თესევსი
თესევსი, რომელიც კლავს მინოტავრს. ძვ. წ. 425—410, ესპანეთის არქეოლოგიური მუზეუმი, მადრიდი | |
წარმომავლობა | |
---|---|
ძველბერძნული მითოლოგიის გმირი, პოსეიდონის (ან ეგეოსისა) და ტროიძენის მეფის ქალიშვილ ეთრას ვაჟი. | |
იხ. აგრეთვე ბერძენ გმირთა პლეადა | |
თესევსი (ძვ. ბერძნ. Θησεύς) — ძველბერძნულ მითოლოგიაში ათენის მეფე, ტროიძენის მეფის პიტთევსის ასული ეთრას შვილი, სავარაუდოდ ეგეოსის ან პოსეიდონისგან, რომელთანაც ეთრას ერთი ღამე ეძინა. თესევსი ანტიკური მითების ერთ-ერთი ცენტრალური გმირი და უმთავრესი პერსონაჟია, პერსევსის, კადმოსისა და ჰერაკლეს გვერდით, და მათ მსგავსად ებრძოდა და დაამარცხა მტრები, რომლებიც არქაულ რელიგიასა და სოციალურ წყობასთან იყვნენ გაიგივებული.[1] როგორც ჰერაკლე იყო დორიელების გმირი, თესევსი იონიელების ფუძემდებელი გმირი იყო, რომელსაც ათენელები საკუთარ დიდ რეფორმატორად მიიჩნევენ. მისი სახელი მომდინარეობს იგივე ფესვებიდან, რაც θεσμός („თესმოს“), რაც ბერძნულად „ინსტიტუტს (დაწესებულება)“ ნიშნავს. ის იყო პასუხისმგებელი „სინოიკიზმის“ (თანაცხოვრება) — ატიკის პოლიტიკური გაერთიანება ათენის მმართველობის ქვეშ. როგორც გამაერთიანებელმა მეფემ, თესევსმა ააგო და ადგილი დაიმკვიდრა სასახლეში აკროპოლისის ციხე-სიმაგრეში, რომელიც მიკენაში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი სასახლის მსგავსი უნდა ყოფილიყო. სინეიციზმის შემდეგ მისი დაფუძნებული უნდა იყოს აფროდიტე პანდემოსის (აფროდიტა ყველა ხალხისთვის) და პეითოს კულტი.
„ბაყაყებში“ არისტოფანე თესევსს მიაწერს ათენელთა მრავალი ყოველდღიური ტრადიციის მოგონება-დაწესებას. თუ მინოელთა ჰეგემონიის თეორია[2] ჭეშმარიტია, თესევსის ლეგენდები უნდა ემყარებოდეს ათენელთა ამ პოლიტიკური წყობიდან გათავისუფლებას, ვიდრე ისტორიულ პიროვნებას.
პლუტარქეს თესევსის ბიოგრაფიაში მინოტავრის სიკვდილის, თესევსის თავის დაღწევისა და არიადნეს სიყვარულის აღწერის რამდენიმე განსხვავებული წყარო მოჰყავს, რათა მისი ლიტერალისტური ბიოგრაფია, „ვიტა“ ააწყოს.[3] პლუტარქეს წყაროები, რომელთა ნაწილი დამოუკიდებლად დღემდე შემორჩენილი არ არის, მოიცავს ფერეკიდეს (VI ს.), დემონს (დაახ. 300), ფილოქორუსსა და კლეიდემუსს (ორივე IV ს.).[4] თესევსი აგრეთვე ნახსენებია „ილიადასა“ (I 265) და „ოდისეაში“ (XI 323, 631). მიკენურ მითებში გვხვდება მისი სახელის ალტერნატიული დამწერლობა te-se-u (თესეუსი).[5]
თესევსის დაბადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერძნული მითოლოგია |
---|
|
|
|
ლეგენდა თესევსის მამად ათენის მეფე ეგეოსსაც ასახელებს და დიდ ღმერთ პოსეიდონსაც, რითიც მიგვანიშნებს მის ღვთაებრივ წარმომავლობაზე. ეგეოსი ატიკის პირველმოსახლის, ერეხთევსის, ჩამომავალი იყო. ის ათენს ხანგძლივად მართავდა და უბედნიერეს კაცად ითვლებოდა. მას მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა — უშვილობა. მან გადაწყვიტა დელფოს აპოლონის მისნისთვის ეკითხა, თუ რატომ არ უგზავნიდნენ ღმერთები შვილს. პითიამ მას ბუნდოვანი პასუხი გასცა: „ძლევამოსილო გმირო, რუმბის ბოლოს ნუ გახსნი, ათენელების საზღვარს ვიდრე არ გადალახავ.“ ეგეოსმა ამ სიტყვებში დაფარული საიდუმლო ვერ ამოიცნო და გადაწყვიტა არგოლისის ბრძენ განმგებელს, პიტთევსს სწვეოდა, რომლის სამეფო სასახლე ქალაქ ტროიძენში მდებარეობდა. პიტთევსმა იოლად განმარტა პითიას ნათქვამი: მისი თქმით, ეგეოსს შეეძინებოდა ვაჟი, რომელიც ათენის უპირველესი გმირის დიდებას მოიხვეჭდა.
არგოლის დიდმა მეფემ განიზრახა ტროიძენი ექცია სახელოვანი გმირების სამშობლოდ. ამიტომ მან დაათრო ეგეოსი და თავის ქალიშვილ ეთრას მიუწვინა. თუმცა ვიდრე ეგეოსს ეძინა, ეთრას ათენა მოელანდა, რომლის ნებითაც ქალწულმა მიატოვა ეგეოსი და კუნძულ სფერიაზე აღმოჩნდა. იქ მას მსხვერპლშეწირვის რიტუალი უნდა აღესრულებინა. ათენას წაქეზებით სწორედ აქ დაეუფლა მას პოსეიდონი. თუმცა პოსეიდონმა ღვთაებრივი დიდსულოვნებით დაუთმო ეგეოსს ეთრასგან ნაშობი ძის მამობის პატივი. როდესაც ეგეოსმა აღმოაჩინა, რომ ეთრას სარეცელს იზიარებდა, მიხვდა, რომ მისნობა სრულდებოდა და წასასვლელად გაემზადა. მას პანათენურ დღესასწაულში უნდა მიეღო მონაწილეობა. წასვლამდე ტროიძენთან მდებარე ერთ-ერთი კლდის ქვეშ თავისი მახვილი და სანდლები დატოვა და ეთრას დაუბარა, რომ როდესაც მისი ვაჟი წამოიზრდებოდა და კლდის გადაწევის უნარი ექნებოდა, გაეგზავნა იგი ათენში. მამა შვილს ამ მახვილითა და სანდლებით იოლად იცნობდა.
ეთრას ეყოლა ვაჟი, რომელსაც თესევსი უწოდეს (არსებობს ვერსია, რომ ეს სახელი მოგვიანებით შეარქვეს ათენში). ის ტროიძენში იზრდებოდა, სადაც პიტთევსი მის ღვთაებრივ წარმომავლობაზე ავრცელებდა ხმებს. მოხუცი და ბრძენი მეფე დიდად ზრუნავდა შვილიშვილის აღზრდა-განათლებაზე. უხაროდა, რადგან მისი აღზრდილი თანატოლებისგან გამოირჩეოდა სიმამაცითა და ახოვანებით.
დავაჟკაცებული თესევსი ეთრმა ერთ დღეს თავისთან მოიხმო და იმ კლდესთან მიიყვანა, სადაც მამამ მახვილი და სანდლები დაუტოვა. თესევსმა იოლად გადასწია კლდე, რომელსაც შემდეგ „თესევსის კლდე“ უწოდეს, აიღო მამის დატოვებული ნივთები და ათენისკენ გასწია. პიტთევსისა და ეთრას რჩევის მიუხედავად თესევსი ათენისკენ ზღვის ნაცვლად, ხმელეთით წავიდა. გმირმა ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება აირჩია, რადგანაც სურდა იმ დიად საქმეთა განმეორება, რომლებიც მისმა სათაყვანო გმირმა, ჰერაკლემ შეასრულა.
თესევსის გმირობანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თესევსისთვის რთული აღმოჩნდა ათენამდე გასავლელი გზა. იმ დროისთვის ყოველ ნაბიჯზე მგზავრის სიცოცხლე საფრთხთის ქვეშ დგებოდა. ბოროტმოქმედები, ავაზაკები და კიდევ მრავალი არსება, რომლებიც სხეულის ძალმოსილებით გამოირჩეოდნენ, დაღუპვას უქადდა ნებისმიერ გამვლელს. ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანები მხოლოდ იმიტომ განადიდებდნენ სამართლიანობასა და კაცთმოყვარეობას, რომ მხდალები იყვნენ და სხვისი ძლევის უნარი არ შესწევდათ. თვითონ ტკბებოდნენ აღვირახსნილობითა და სისხლისღვრით. თესევსმა განიზრახა, რომ ასეთი ადამიანებისაგან გაეწმინდა გზა ტროიძენიდან ათენამდე და ყველასთვის ჩადენილი ბოროტების ტოლფასი სასჯელი მიეზღო.
პერიფეტესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტროიძენისა და ეპიდავროსის საზღვარზე თესევსი გადაეყარა პერიფეტესს, მჭედლობის ღმერთის, ჰეფესტოს ავაზაკ ძეს, რომელიც ბუმბერზი იყო და მამასავით კოჭლობის მიუხედავად, ძლიერი და მრისხანეც. მას ჰქონდა რკინის კომბალი, რომლითაც ყოველ შემხვედრს კლავდა, ამის გამო მას „კაცკომბალასაც“ ეძახდნენ. თესევსმა იოლად მოახერხა მისი ძლევა და თავისივე იარაღით მოკლა იგი. გმირს ძალიან მოეწონა რკინის კომბალი და თან წაიღო.
სინისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოსთმოსზე, პოსეიდონისადმი მიძღვნილ ფიჭვის ჭალაში თესევსი შეხვდა ყაჩაღ სინისს. მას „პიტიოკამპტესსაც“ უწოდებდნენ, რაც ფიჭვის მზნექელს ნიშნავს, რადგან მას შეეძლო ფიჭვი ისე მოეზნიქა, რომ მისი წვეროები მიწას შეხებოდა. ის გამვლელს ამ საქმეში დახმარებას სთხოვდა, თუმცა მოულოდნელად განზე გადგებოდა. მოზნექილი ხე სწორდებოდა და მგზავრს მაღლა ისვრიდა, ისე რომ საბრალო ჰაერშივე კვდებოდა. ისეც ხდებოდა, რომ სინისი ორ ხეს მოხრიდა, შემდეგ მგზავრს ორივე კენწეროზე ხელებით მიაბამდა, ხეებს უშვებდა და გამობმული კაცი შუაზე იხლიჩებოდა. თესევსმა მასზე შური იძია და თავისივე ხერხით გამოასალმა სიცოცხლეს. გმირმა ჭალაში თვალი მოჰკრა მშვენიერ გოგონას, რომელიც ჭალაში მიიმალა. დიდხანს ძებნის შემდეგ, შემოესმა ვედრების ხმა. გოგონა ყვავილებს მფარველობას სთხოვდა და აღუთქვამდა, რომ მათ აღარასდროს მოწყვეტდა. თესევსი მას მიუახლოვდა და შეჰფიცა, რომ არაფერს ავნებდა. ეს გოგონა იყო პერიგუნე, სინისის ასული. მან თესევსს აპატია მამის მკვლელობა და სათანადო ჟამს უშვა ძე, სახელად მელანიპოსი.
სკირონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თესევსმა გზა განაგრძო და ქალაქ კრომიონს მიადგა, სადაც მძვინვარებდა გარეული ღორი, ტიფონისა და ექიდნეს საზარელი ნაშიერი. თესევსმა იოლად მოკლა გარეული ნადირი და გზა განაგრძო. ის მიადგა ქალაქ მეგარას. საზღვართან ცად აზიდული ციცაბო კლდე იდგა, რომელსაც ზღვის ტალღები ეხეთქებოდა. იქ ბინადრობდა ავაზაკი სკირონი. ის მგზავრებს იჭერდა და აიძულებდა მისთვის ფეხები დაებანათ. ამ დროს ის ფეხს აიქნევდა და მსხვერპლს ზღვის ტალღებს მისცემდა. სკირონმა იგივე დაუპირა თესევს, მაგრამ ჭაბუკმა დაასწრო და ზღვაში გადასტყორცნა.
კერკიონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ ელევსთან თესევსი ბუმბერაზ კერკიონს შეება. მძლეთამძლე კერკიონს მრავალი გაუგუდავს თავისი მკლავებით, თუმცა თესევსთან ვერაფერი გააწყო. ამ ორთაბრძოლას ქალღმერთი დემეტრეც ადევნებდა თვალს და ძალიან გაახარე იმ ფაქტმა, რომ თესევსმა ბუმბერაზი მიწაზე დაანარცხა და სული გააფრთხობინა. ჭაბუკს ძალასთან ერთად ჭკუაც უჭრიდა. მან საბრძოლო ხელოვნების ისეთი ხერხები მოიგონა, რომელსაც ვერავინ ხვდებოდა.
პროკრუსტე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე კეფისოსთან ცხოვრობდა ყაჩაღი დამასტესი, რომელსაც ზედმეტ სახელად პროკრუსტეს ანუ გამწელავს უწოდებდნენ. ის თავის მსხვერპლს სპეციალურ საწოლზე აწვენდა, რითიც მათ წელავდა. თუ კაცი მოკლე აღმოჩნდებოდა, წელავდა მანამ, ვიდრე ფეხებით საწოლის კიდეს არ მისწვდებოდა; გრძელს კი – ზედმეტ ნაწილს აჭრიდა. თესევსმა პროკრუსტეს თავისივე საწოლში ამოხადა სული.
ამით თესევსის გმირობები ათენისკენ მიმავალ გზაზე დასრულდა. მას არ სურდა ავაზაკთა სისხლით წაბილწულს შეებიჯებინა ათენში. მან ფიტალოსის ვაჟებს, რომლებიც მდინარე კეფისოსის ნაპირას ცხოვრობდნენ, დაავალა აღესრულებინათ მისი განწმენდის წესისგება მოწყალე ზევსის საკურთხეველთან. ფიტალიდებმა რიტუალის შემდეგ გზა დაულოცეს გმირს სამეფო სასახლისაკენ.
თესევსი ათენში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიდრე თესევსი ტროიძენში იზრდებოდა, ეგეოსმა იქორწინა კოლხ მედეაზე, რომელმაც აღუთქვა, რომ ჯადო-წამლებით ახალგაზრდობას დაუბრუნებდა. ხანდაზმული მეფე მას ყველაფერში ენდობოდა. თესევსი სასახლეში, რომ მივიდა არ გათქვა თავისი ვინაობა, უცხოელად წარდგა და ითხოვა მფარველობა. ეგეოსმა ვერ იცნო თავისი შვილი, სამაგიეროდ მედეა მიხვდა, რომ თესევსის დაბრუნების შემთხვევაში, მისი ძე მედოსი ტახტის მემკვიდრეობაზე უფლებებს კარგავდა. ამიტომ ეგეოსი დაარწმუნა, რომ უცხოელი დაქირავებული მკვლელი იყო და საჭირო იყო მისი მოკვლა. ეგეოსმა აპოლონის ტაძარში მიიწვია ნადიმზე თესევსი, სადაც ღვინით უნდა მოეწამლათ. თესევსი აპირებდა აპოლონის ტაძარში წარმდგარიყო მამის წინაშე, ამიტომ როდესაც ხორცი შემოიტანეს, ვითომ მის დასაჭრელად, იშიშვლა მახვილი. მოხუცმა მოისროლა საწამლავიანი თასი და საკუთარი შვილი გულში ჩაიკრა. სიხარულით მიიღეს ჭაბუკი ათენელებმა, რომლებმაც უკვე იცოდნენ მის მიერ აღსრულებული გმირობები. ეგეოსთან ერთად ზეიმობდა მთელი ქალაქი და თაყვანსა სცემდა მომავალ მეფეს.
პალანტიდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგეოსის ძმას, პალასს, ორმოცდაათი ვაჟი ჰყავდა. ის დიდი ხნის განმავლობაში, ვერ ითმენდა იმას, რომ ათენის ტახტზე მეფობდა არა კანონიერი, არამედ პანდიონის ნაშვილები ძე, რომელსაც ერიხთიდების მოდგმის არაფერი ეცხო. ახლა კი, როდესაც მისი მემკვიდრეც გამოჩნდა, პალანტიდები მიხვდნენ, რომ მშვიდობიანი გზით ვერასოდეს დაიბრუნებდნენ ტახტს და მისი ხელში ჩაგდება ბრძოლით გადაწყვიტეს. მამის წინამძღოლობით დაიძრნენ ისინი ქალაქისაკენ. მათ გაითვალისწინეს თესევსის ძალა და ორ ნაწილად გაიყვნენ. ერთი ნაწილი პირდაპირ იერიშზე უნდა გადასულიტო, ხოლო მეორე – ჩასაფრებულიყო და მოულოდნელი თავდასხმა განეხორციელებინა. ეს თესევსს აუწყა პალასის შიკრიკმა ლეოსმა. გმირმა ჯერ ჩასაფრებული პალანტიდები მოიმწყვდია ალყაში და ამოხოცა. შემდეგ კი დანარჩენებისკენ გაემართა, მაგრამ ქალაქის კედლებთან მისულებმა შეიტყვეს ეს ამბავი და შერცხვენილები გაიქცნენ. ამის შემდეგ ეგეოსისთვის ტახტის წართმევა არავის უცდია. მას საკუთარი ძე მფარველობდა.
მარათონის ხარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თესევსს მუდამ სურდა დიადი საქმეების აღსრულება და ხალხის კეთილგანწყობის დამსახურება. ამის გამო ის ათენიდან წავიდა, რათა ატიკის ველები გაეთავისუფლებინა ველური ხარისგან, რომელიც მარათონის შემოგარენს ანადგურებდა. ეს ხარი ევრისთევსმა ჩამოაყვანინა ჰერაკლეს, მაგრამ მის დანახვაზე ისე შეძრწუნდა, რომ ცხოველი ნებას მიუშვა და მას შემდეგ ამ მიწის განუშორებელ ბოროტებად იქცა. თესევსი მარათონთან შეხვდა მოხუც ქალს, ჰეკალეს, რომელმაც ურჩია მსხვერპლი შეეწირა ზევსისათვის. გმირმაც ყურად იღო ეს რჩევა და გზა განაგრძო. საბოლოოდ, მან მარათონის ხარი იპოვა და ორთაბრძოლისთვის მოემზადა. ხარი გმირისკენ დაიძრა, მაგრამ თესევსმა ის რქებით დაიჭირა, შებოჭა, მოათვინიერა და ათენისკენ ააღებინა გეზი. გზად ჰეკალესთან შეიარა, მაგრამ ის უკვე ცოცხალი აღარ იყო. თესევსმა ის დიდი პატივით დაკრძალა. ათენში ჩასულმა ხარი ღმერთ აპოლონს შესწირა მსხვერპლად.
თესევსი კრეტაზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაშინ როდესაც თესევსი ათენს ეწვია, ქალაქი ღრმა მწუხარებით იყო მოცული. კრეტიდან ჩამოსული მეფე მინოსის მოციქულები ჩამოსულიყვნენ და კუთვნილ ხარკს მოითხოვდნენ. უმძიმესი იყო ეს ხარკი: ათენელებს ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ კუნძულ კრეტაზე უნდა გაეგზავნათ შვიდი ქალწული და შვიდი ჭაბუკი, სადაც მათ მინოტავრი შთანთქავდა, საზარელი ხარკაცი. უკვე მესამედ იგზავნებოდა სულის შემძვრელი ხარკი. შავ აფრებიანი გემიც მზად იყო გასასვლელად.
როდესაც ეს თესევსმა ნახა, გადაწყვიტა სასოწარკვეთილი ხალხის დახმარება და მინოტავრის მოკვლა. ის კრეტაში ამ გემს გაჰყვა. თავიდან ეგეოსს ამ ჩანაფიქრის გაგონებაც არ სურდა, თუმცა თესევსმა მაინც გაიტანა. მან მსხვერპლი შესწირა აპოლონ დელფინიოსსა და სიყვარულის ღვთაება აფროდიტეს. თესევსი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთები დახმარების ხელს გაუწვდიდნენ, ამიტომ მან ეგეოსის მიერ ნაბოძები თეთრი აფრა თანწაიღო, რათა გამარჯვების ნიშნად უკან დაბრუნებისას გაეშალა.
ხომალდი კრეტის ნაპირებს მიადგა. ათენელები მეფე მინოსს მიჰგვარეს. მეფეს ერთ-ერთი გოგონა მოეწონა და მასთან გამიჯნურობა მოიწადინა, მაგრამ თესევსი მას გამოექომაგა და განაცხადა, რომ მისი, როგორც პოსეიდონის ძის ვალი იყო ქალწულთა დაცვა, რაზედაც მინოსს გაეცინა. მას არასოდეს გაეგო, რომ პოსეიდონი რჩეულ გოგონებს მფარველობდა. ამისდა მიუხედავად თესევსს შანსი მისცა დაემტკიცებინა, რომ ის მართლა ზღვის მეუფის შვილი იყო. მან თითიდან სამეფო ბეჭედი მოიძრო, ზღვაში გადააგდო და თესევსს მისი ამოტანა მოსთხოვა. მათ ირგვლივ ბევრ ხალხს მოეყარა თავა, მათშორის იყო მინოსის ასული არიადნე, რომელსაც პირველივე დანახვაზე შეუყვარდა თესევსი. ის ძალიან შეაძრწუნა მამამისის საქციელმა. თესევსი კი საერთოდ არ შემკრთალა და უშფოთველად გადაეშვა ზვირთებში. მას ღმერთმა ტრიტონმა ჩაავლო ხელი და პოსეიდონის სასახლეში მიიყვანა. პოსეიდონმა საკუთარ შვილს ბეჭედი მისცა, ხოლო მისმა ცოლმა ამფიტრიტემ კი თავზე ოქროს გვირგვინი დაადგა. ტრიტონმა მეორეჯერაც ჩაავლო ხელი თესევსს და ზღვიდან ამოიყვანა. არიადნეს ძალიან გაუხარდა მისი დაბრუნება, მასთან მივიდა და ჩუმად უთხრა, რომ თუ ის ცოლად შეირთავდა, მინოტავრს დაამარცხებინებდა. სიხარულით მიღო ეს წინადადება თესევსმა და შეჰფიცა, რომ აუცილებლად იქორწინებდა მასზე.
მინოტავრი ცხოვრობდა ლაბირინთში, რომელიც ცნობილმა ხელოვანმა დედალოსმა ააგო. არავის შეეძლო ამ ლაბირინთიდან გამოსვლა. დედალოსმა, რომელიც კრეტას ტოვებდა, არიადნეს დაუტოვა ჯადოსნური ძაფის გორგალი და მისი ხმარებაც ასწავლა. არიადნემ თესევსს ბასრ ხმალთან ერთად ეს გორგალიც მისცა და დაარიგა, რომ მისი ერთი ბოლო ლაბირინთის შესასვლელში გამოება. გორგალი თავისით გაგორდებოდა და მინოტავრთან მიიყვანდა. უკანა გზაზე გმირს ძაფი ისევ უნდა დაეგორგლა.
თესევსი, სხვა განწირულ ათენელებთან ერთად შეიყვანეს ლაბირინთში. მან ძაფის ერთი ბოლო კარის წირთხლს გამოაბა და გორგალს გაჰყვა. საბოლოოდ ბნელ დერეფანში ი��ოვა მინოტავრი. ხარკაცი შემზარავი ღრიალით გამოექანა გმირისკენ, თავი დახარა და უზარმაზარი რქებით ეძგერა. მინოტავრმა კიდევ რამდენიმეჯერ სცადა გმირის მოკვლა, მაგრამ თესევსმა მას მაინც აჯობა და მკერდში ჩასცა არიადნეს მიერ ნაბოძები მახვილი. სწრაფადვე დაბრუნდა უკან და ათენელებთან ერთად გამოვიდა ლაბირინთიდან. ყველა ხარობდა, მაგრამ თესევსს მინოსის რისხვის მაინც ეშინოდა, ამიტომ ის სანაპიროსკენ წავიდა, ყველა კრეტულ ხომალდს ძირი გამოუმტვრია და არიადნესთან ერთად მშობლიური ნაპირისაკენ აიღო გეზი. ისინი შესასვენებლად გაჩერდნენ კუნძულ ნაქსოსზე, სადაც თესევსს დაესიზმრა ღვინის ღვთაება დიონისე და აუწყა, რომ ღმერთებს სურდათ არიადნეს დიონისეზე დაქორწინება. თესევსი გამოფხიზლდა და გულნატკენი განერიდა კუნძულს. დიონისემ და მისმა მხლებლებმა წაიყვანეს არიადნე, რომელიც შემდეგ დიდი ღმერთის მეუღლე გახდა.
ათენის ტახტზე აღზევება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თესევსის ხომალდი კი სწრაფად მიაპობდა ტალღებს და ატიკის ნაპირებსაც მალე მიუახლოვდნენ. არიადნეს მიტოვებით დამწუხრებულ გმირს დაავიწყდა თეთრი აფრების შავებით შეცვლა. ეგეოსი მაღალ კლდიდან გადაჰყურებდა ზღვას და დიდ ხანს ელოდა თესევსის დაბრუნებას. როდესაც მან შავ აფრებს მოჰკრა თვალი, სასოწარკვეთილებამ მოიცვა და კლდიდან გადახტა და მის ზვირთებში განუტევა სული. მას შემდეგ იმ ზღვას, სადაც ეგეოსი დაიღუპა, ეგეოსის ზღვა ეწოდა. თესევსმა მშვიდობით მიაღწია ატიკის ნაპირებს. მან ღმერთებს მადლობის მსხვერპლი შესწირა და როდესაც ეგეოსის ამბავი შეიტყო, ძალიან დამწუხრდა. მამა დიდი პატივით მიაბარა მიწას და ვითარცა გმირს არუმართა საკურთხეველი. ამის შემდეგ თესევსი ათენის სამეფო ტახტზე აღზევდა.
ატიკის გაერთიანება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თესევსმა გამეფებიდანვე განამტკიცა თავისი ძალაუფლება. მან თავისი ყველა მოწინააღმდეგე სიკვდილით დასაჯა, რის გამოც აპოლონ დელფინიოსის სამსჯავრომ მკვლელობაში დასდო ბრალი. თესევსმა თავის გამართლების მიზნით ბრალმდებლებს შესთავაზა ახალი მოსაზრება, რომელსაც „დასაბუთებული მკვლელობა“ უწოდა. მსაჯულებმა მოუწონეს და მეფე გაამართლეს. ამის შემდეგ ის თემებად ��აყოფილი ატიკის გაერთიანებას შეუდგა. იგი მკაცრად იცავდა კანონს, რაც ათენელთა კეთილდღეობის საფუძველი გახდა.
თესევსმა ძალაუფლებით სავსე ათენს შემოუერთა შემოგარენი და ჰეკატომბეონის (ივლისის) მეთექვსმეტე დღეს უწოდა „გაერთიანების დღე“. ამ დღეს იმართებოდა ასპარეზობები. მეფემ მათ სახელი გადაარქვა და პანათენური (საყოველთაო ათენური) უწოდა, სადაც მთელი ატიკა მოიწვია. ეს იყო დიდი დღესასწაული. თესევსმა დააწესა „სახალხო აფროდიტესა“ და პეითოს კულტები. მან ასევე ქალაქში მოიწვია ღირსეული უცხოელები და მათ ათენის მოქალაქეობა უბოძა. ათენის კარი ღია იყო, ყველას შეეძლო მისი კეთილდღეობით ტკბობა. ასე იქცა თესევსი სახელმწიფოთა თანამეგობრობის პირველ მეფედ. თესევსის კანონთა კრებული უფლებამოსილი იყო მანამ, ვიდრე ტირანებმა არ ჩაიგდეს ხელთ ძალაუფლება.
თესევსი და ამორძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თესევსი კარგად მეფობდა, მაგრამ ხშირად ტოვებდა ქალაქს, რათა საბერძნეთის სხვა დიად გმირებს გატოლებოდა საგმირო საქმეების აღსრულებაში. ის მონაწილეობდა კალიდონის ნადირობაში, იყო არგონავტებთან ერთად კოლხეთში და ჰერაკლესთან ერთად იბრძოდა ამორძალების წინააღმდეგ. სწორედ ამ ომში, როდესაც გმირებმა მებრძოლ ქალთა დედაქალაქი თემისკირა აიღეს, თესევსს ჯილდოდ დედოფალი ანტიოპე უბოძეს, რომელიც ათენში წაიყვანა.
ამორძალებმა გადაწყვიტეს დედოფალი ანტიოპეს გამოხსნა, რომელიც მათი აზრით ტყვედ ჰყავდა თესევსს. მათ სათავეში ჩაუდგა ანტიოპეს და ორითიია. მან ლაშქარი სკვითებთან გააერთიანა და ათენელებს შემოუტია. ათენი მტრის დასახვედრად მზად იყო. ორივე მხარე ერთმანეთის პირისპირ ჩამწკრივდა, მაგრამ არც ერთი იწყებდა ბრძოლას. ბოლოს, როგორც კი, თესევსმა მსხვერპლი შესწირა არესის ძეს ფობოსს, საბრძოლველად გაემართა. ამორძალებმა მათ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და აიძელეს გალავნიშ შიგნით გამაგრებულიყვნენ. ეს არ იკმარეს, ქალაქში შეიჭრნენ და აკროპოლისის კედლებთან მოიმწყვდიეს ათენელები, თუმცა ისინი კი იარაღს არ ყრიდნენ და ხანდახან შეტევაზეც კი გადადიოდნენ. გადამწყვეტი ბრძოლისას ანტიოპე თესევსის მხარდამხარ იბრძოდა მისი ყოფილი თანამებრძოლების წინააღმდეგ, რადგან მთელი არსებით უყვარდა გმირი მეუღლე. თუმცა მასთან დაშორება არ სურდა ბედისწერამ მაინც ზურგი აქცია და ამორძალის მიერ გატყორცნილი შუბმა გაოპო ანტიოპეს მკერდი. ის მეუღლის ფეხებთან დაეცა და ამ სურათმა ორივე მხარე შეძრა და ეს სისხლიმღვრელი ბრძოლაც შეწყდა. ორივე მხარემ საყოველთაო გლოვით დაკრძალა ახალგაზრდა დედოფალი. თესევს��ა მეუღლის მკვლელი სიკვდილით დასაჯა, ხოლო ორითიია მცირერიცხოვან რაზმთან ერთად გაიქცა და მეგარას შეაფარა თავი, სადაც მალევე გარდაიცვალა დარდისაგან.
თესევსი, ფედრა, ჰიპოლიტოსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თესევსს ანტიოპესგან დარჩა ერთადერთიო ვაჟი ჰიპოლიტოსი. როდესაც მეფემ ცოლა შეირთო მინოსის ქალიშვილი ფედრა, მაშინ თავისი ვაჟი აღსასრდელად პიტთევსს მიაბარა. მანაც ის იშვილა და ტროიძენის სამეგო ტახტის მემკვიდრედ აღიარა. ჰიპოლიტესი დედის მსგავსად თაყვანს სცემდა ნადირობის ქალღმერთს არტემიდას, ამიტომ ქალღმერთს ტაძარი აუგო, რამაც გაანაწყენა აფროდიტე. სიყვარულის ღვთაებამ მისი დასჯა გადაწყვიტა: ელევსინის მისტერიებზე მისულმა ფედრამ თვალი მოჰკრა შავ მოსასხამში გამოწყობილ, ყვავილების დიადემით დამშვენებულ ჭაბუკს და მისით მოიხიბლა. ეს ჭაბუკი იყო ჰიპოლიტოსი.
როდესაც თესევსი ათენში არ იმყოფებოდა, ფედრა ტროიძენში ჩავიდა. იქ ააგო „მოთვალთვალე აფროდიტეს“ ტაძარი, რომელიც გიმნასიონს გადაჰყურებდა. სწორედ აქედან უთვალთვალებდა იგი ჰიპოლიტოსს, რომელიც ვარჯიშობდა სრბოლაში, ხტომასა და ჭიდილში. ასპარაზებაში მონაწილეობის მიღებისთვის ჰიპოლითოსი ათენს გაემგზავრა. მას მიბაძა ფედრამაც, რომელიც ვნებების დაფარვას ცდილობდა. იგი თითქმის არ ჭამდა, არ ეძინა და ძალიან დასუსტდა. ყოველივე ამან ძალიან შეაშფოთა მისი მხევლები, ძიძა კი ყველაფერს მიუხვდა და აიძულა ჰიპოლიტოსისთვის გულისთქმა გაემხილა და წერილი მიეწერა. მიიღო თუ არა წერილი უფლისწულმა ისე განრისხდა, რომ სასწრაფოდ გაანადგურა წერილი, ფედრას შეუვარდა დასასვენებელ ოთახში და ხმამაღლა დაუწყო ლანძღვა. ქალმა ყველა კარი გახსნა, სამოსელი შემოიხია და ყვირილს მოჰყვა. შემდეგ დაწერა ბარათი, რომელშიც ჰიპოლიტოსს ბრალი დასდო ძალადობაში, თვითონ კი თავი ჩამოიხრჩო.
როდესაც ბარათი თესევსმა წამოიწყო ჰიპოლიტოსი დაწყევლა და ათენი დაატოვებინა. შემდეგ გაბრაზებულ თესევსს გაახსენდა, რომ მამამ, პოსეიდონმა სამი სურვილის შესრულება აღუთქვა და შეევედრა ტროიძენისკენ მიმავალ გზაზე ჰიპოლიტოსისთვის შემზარავი მხეცი მოევლინა.
ჰიპოტილოსი თავისი ქალაქისკენ გაემართა. ისთმოსის სანაპიროზე უზარმაზარი ტალღა წამოემართა, საიდანაც გამოვარდა თეთრი ხარი. მხეცმა დააფრთხო ეტლში შებმული ცხენები, მათ კი გეზი იცვალეს და უფსკრულისკენგაექანნენ, თუმცა უფლისწული გამოცდილი მეეტლე იყო და შეაჩერა ცხენები. მხეცი მათ უკან გამოედევნა. ჰიპოტილოსს უკვე უჭირდა ცხენების მოთოკვა და იქვე არტემიდას საკურთხეველზე ამოსულ ზეთის ხილის ტოტებში გადაეხლართა სადავეები, ეტლი კი კლდეს შეასკდა. ამასობაში არტემისმა მოასწრო თეზევსისთვის სიმართლის თქმა და წამიერად ჰიპოტილოსთან გადაიყვანა. თესევსმა მიუსწრო მომაკვდავ შვილს, შეურიგდა, თუმცა რაიმეს შცვლა დაგვიანებული იყო. მხოლოდ ის დარჩენოდა, რომ უდანაშაულოდ დაღუპული ძე მწარედ ეგლოვა.
პეირითოესთან დამეგობრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმხანად, თესალიაში მყოფს, ლაპითთა ტომის ბელადს, სახელოვან გმირს, პეირითოეს სურდა თესევსთან შებმა, რათა საკუთარი თავი გამოეცადა. ამისთვის ამალის თანხლებით წავიდა მარათონისკენ, საიდანაც მოიტაცა თესევსის ჯოგი. ეს რომ გაიგო დიადმა გმირმა, დაედევნა ქურდებს, დაეწია და პეირითიოე ბრძოლაში გამოიწვია. ერთმანეთის პირისპირ მდგარნი, ბრწყინვალე აღსაკაზმავით აღჭურვილნი, თესევსი და პეირითოე, დიდებულობით მრისხანე ღმერთებს ჰგავდნენ. ორივე მოიხიბლა ერთმანეთის მშვენიერებით, რის გამოც აღარ შეიბნენ და სამეგობროდ გაუწვდინეს ხელები ერთურთს. ურყევი კავშირის აღსანიშნავად საჭურველიც გაცვალე.
ამ ამბებიდან მცირე ხნის შემდეგ პეირითოე დაქორწინდა მშვენიერ ჰიპოდამეაზე. მან ქორწილში მრავალი გმირი მოიწვია. ღვთაების სადარ ნეფეს მხარს თესევსი უმშვენებდა. სტუმართა შორის მყოფი კენტავრები დათვრნენ და დამსწრე ქალებს დაერივნენ. ლაპითებს და კენტავრებს შორის გაჩაღდა მძვინვარე ბრძოლა, რომელიც თესევსის ძალიხმევით დასრულდა. კენტავრებმა თავი პელიონის მთას შეაფარეს.
თესევსი ჰადესში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პეირითოეს მშვენიერი მეუღლე ჰიპოდამეა ადრე გარდაიცვალა. ლაპითთა მეფემ საკუთარი ცოლი გამოიგლოვა და ხელახლა დაქორწინება განი��რახა. იმახანად არც თესევსს ჰყავდა ცოლი. მათ მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს მშვენიერი ელენეს მოტაცება. მეგობრებმა დაიფიცეს, რომ მშვენიერი ელენე მას ერგებოდა, ვისაც წილისყრით შეხვდებოდა. წაგებულისათვის კი ზევსის სხვა ქალიშვილი უნდა მოეტაცებინათ.
ელენე თორმეტი წლის იყო, მაგრამ მისი სილამაზის ამბავი მთელ საბერძნეთში იყო განთქმული. თესევსმა და პეირითოემ მისი მოტაცება მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ მას მისი ძმები დიოსკურები იცავდნენ. წილის ყრით მშვენიერი ელენე თესევსს შეხვდა. სანამ ელენე გაიზრდებოდა, თესევსმა ის აფიდნოსს და ეთრას მიაბარა, რომელიც აფიდნოსთან მიყრუებულს სოფელში დასახლდა. გავიდა ხანი, თესევსი ელენეზე დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ჯერ მიცემული პირობა უნდა შეესრულებინა პეირითოესათვის. მათ ზევსის ორაკულს მიმართეს, იმის გასაგებად თუ ზევსის რომელი ქალიშვილი უნდა მოეტაცებინათ. ორაკულმა ირონიულად უპასუხა:
თესევსს ეს იდეა არ მოეწონა, მაგრამ მეტი გზა არ ჰქონდა. ისინი მიწისქვეშა საუფლოსკენ მიმავალ გზას დაადგნენ. ჰადესი მათ თავის სასახლეში მიეგებათ. მეგობრებმა მოსვლის მიზეზი აუწყეს. მათ გასაკვირვად ჰადესი არც შერხეულა და მათ ტახტზე ჩამოჯდომა სთხოვა. დასხდნენ თუ არა, ისინი მივიწყების ტახტს მიეჯაჭვნენ. მათ ასე გაატარეს ოთხი წელი, სანამ ჰერაკლე არ მოევლინათ მხსნელად. ის აქ ცერბერის გასატაცებლად იყო მოსული. თესევსმა და პეირითოემ მას განთავისუფლება სთხოვეს. ჰერაკლემ თესევსი ტახტს ააგლიჯა, მაგრამ პეირითოეს გამოხსნა, რომ დააპირა მიწა შეიძრა. ამან ააღებინა ხელი განძრახვაზე. მკრეხელობისთვის დაისაჯა დიდი ლაპითი.
თესევსის აღსასრული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიოსკურებმა შეკრიბეს დიდი ლაშქარი და იმ დროს დაესხნენ თავს ათენს, როდესაც თესევსი ჰადესში იტანჯებოდა. ათენელებმა არ გასცეს ელენეს ადგილსამყოფელი და ამიტომ მათ დაიწყეს მთელი ატიკის დარბევა. მაშინ დეკელეას მკვიდრებმა, რომლებსაც არ მოსწონდათ თესევსის საქციელი, მიასწავლეს ელენეს ადგილსამყოფელი. ასე მიაგნეს დიოსკურებმა მშვენიერ დას და დიდი ნადავლით დანერიდნენ იქაურობას. მონათა შორის თან გაიყოლეს თესევსის დედა ეთრა და პირითოოსის ერთ-ერთი და. დიოსკურებმა ათენის განმგებლად დანიშნეს მენეთევსი, თესევსის ძველი მტერი.
თესევსისათვის ამქვეყნად დაბრუნებას აღარ მოუტანია სიხარული: დარბეული დახვდა ათენი, დედა – ტყვედ წაყვანილი, ვეღარასოდეს მოიყვანდა ცოლად ელენეს, სამეფო სკიპტრას ფლობდა საძულველი მენესთევსი, გადახვეწილნი იყვნენ მისი ვაჟიშვილები. თავადაც ისე იყო დასუსტებული, რომ აღარ შეეძლო თავდაპირველი წესრიგის აღდგენა. ის გაემართა კრეტისკენ, სადაც თავშესაფარს ჰპირდებოდა დევკალიონი. მაგრამ გზად ამოვარდა ქარიშხალი და გმირი კუნძულ სკიროსზე აღმოჩნდა. აქ ის ღირსეულად მიიღო მეფე ლიკომედესმა და თესევსმაც დადაწყვიტა დარჩენა. მას სკიროსზე მემკვიდრეობით გააჩნდა მიწები, მაგრამ ამ მიწებს მეფე საკუთრად თვლიდა. მან თავი ისე მოაჩვენა, თითქოს თანახმა ყოფილიყო და ნაკვეთის დათვალიერება შესთავაზა. მეფემ თესევსი კლდეზე აიყვანა და იქიდან გადაუშვა ზღის სიღრმეში. ასე დაიღუპა ატიკის უდიდესი გმირი.
ლეგენდის თანახმად, მისი სული მარათონის ბრძოლის დროს აღდგა, რათა ათენელები გაემხნევებინა. ის მთელი ძალით ებრძოდა სპარსელებს, რომლებმაც სამარცხვინო დამარცხება იგემეს. ბერძნულ-სპარსული ომის დასასრულის შემდეგ, ათენელებმა პითიას მოწოდებით, თესევსის ძვლები გადმოასვენეს და გიმნასიონის მახლობლად დაკრძალეს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SeeCarl A.P. Ruck and Danny Staples, The World of Classical Myth(Carolina Academic Press, 1994), ch. ix "Theseus:Making the New Athens" pp 203-22: "This was a major cultural transition, like the making of the new Olympia by Herakles" (p. 204).
- ↑ მინოელთა კულტურული დომინირება დასტურდება კერამიკის ისტორიაში, თუმცა არა პოლიტიკური დომინირება
- ↑ "May I therefore succeed in purifying Fable, making her submit to reason and take on the semblance of History. But where she obstinately disdains to make herself credible, and refuses to admit any element of probability, I shall pray for kindly readers, and such as receive with indulgence the tales of antiquity." (პლუტარქე, თესევსის ცხოვრება). პლუტარქეს გაცხადებული მიზანი არის ააწყოს ცხოვრება, რომელთანაც პარალელის გავლება შეიძლება რომულუსის "ვიტა"-სთან.
- ↑ Edmund P. Cueva, "Plutarch's Ariadne in Chariton's Chaereas and Callirhoe" American Journal of Philology 117.3 (Fall 1996) pp. 473-484.
- ↑ Молчанов А.А., Нерознак В.П., Шарыпкин С.Я. Памятники древнейшей греческой письменности. М., 1988. С.82
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნანა ტონიასი; მანანა ღარიბაშვილი (2007). რედ. რისმაგ გორდეზიანი: ასპარეზზე გამოდიან გმირები (125X200 მმ), მე-4, ბერძნული მითების სამყარო, თბილისი: ლოგოსი, გვ. 253. ISBN 978-99940-31-23-8.
- აკაკი გელოვანი (1983). რედ. პროფ. ლევან სანიკიძე: მითოლოგიური ლექსიკონი (30სმ), ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, გვ. 719.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თესევსი ინგლ.. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. სპებ [1]. ციტირების თარიღი: 19:33, 6 მარტი 2009 (UTC).
- Justin Churchill. (3 მაისი, 1997) Theseus ინგლ.. Encyclopedia Mythica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-14. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2009.
- Theseus ინგლ.. www.in2greece.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-16. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2009.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: ეგევსი |
ათენის მეფე | შემდეგი: მენესთევსი |
|
მითოლოგიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მითოლოგიაზე. |