მაუდ ჩაუორთი, რომელთა შვილთაშვილიც იყო ინგლისის მეფე ჰენრი IV;
  3. მერი (1284), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. ჯონი (1286-1317), ბეფორტის ლორდი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Edmund, Earl of Lancaster" . Encyclopædia Britannica. 8 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 948–949.
  • Simon Lloyd, "Edmund , first earl of Lancaster and first earl of Leicester (1245–1296)", Oxford Dictionary of National Biography (Oxford University Press, 2004; online edition, January 2008).
  • Runciman, Steven (1958). The Sicilian Vespers. Cambridge: Cambridge University Press. pp. 59–63.
  • Baines, Edward and Harland, John. The History of the County Palatine and Duchy of Lancaster, G. Routledge and Sons, 1868
  • Rothero, Christopher (1984). The Scottish and Welsh Wars 1250–1400. Osprey Publishing. p. 32.
  • Heylin, Peter (1652). Cosmographie. p. 110. Retrieved 7 January 2019.
  • "Fourteenth century England" vol. VII, p.137.
  • Morris, Mark (2015). ""Chapter 9"". A Great and Terrible King: Edward I and the Forging of Britain.