შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი
Azərbaycan Respublikasının Mərkəzi Bankı
ზოგადი მონაცემები
ადგილმდებარეობა აზერბაიჯანის დროშა ბაქო, აზერბაიჯანი
კოორდინატები 40°22′43″ ჩ. გ. 49°50′43″ ა. გ. / 40.37861° ჩ. გ. 49.84528° ა. გ. / 40.37861; 49.84528
დაარსების თარიღი 11 თებერვალი, 1992
პრეზიდენტი
(თავმჯდომარე)
ელმან რუსტამოვი
ცენტრალური ბანკი აზერბაიჯანში
ფულის ერთეული აზერბაიჯანული მანათი (AZN)
საიტი www.cbar.az

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი (აზერ. Azərbaycan Respublikasının Mərkəzi Bankı) — ცენტრალური ბანკი აზერბაიჯანში. წარმოადგენს საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის ორგანოს. სათავო ოფისი მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ ბაქოში.

1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თავდაპირველად მუშაობას კვლავ რუსეთის სახელმწიფო ბანკის განყოფილება აგრძელებდა. 1919 წლის 16 სექტემბერს მიიღეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ბანკის დადგენილება, ხოლო იმავე წლის 30 სექტემბერს ბანკმა თავისი საქმიანობა დაიწყო.

1920 წელს აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ფინანსურ-საკრედიტო სისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1920 წლის 31 მაისს აზერბაიჯანის სახელმწიფო ბანკს სახელი შეეცვალა და აზერბაიჯანის სახალხო ბანკი ეწოდა. განხორციელდა ყველა ბანკისა და საკრედიტო ორგანიზაციის ნაციონალიზაცია და მათი სახალხო ბანკთან შეერთება. საბანკო საქმე სახელმწიფო მონოპოლიაში გადავიდა. „სამხედრო კომუნიზმის“ პირობებში ბანკის ერთადერთი ფუნქცია ქაღალდის ფულის ემისია იყო. რადგან არ არსებობდა საბანკო სისტემის აუცილებლობა, რევკომის 1920 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით, ბანკის ფუნქციები ცენტრალურ საბიუჯეტო სამმართველოს გადაეცა.

1921 წელს ახალი ეკონომიკური პოლიტიკის დაწყებით საბანკო სისტემის აღდგენის აუცილებლობა გახდა საჭირო. აზერბაიჯანის საბჭოთა სახალხო კომიტეტის 1921 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო ბანკი.

ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შექმნის შემდეგ სამივე რესპუბლიკის ვალუტა გაერთიანდა და ფინანსური სისტემების კონსოლიდაციის შედეგად აზერბაიჯანის სახელმწიფო ბანკმა დაკარგა ცენტრალური ბანკის როლი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო კომისარიატის საბჭოს 1923 წლის 3 ივლისის დადგენილებით მას ეწოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკი.

1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანმა აღადგინა თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. საბანკო სისტემის ჩამოყალიბებისთვის სამართლებრივი საფუძველი დაარსდა, მათ შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის აღდგენისთვისაც.

1991 წლის 25 მაისს მიღებულ იქნა კონსტიტუციური კანონი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური დამოუკიდებლობის საფუძვლების შესახებ“, რომლის მე -14 მუხლმა დაადგინა  დამოუკიდებელი საბანკო სისტემის იურიდიული საფუძველი და აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტის ბრუნვა, ასევე განისაზღვრა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის სტატუსი და უფლებამოსილებები. ამ კონსტიტუციური კანონის თანახმად, 1992 წლის 11 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ეროვნული ბანკის დაფუძნების შესახებ სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის ინსტიტუტების, ინდუსტრიული სამშენებლო ბანკისა და აგროპრომბანკის ბაზაზე.

2009 წელს ბანკს ეწოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი[1].

ფაილი:Central Bank of Azerbaijan.png
აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის შენობა. ბაქო

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მიერ დაფუძნდა ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც ებრძვის ყველანაირ დესტრუქციულ ქმედებას, როგორიცაა კრიმინალურად მიღებული ფულისა და ქონების ლეგალიზაცია, ტერორიზმის დაფინანსება და ა.შ. მოცემული სამსახური შეიქმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2009 წლის 24 თებერვლის ბრძანების თანახმად[2].

2004 წლის 10 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, ცენტრალური ბანკის მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა მისი უფლებამოსილების ფარგლებში. ცენტრალური ბანკის მიზანია აგრეთვე უზრუნველყოს გადახდის სისტემებისა და საბანკო საქმიანობის სტაბილურობა და განვითარება[3].

ცენტრალური ბანკის მთავარი ფუნქციებია განსაზღვროს და ახორციელოს ქვეყნის ფულადი და სავალუტო პოლიტიკა; აწარმოოს ფულადი მიმოქცევა;  რეგულარულად განსაზღვროს და გამოაცხადოს მანათის ოფიციალური გაცვლითი კურსი; უზრუნველყოს სავალუტო რეგულირებას და კონტროლს კანონის შესაბამისად; მართოს ოქროსა და სავალუტო რეზერვები; მოამზადოს საგადამხდელო ბალანსი და მონაწილეობა მიიღოს გადასახადების საპროგნოზო ბალანსის შედგენაში; არეგულიროს საბანკო ოპერაციები და უზრუნველყოს საბანკო ზედამხედველობა კანონის შესაბამისად; განსაზღვროს, კოორდინირება გაუწიოს და არეგულიროს გადახდის სისტემების ფუნქციონირება და გააკონტროლოს ისინი კანონის შესაბამისად.

ორგანიზაციული სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური ბანკის საორგანიზაციო სტრუქტურა მოიცავს საბჭოს, ცენტრალურ ოფისსა და რეგიონულ ოფისებს. ცენტრალური ბანკის ცენტრალური აპარატი შედგება შიდა აუდიტისა და ბანკის საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან. ცენტრალური ბანკი მართავს ბანკის გამგეობას. საბჭო შედგება 7 წევრისაგან: თავმჯდომარე, ცენტრალური ბანკის მუდმივ ბაზაზე მომუშავე ოთხი წევრი და ორი გარე წევრი. საბჭოს წევრები ინიშნებიან 5 წლის ვადით. ცენტრალური ბანკი ანგარიშვალდებულია მხოლოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან[4].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Central Bank of Azerbaijan დაარქივებული 2018-09-27 საიტზე Wayback Machine. - ოფიციალური ვებ-გვერდი
  2. Центральный банк Азербайджана продолжает работу. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-29. ციტირების თარიღი: 2018-10-30.
  3. AMB haqqında Qanun - ოფიციალური ვებ-გვერდი (აზერბაიჯანული)
  4. Organizational structure. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: 2018-10-30.