ცოტნე დადიანი
ცოტნე დადიანი | |
---|---|
ცოტნე დადიანის ხატი სვეტიცხოველში | |
დაიბადა | საქართველოს სამეფო |
გარდაიცვალა | 1260 |
წმინდანად შერაცხვა | 1999 წლის 26 ოქტომბერი |
შვილ(ებ)ი | გიორგი I დადიანი[1] |
ცოტნე დადიანი (დაბადების წელი უცნობია — გ. დაახლოებით 1260) — საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის I ნახევარში.
ცოტნე დადიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი წყაროა „ქართლის ცხოვრებაში“ შესული „ჟამთააღმწერელის“ სახელით ცნობილი ავტორის ისტორიული თხზულება, რომელიც XIV საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება. იგივე წყარო იხსენიებს ასევე ცოტნეს თანამედროვე ბედან ჯუანშერის ძე დადიანს, რომელიც ცნობილია ასევე მარტვილისა და ხობის ხატების წარწერებიდან, როგორც მანდატურთუხუცესი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ცოტნე და ბედან დადიანი ერთი პიროვნებაა, ბედანი კი დადიანთა ზედწოდების ბედიანის სახეცვლილი ფორმაა. აღნიშნული წარწერებით ცნობილია ასევე დადიანის მეუღლე ხუაშაქი, ბეგა ქართლის ერისთავის ქალიშვილი, და მათი შვილები: გიორგი, ივანე და ერაშაჰრი.
„ჟამთააღმწერელის“ ცოტნე გაიგივებულია ასევე ხობის მონასტრის ეგვტერის სამხრეთ კედლის ფრესკაზე ბავშვობის ასაკში გამოსახულ ცოტნესთან. აქვეა ცოტნეს მამის შერგილისა და დედის ნათელის გამოსახულებები. იგივე პიროვნებები (ერისთავთერისთავი დადიანი შერგირი, ნათელი და ცოტნე) მოხსენიებულია თამარის ჯვრისთვის დამზადებული ხატის წარწერიდან. მანდატურთუხუცესი ცოტნე დადიანი ცნობილია ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში, რომელთაგან ერთ-ერთი აწესებს მის აღაპს 12 ივნისისთვის.
„ჟამთააღმწერელის“ მიხედვით ცოტნე დადიანი მონაწილეობდა ხვარაზმელთა წინააღმდეგ გამართულ ბოლნის���ს ბრძოლაში 1228 წელს. შემდგომში ის რუსუდანის ძის დავით ნარინის მხარდამჭერთა შორის ჩანს. უმეფობის ხანაში მონღოლებმა რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად ცოტნე დადიანი დანიშნეს.[2] მონაწილეობდა მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ კოხტასთავის შეთქმულებაში 1245 წელს. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, მისი მონაწილეები დააპატიმრეს და ანისში მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა დასავლეთ საქართველოში).[3] ანისში დაპატიმრებული ქართველი დიდებულები აჯანყების გეგმას უარყოფდნენ და კოხტასთავს შეკრებას მონღოლთათვის ხარკის შეგროვების მოწესრიგების მიზეზით ხსნიდნენ. გამოტეხის მიზნით მათ ხელ-ფეხი შეუკრეს, გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მზეზე დაყარეს. როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლეების ხვედრი — ტანზე გაიხადა და მეგობრებთან ერთად დაჯდა.[4] ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველანი გაათავისუფლეს.
1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის ცოტნე დადიანი უკვე გარდაცვლილი იყო.[2]
1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა. ცოტნე დადიანის ხსენების დღეა 30 ივლისი (ძვ. სტ.).[5]
ცოტნე დადიანის სახელობისაა უფსკრული საქართველოში.[6] თბილისში არის ცოტნე დადიანის ქუჩა.[7]
სქოლიო
- ↑ Pas L. v. Genealogics — 2003.
- ↑ 2.0 2.1 წმიდა ცოტნე დადიანი - საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი
- ↑ ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 330.
- ↑ სტატიიდან კოხტასთავის შეთქმულება, კიკნაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 10.
- ↑ წმინდა ცოტნე დადიანი აღმსარებელი
- ↑ ტინტილოზოვი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 241.
- ↑ საქართველოს ცნობარი. თბილისის ქუჩები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-08. ციტირების თარიღი: 2014-02-04.
|