ხოსეფინა ფერნანდა ესპანელი
ხოსეფინა ფერნანდა ესპანელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 მაისი, 1827 მადრიდი, ესპანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
10 ივნისი, 1910, (83 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
ეროვნება | ესპანელები |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ხოსე გიუელ ი რენტე |
მშობლები |
მამა: ფრანსისკო, კადისის ჰერცოგი დედა: ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი |
ხოსეფინა ფერნანდა ესპანელი (ესპ. Josefina Fernanda de España; დ. 25 მაისი, 1827 — გ. 10 ივნისი, 1910) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ნაბოლარა ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის შუათანა ქალიშვილი. ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის მული და ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის მამიდა.
ბიოგრაფია
ხოსეფინა ფერნანდა დაიბადა 1827 წლის 25 მაისს მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ნაბოლარა ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და მისი პირველი ცოლის, ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის შუათანა ასული. მამის მხრიდან, მისი ბებია-პაპა ესპანეთის მეფე კარლ IV და დედოფალი მარია ლუიზა პარმელი, ხოლო დედის მხრიდან, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფრანჩესკო I და დედოფალი მარია ისაბელ ესპანელი იყვნენ.
1848 წლის 4 ივნისს, ხოსეფინა ფერნანდა მალულად დაქორწინდა ხოსე გიუელ ი რენტეზე. სამეფო კარზე ეს ფაქტი ბურბონთა დინასტიის შეურაცხყოფად შერაცხეს და იგი თავის ქმართან ერთად ოთხი წლით გააძევეს ესპანეთიდან, რა დროსაც იგი საფრანგეთში გადასახლდა. საბოლოოდ, დედოფალმა ისაბელ II-მ იგი შეიწყალა და კვლავ სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მისცა.
1851 წელს იგი დაბრუნდა ესპანეთში, თუმცა სამეფო კარზე აღარ დაბრუნებულა. 1853 წელს მისი ქმარი ვალიადოლიდის დეპუტატად აირჩიეს. 1854 წლიდან ხოსეფინა ჰერცოგ დე ალესონთან ერთად აქტიურად ერთვება რევოლუციურ იდეოლოგიაში, რასაც საბოლოოდ 1854 წლის ტრიუმფალური რევოლუცია მოჰყვა. საბოლოოდ დედოფალმა ისაბელამ თავისი ხელისუფლების აღდგენა მოახერხა და ხოსეფინა თავის ქმართან ერთად ესპანეთიდან გააძევა, თუმცა ამჯერად სამუდამოდ. იგი კვლავ საფრანგეთში გაიქცა, სადაც 1910 წლის 10 ივნისს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შვილები
- რაიმუნდო (1849-1907), ვალკარლოს მარკიზი, ცოლად შეირთო ანტონია ლაურა ალბერტინა ი კარო, რომელთანაც შეეძინა ორი ქალიშვილი;
- ფერნანდო (1851-1936), გუიელის მარკიზი, ცოლად შეირთო მარია ხოსეფა ალფონსინა ი გუიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- ფრანსისკო (1857-1888), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.