შინაარსზე გადასვლა

მატილდა II ბულონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატილდა II ბულონელი
ბულონის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 1216
მმართ. დასასრული: 1259
წინამორბედი: იდა და რენოდი
მემკვიდრე: ადელაიდა
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 4 იანვარი, 1248
მმართ. დასასრული: 1253
წინამორბედი: მენსია ლოპეს დე არო
მემკვიდრე: ბეატრის კასტილიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1202
გარდ. თარიღი: იანვარი, 1259, (56-57 წლის)
მეუღლე: ფილიპ ურეპელი, კლერმონ-ენ-ბუვეს გრაფი
აფონსუ III, პორტუგალიის მეფე
შვილები: ჟანა, ნევერის გრაფინია
ალბერიკი, კლერმონის გრაფი
დინასტია: დამარტინები
მამა: რენოდი, დამარტინის გრაფი
დედა: იდა, ბულონის გრაფინია
რელიგია: კათოლიციზმი

მატილდა II ბულონელი (ფრანგ. Mathilde II de Boulogne, პორტ. Matilde II de Bolonha; დ. 1202 — გ. 1259) — ბულონის გრაფინია 1216-59 წლებში დედამისის მემკვიდრეობით. ინგლისის მეფე სტეფან I-ის შვილიშვილი. პორტუგალიის დედოფალი როგორც აფონსუ III-ის პირველი მეუღლე 1248 წლიდან განქორწინებამდე, ანუ 1253 წლამდე.

ადრეული წლები და პირველი ქორწინება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატილდა დაიბადა 1202 წელს ჩრდილო საფრანგეთში. იგი იყო დამარტინის გრაფ რენოდისა და მისი ცოლის, ბულონის გრაფინია იდას ასული. 1216 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ ბულონის გრაფინია გახდა მატილდა II-ის სახელით. 1223 წელს იგი ცოლად გაჰყვა კლერმონ-ენ-ბუვეს გრაფ ფილიპ ურეპელს, რომელიც იყო საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტის უკანონო ვაჟი. 1226 წელს, მას შემდეგ, რაც მეფე ლუი VIII გარდაიცვალა, ტახტზე მისი მცირეწლოვანი ვაჟი ლუი IX ავიდა, რომელსაც რეგენტად დედამისი, დედოფალი ბლანკა კასტილიელი დაენიშნა. გრაფი ფილიპ ურეპელი ყველანაირად ცდილობდა რძლისთვის რეგენტობა ჩამოერთმია, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ ფილიპ ურეპელი 1235 წელს გარდაიცვლალა, მატილდას კი მისგან ორი შვილი დარჩა.

მეორე ქორწინება და განქორწინება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქმრის გარდაცვალებიდან სამ წელიწადში, თავისი მემკვიდრეობისა და ვაჟის დასაცავად 1238 წელს მატილდა დაქორწინდა პორტუგალიის ინფანტ აფონსუზე, რომელიც იყო მეფე სანშუ II-ის უმცროსი ძმა. 1245 წელს სანშუს რომის პაპთან დიდი განხეთქილება მოუვიდა, რის გამოც პაპმა 1248 წელს იგი დაამხო და ტახტზე მისი ძმა აფონსუ III დასვა, რითაც მატილდა პორტუგალიის დედოფალი გახდა.

1253 წელს, უშვილობის გამო აფონსუ მატილდას გაეყარა. მართალია მატილდა უნაყოფო არ იყო და ეს დამტკიცებულიც იყო, მაგრამ აფონსუ მას მაინც გაეყარა. ამით მან დაკარგა დედოფლის სტატუსი და მშობლიურ საფრანგეთში გაემგზავრა. 1258 წელს აფონსუ მეორედ დაქორწინდა ბეატრის კასტილიელზე, ბედის ირონიით მას სწორედ მასთან შეეძინა შვილები.

დარჩენილი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განქორწინებული მატილდა შვილებთან ერთად დაბრუნდა ბულონში და თავის საგრაფოს მართავდა. როგორც ცნობილია, მასა და აფონსუს სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტიათ კონტაქტი.

მატილდამ თავისი ასული კავშირების მიზნით ნევ��რის გრაფზე დააქორწინა, თუმცა წყვილს შვილები არ ჰყოლია. მან თავისი ერთადერთი ვაჟი, ყველასათვის უცნობი მიზეზებით ინგლისში გაუშვა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. ზოგიერთი ვერსიით მან იგი საფრანგეთის მეფისგან იხსნა, რომელსაც მათი საგრაფოს ხელში ჩაგდება სურდა. მატილდა გარდაიცვალა 1259 წელს, 56-57 წლის ასაკში.

  • Barber, Malcolm (1992). The Two Cities: Medieval Europe 1050–1320. Routledge.
  • Livermore, H.V. (1947). A History of Portugal. Cambridge University Press.
  • Wood, Charles T. (1966). The French Apanages and the Capetian Monarchy: 1224-1328. Harvard University Press.