შინაარსზე გადასვლა

მედლინ ლ'ენგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
მედლინ ლ'ენგლი
ინგლ. Madeleine L'Engle
დაბადების თარიღი 29 ნოემბერი, 1918
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 6 სექტემბერი, 2007 (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლიჩფილდი, კონექტიკუტი, აშშ
საქმიანობა მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ[1]
ალმა-მატერი სმიტის კოლეჯი
პერიოდი 1945–2007
ჟანრი
Magnum opus გარღვევა დროში
ჯილდოები მარგარეტ ედვარდსის პრემია, ეროვნული ჰუმანიტარული მედალი[2] , ნიუბერის მედალი[3] , კონექტიკუტის ქალების დიდების დარბაზი[4] , Regina Medal, Newbery Honor[5] [3] და წიგნების ეროვნული პრემია[6]
მეუღლე ჰიუ ფრანკლინი
საიტი madeleinelengle.com

მედლინ ლ’ენგლი (ინგლ. Madeleine L'Engle; დ. 29 ნოემბერი, 1918 გ. — 6 სექტემბერი, 2007) — ამერიკელი მწერალი. მისი შემოქმედება მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს, პოეზიასა და საყმაწვილო ლიტერატურას მოიცავს. მისი ყველაზე გახმაურებული ნაშრომია რომანი „გარღვევა დროში“, რომელმაც არაერთი ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. მწერლის შემოქმედება როგორც მის ქრისტიანულ რწმენას, ასევე თანამედროვე მეცნიერების მიმართ ძლიერ ინტერესს ასახავს.

მედლინ ლ’ენგლი 1918 წლის 29 ნოემბერს ნიუ-იორკში დაიბადა. მისი დედა პიანისტი, ხოლო მამა მწერალი, კრიტიკოსი და ჟურნალისტი იყო.

ლ’ენგლმა პირველი მოთხრობა ხუთი წლისამ დაწერა, ხოლო რვა წლიდან უკვე ჩანაწერების რვეულს აწარმოებდა.[7] იგი ნიუ-იორკის კერძო სკოლაში ჩაირიცხა, თუმცა მისი ადრეული ლიტერატურული მცდელობები მის აკადემიურ მოსწრებაზე არ ასახულა. მორცხვ და მოუხერხებელ მედლინს მასწავლებლების ნაწილი გონებასუსტად მიიჩნევდა. ამის გამო გოგონა საკუთარ სამყაროში ჩაიკეტა. იგი ბევრს კითხულობდა და წერდა. ლ’ენგლის მშობლები ხშირად ვერ თამხმდებოდნენ მისი აღზრდის შესახებ, რის გამოც გოგონამ არაერთი სკოლა-ინტერნატი და გუვერნანტი გამოიცვალა.[8] ერთი პერიოდი ოჯახი საცხოვრებლად შამონში გადავიდა, თუმცა 1933 წელს ლ’ენგლის ბებიას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის შემდეგაც ოჯახი მის სიახლოვეს ფლორიდაში, ჯექსონვილში, დასახლდა. 1936 წელს მედლინის მამა გარდაიცვალა.[9]

განათლება, ქორწინება და ოჯახი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წელს ლ’ენგლი სმიტის კოლეჯში ჩაირიცხა. 1941 წელს სწავლის დასრულების შემდეგ იგი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც პირველი ორი რომანი გამოაქვეყნა. 1942 წელს, როცა ანტონ ჩეხოვის პიესაში „ალუბლების ბაღი“ მონაწილეობდა, მან მსახიობი ჰიუ ფრანკლინი გაიცნო. ლ’ენგლი ფრანკლინზე 1946 წელს დაქორწინდა. წყვილს პირველი ქალიშვილი, ჟოზეფინა, 1947 წელს შეეძინა. 1952 წელს ოჯახი საცხოვრებლად კონექტიკუტის შტატის ქალაქ გოშენში, ფერმაში არსებულ სახლში გადავიდა. თავის სარჩენად მათ მაღაზია შეიძინეს და მის მართვას შეუდნენ. პარალელურად ლ’ენგლი წერას აგრძელებდა. 1952 წელს მასა და ფრანკლინს ვაჟი, ბიონი, შეეძინათ.[10] ოთხი წლის შემდეგ წყვილმა გარდაცვლილი მეგობრების დაობლებული შვიდი წლის ქალიშვილი, მარია, იშვილა. ამ პერიოდში ლ’ენგლი ადგილობრივ ტაძარში გუნდის ხელმძღვანელი იყო.[11]

1960-იან, 1970-იან და 1980-იან წლებში ლ’ენგლმა მრავალი წიგნი დაწერა, მათ შორის ავტობიოგრაფიული მემუარების სერია, რომელიც ოთხი წიგნისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი, „დიდი ბებიის ზაფხული“ (1974) მწერლის მიერ ხანშიშესული დედის მოვლის გამოცდილებაზე მოგვითხრობს, ხოლო „ორნაწილიანი გამოგონება“ (1988) მემუარია ლ’ენგლის ქორწინების შესახებ, რომელიც მან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაწერა.

ლ’ენგლმა 1962 წელს საბავშვო რომანისთვის „გარღვევა დროში“ ნიუბერის მედალი მოიპოვა, რის შემდეგაც მწერალი ჟურნალში The New York Times Book Review საბავშვო წიგნებს განიხილავდა.[12]

რელიგიური შეხედულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლ’ენგლი ეპისკოპალისტი იყო და საყოველთაო ხსნის სწამდა. ქრისტიანული უნივერსალიზმის მხარდაჭერის გამო მისი წიგნები ხშირად იკრძალებოდა ქრისტიანულ სკოლებსა და ბიბლიოთეკებში, ასევე მათ გაყიდვაზე უარს ამბობდნენ ქრისტიანული წიგნების მაღაზიები. ამავდროულად, სეკულარული კრიტიკოსები ლ’ენგლის წიგნებს ზედმეტი რელიგიურობის გამო აკრიტიკებდნენ.[13]

ღვთაებრივი სასჯელის მიმართ ლ’ენგლს ჯორჯ მაკდონალდის მსგავსი შეხედულებები ჰქონდა, რომელმაც მის მხატვრულ შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ თემაზე მწერალმა აღნიშნა: „ვფიქრობ, ღმერთს თავისი შვილების მარადიული დასჯა იმაზე მეტად არ სურს, ვიდრე მოსიყვარულე მშობელს. დასჯის მთვარი მიზანი სწავლაა და შესაბამისად, დასჯა სწორედ იმდენ ხანს გრძელდება, რამდენიც გაკვეთილის სასწავლებლადაა საჭირო. გაკვეთილის მიცემა კი ყოველთვის სიყვარულია.“[14]

1886 წელს ლ'ენგლმა საყმაწვილო ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის მწერალთა ეროვნული საბჭოსგან ჯილდო მიიღო.[15] 1985 წელს იგი მოწვეული სპიკერი იყო კონგრესის ბიბლიოთეკაში, სადაც ჩაატარა ლექცია სათაურით „გაბედე, იყო შემოქმედებითი“. იმავე წელს ლ’ენგლი მწერალთა გილდიის პრეზიდენტი გახდა, რა თანამდებობაზეც ორი წლის მანძილზე იმყოფებოდა. ცხოვრების მანძილზე ლ’ენგლმა არაერთი უნივერსიტეტის საპატიო ხარისხი მიიღო,[16] მათ შორის როგორც ლიტერატურის, ასევე თეოლოგიის დოქტორის. 1997 წელს მას ფენტეზის ჟანრში ცხოვრებისეული მიღწევისთვის ფენტეზის მსოფლიო პრემია გადაეცა.[17]

1998 წელს „საყმაწვილო ლიტერატურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“ ლ’ენგლმა მარგარეტ ედვარდსის სახელობის ჯილდო მიიღო.[18]

2004 წელს მწერალს ეროვნული ჰუმანიტარული ჯილდო მიენიჭა.[19]

2011 წელს ლ’ენგლი ნიუ-იორკის მწერალთა დიდების დარბაზში შეიყვანეს.[20]

2012 წლის ჟურნალის School Library Journal გამოკითხვაში „გარღვევა დროში“ საუკეთესო საბავშვო რომანებს შორის მეორე ადგილზე დასახელდა.[21]

2013 წელს პლანეტა მერკურის ერთ-ერთ კრატერს ლ’ენგლის სახელი ეწოდა.[22]

სმიტის კოლეჯში ლ’ენგლის სახელობის სტიპენდია არსებობს.[23]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://web.archive.org/web/20170324040800/http://jeugdliteratuur.org/auteurs/madeleine-lengle
  2. https://www.neh.gov/about/awards/national-humanities-medals/madeleine-lengle
  3. 3.0 3.1 http://ala.org/alsc/awardsgrants/bookmedia/newberymedal/newberyhonors/newberymedal
  4. https://www.cwhf.org/inductees/madeleine-lengle
  5. https://us.macmillan.com/author/madeleinelengle
  6. https://www.nationalbook.org/books/a-swiftly-tilting-planet/
  7. Chase, Carole F. (1972). Suncatcher: A Study of Madeleine L'Engle And Her Writing. Farrar, Straus & Giroux, გვ. 30–31. ISBN 1-880913-31-3. 
  8. L'Engle, Madeleine (1972). A Circle of Quiet. Farrar, Straus & Giroux. ISBN 0-374-12374-8. 
  9. L'Engle, Madeleine (1974). The Summer of the Great-Grandmother. Farrar, Straus, & Giroux, გვ. 119. ISBN 0-374-27174-7. 
  10. Chase, Carole F. (1972). Suncatcher: A Study of Madeleine L'Engle And Her Writing. Farrar, Straus & Giroux, გვ. 72. ISBN 1-880913-31-3. 
  11. Chase, Carole F. (1972). „A Chronology of Madeleine L'Engle's Life and Books“, Suncatcher: A Study of Madeleine L'Engle And Her Writing. Farrar, Straus & Giroux, გვ. 169–73. ISBN 1-880913-31-3. 
  12. L'Engle, Madeleine (May 12, 1963). „How's One to Tell?“. The New York Times. p. BR21.
  13. Eccleshare, Julia. (2007) Madeleine L'Engle: Bestselling children's author, renowned for A Wrinkle in Time.
  14. Morgan, Christopher W; Peterson, Robert A Hell Under Fire: Modern Scholarship Reinvents Eternal Punishment, გვ. 171. 
  15. One Great Read Programs and Events A Wrinkle in Time by Madeline L'Engle. Tippecanoe County Public Library.
  16. A Commencement for the Millennium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-17. ციტირების თარიღი: 2021-02-19.
  17. Award Winners & Nominees. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-01. ციტირების თარიღი: 2021-02-19.
  18. 1998 Margaret A. Edwards Award Winner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-24. ციტირების თარიღი: 2021-02-19.
  19. "Madeleine L'Engle". Awards & Honors: 2004 National Humanities Medalist. National Endowment for the Humanities.
  20. Hall of Fame (2017-05-01).
  21. Bird, Elizabeth (2012). "Top 100 Children's Novels #2: A Wrinkle in Time by Madeleine L'Engle". A Fuse 8 Production.
  22. Newly Named Mercury Craters Honor Hawaiian Guitarist, Beloved Young Adult Author. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-27.
  23. Smith College Libraries. Madeleine L'Engle Travel Research Fellowships. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-19. ციტირების თარიღი: 2021-02-19.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მედლინ_ლ%27ენგლი“-დან