შინაარსზე გადასვლა

ჰოგვორტსის პერსონალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰოგვორტსის პერსონალიჯოან როულინგის მიერ შექმნილი ჰარი პოტერის რომანების სერიაში აღწერილი ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის მასწავლებლები.

მინერვა მაკ-გონაგელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინერვა მაკგონაგელიჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის ტრანსფიგურაციის მასწავლებელი და ამავდროულად გრიფინდორის კლუბის ხელმძღვანელი. საკმაოდ მკაცრი, თავდაჯერებული და ნიჭიერი პიროვნება. ალბუს დამბლდორის მარჯვენა ხელი და მისი დროებითი შემცვლელი გარდაცვალების შემდეგ. იგი მაგიის სამინისტროს მიერ ფიქსირებულ ანიმაგუსთა შორისაა (შეუძლია კატად გადაქცევა). მისი პატრონუსი არის კატა, რომელსაც თვალების ირგვლივ თეთრი სათვალის მსგავსი რგოლები აქვს. პირველ კურსზე სწორედ მან შეამჩნია ჰარი პოტერის მამისაგან ქვიდიჩის მოთამაშის გამოყოლილი ნიჭი და დანიშნა იგი გრიფინდორის ქვიდიჩის კლუბის სიკერად. პირველი მფრინავი ცოცხი ჰარის სწორედ მაკგონაგელმა აჩუქა (ნიმბუს 2000, იმ პერიოდისათვის ყველაზე სწრაფი ცოცხი). მაკგონაგელის ხელმძღვანელობით ყოველ წელს ტარდებოდა ჰოგვორტსის სტუდენტების განაწილება ფაკულტეტებზე.

მაკგონაგელი დაიბადა 1935 წლის 4 ოქტომბერს შოტლანდიაში. სწავლობდა ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში 1947-1954 წლებში, გრიფინდორის კლუბში. ორი წლის განმავლობაში მუშაობდა მაგიის სამინისტროში, შემდეგ კი დაიწყო მუშაობა ჰოგვორტსში. მაკგონაგელი იყო ფენიქსის ორდენის წევრი. 1998 წელს, მეორე მაგიური ომის შემდეგ, ის დირექტორი გახდა, ხოლო 2000-იანი წლების ბოლოს დატოვა ეს თანამდებობა სიბერის გამო.

ფილიუს ფლიტვიკიჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის შელოცვების მასწავლებელი და რეივენქლოს კლუბის ხელმძღვანელი. პროფესორი ფლიტვიკი არაბუნებრივად დაბალია, რადგან გობლინი წინაპარი ჰყავდა. მისი ბოგარტი იყო ვოლდემორი.

ფლიტვიკი დაიბადა ბრიტანეთში ან ირლანდიაში 17 ოქტომბერს (წელი უცნობია). ის სწავლობდა ჰოგვორტსში, რეივენქლოს კლუბში. სწავლის დასრულების შემდეგ გახდა შელოცვების მასწავლებელი და კლუბის ხელმძღვანელი. იგი დაუპირისპირდა ვოლდემორს პირველ და მეორე მაგიურ ომებში. ახალგაზრდობაში იგი იყო ორთაბრძოლების ჩემპიონი და მეორე მაგიურ ომში მრავალი სიკვდილის მხვრელი დაამარცხა ორთაბრძოლაში, მათ შორის იექსლი და დოლოჰოვი.

პომონა სპრაუტი — ჰერბოლოგიის მასწავლებელი და ჰაფლპაფის კლუბის ხელმძღვანელი.

პომონა სპრაუტი დაიბადა 1931 ან 1941 წლის 15 მაისს დიდ ბრიტანეთში ან ირლანდიაში. სწავლობდა ჰაფლპაფის კლუბში. იგი გამოირჩეოდა შესაძლებლობებით არა მარტო ჰერბოლოგიაში, არამედ შელოცვებსა და ტრანსფიგურაციაშიც. პროფესორი სპრაუტი მასწავლებელი სავარაუდოდ 1950-იან წლებში გახდა. მან სკოლა 2014 წელს დატოვა. იგი შეცვალა მისმა ერთ-ერთმა საუკეთესო მოსწავლემ, ნევილ ლონგბოტომმა.

სევერუს სნეიპი — შხამ-წამლების ოსტატი და სლიზერინის კლუბის ხელმძღვანელი. შემდეგში - ბნელი ძალებისაგან თავდაცვის პროფესორი და დირექტორი. სწავლისას იგი ცნობილი გახდა ბნელი ძალებისა და საშიში შელოცვებისადმი ინტერესით. ჯერ კიდევ სწავლის დასრულებამდე გამოიგონა უამრავი შელოცვა. სნეიპი სრულწლოვანიც არ იყო, როდესაც აღმოაჩინა შხამ-წამლების მომზადების ჩვეულებრივზე გაცილებით უკეთესი მეთოდები. იგი არ ეთანხმებოდა სტანდარტულ წესებს და ცდილობდა, აღმოეჩინა საშუალებები უფრო კარგი შედეგის მისაღებად. წიგნის მეექვსე ნაწილში ჰარი პოტერს შემთხვევით ჩაუვარდება ხელში სნეიპის შხამ-წამლების სახელმძღვანელო. ჰარი მიჰყვება სევერუსის მიერ წიგნში ჩაწერილ რჩევებს და იღებს საოცარ შედეგს, რის გამოც შხამ-წამლების იმჟამინდელი მასწავლებლის, ჰორაციუს სლაგჰორნის ფავორიტი ხდება. თავად სნეიპი სლაგჰორნის შექმნილი კლუბის წევრი იყო სწავლის პერიოდში.

სევერუს სნეიპი 1960 წლის 9 იანვარს დაიბადა ობობას ჩიხში, ინგლისში. დედამისი, ეილინ პრინცი, ჯადოქარი იყო, მამა - ტობიას სნეიპი - მაგლი. ჰოგვორტსში სწავლის დამთავრების შემდეგ იგი სიკვდილის მხვრელთა რიგებს შეუერთდა. 1980 წლის დასაწყისში მან სოფელ ჰოგსმიდში მოისმინა სიბილ ტრელოუნის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველების ნაწილი. ამ წინასწარმეტყველების მიხედვით წლის მეშვიდე თვეს დაიბადებოდა ბავშვი, რომელსაც ვოლდემორი აღბეჭდავდა თანასწორად. "ვერც ერთი მათგანი ვერ პოვებს სიმშვიდეს, სანამ ცოცხალი იქნება მეორე" - ნათქვამი იყო წინასწარმეტყველების ბოლოს. სნეიპმა ვოლდემორს წინასწარმეტყველების ის ნაწილი შეატყობინა, რომლის მოსმენაც მოახერხა. ვოლდემორმა თავის თანასწორად ჰარი პოტერი მიიჩნია და მისი მოკვლა გადაწყვიტა. ჰარის დედა, ლილი ევანზი, სნეიპს ბავშვობიდანვე უყვარდა და მისი სიკვდილის შიშით ალბუს დამბლდორს სთხოვა, გადაემალა პოტერების ოჯახი. ბნელმა ბატონმა პოტერებს გოდრიკის ღრმულში მიაკვლია მათი მეგობრის, პიტერ პეტიგრიუს ღალატის წყალობით და ლილი და ჯეიმზ პოტერები დახოცა. ლილის დაცვის წყალობით ჰარი სიკვდილს გადაურჩა. ამის შემდეგ სნეიპი გახდა დამბლდორის ჯაშუში. 1981 წელს იგი შხამ-წამლების მასწავლებელი გახდა. ვოლდემორის დაბრუნების შემდეგ პროფესორი სნეიპი ფენიქსის ორდენის წევრი გახდა, ამასთანავე, დაარწმუნა ვოლდემორი თავის ერთგულებაში და გახდა ორმაგი აგენტი. 1996-1997 წლებში სნეიპმა ბნელი ძალებისაგან თავდაცვის მასწავლებლის პოსტი დაიკავა, ხოლო ვოლდემორის მმართველობისას ��ირექტორი გახდა. სნეიპი 1998 წლის 2 მაისს ვოლდემორის ბრძანებით მოკლა ნაგინიმ.

კათბერტ ბინსი — მაგიის ისტორიის მასწავლებელი და ერთადერთი მასწავლებელი მოჩვენება ჰოგვორტსში. მისი დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია. ბინსი ღრმა სიბერეში გარდაიცვალა, შემდეგ კი მოჩვენებად დაბრუნდა და მაგიის ისტორიის სწავლება განაგრძო.

ჰორაციუს სლაგჰორნი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰორაციუს სლაგჰორნი — შხამ-წამლების მასწავლებელი და სლიზერინის თავმჯდომარე.

ჰორაციუს სლაგჰორნის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია, რომ ის ალბუს დამბლდორზე უმცროსია, ანუ დაიბადა 1881 წლის ზაფხულის შემდეგ. ჰოგვორტსში სწავლება პირველად 1920-იანი წლებიდან დაიწყო, 1981-ში კი შეწყვიტა. ამ პერიოდში სლაგჰორნი სლიზერინის კლუბის თავმჯდომარე გახდა. მან შექმნა "სლაგჰორნის კლუბი", სადაც პერიოდულად იყრიდნენ თავს მისი საუკეთესო მოსწავლეები. შემდეგში ეს მოსწავლეები ჯადოქრული საზოგადოებისათვის ცნობილები გახდნენ. მათ შორის იყვნენ ბარნაბას კაფი, დილის მისნის რედაქტორი; გვენოგ ჯონსი - ქვიდიჩის კლუბის, "ჰოლიჰედ ჰარპიების" კაპიტანი და ასე შემდეგ. კლუბის წევრი იყო ტომ რიდლიც, რომელსაც პროფესორი მაგიის მინისტრობას უწინასწარმეტყველებდა. 1996 წელს სლაგჰორნი დაუბრუნდა პოსტს პროფესორი დამბლდორის თხოვნით და "სლაგჰორნის კლუბი" განაახლა. 1997-ში იგი კვლავ გახდა სლიზერინის კლუბის თავმჯდომარე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]