შინაარსზე გადასვლა

მაქსიმილიან საქსონიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
მაქსიმილიან საქსონიელი
სრული სახელი
მაქსიმილიან მარია იოზეფ ანტონ იოჰან ბაპტისტ იოჰან ევანგელისტა იგნას ავგუსტ ქსავიერ ალოის იოჰან ნეპომუკ იანუარ ჰერმენეგილდ აგნელის პასკალი
წოდებები
საქსონიის პრინცი
დაიბადა 13 აპრილი, 1759
დრეზდენი, გერმანია
გარდაიცვალა 3 იანვარი, 1838, (78 წლის)
დრეზდენი, გერმანია
საგვარეულო ვეტინები
მეუღლე(ები) კაროლინა პარმელი
(ქ. 1792 - გარდ. 1804)
მარია ლუიზა კარლოტა პარმელი
(ქ. 1825)
შვილ(ებ)ი ამალია
მარია ფერდინანდა, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
ფრიდრიხ ავგუსტ II, საქსონიის მეფე
მარია ანა, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
იოჰან I, საქსონიის მეფე
მარია იოზეფა, ესპანეთის დედოფალი
მამა ფრიდრიხ კრისტიანი, საქსონიის კურფიურსტი
დედა მარია ანტონია ბავარიელი
რელიგია კათოლიციზმი

მაქსიმილიან საქსონიელი (გერმ. Maximilian von Sachsen; დ. 13 აპრილი, 1759, დრეზდენი, გერმანია — გ. 3 იანვარი, 1838, დრეზდენი, გერმანია) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის კურფიურსტ ფრიდრიხ კრისტიანისა და პრინცესა მარია ანტონია ბავარიელის უმცროსი ვაჟი. საქსონიის ორი მეფის ძმა და ორი მეფის მამა, აგრეთვე ესპანეთის დედოფალ მარია იოზეფა ამალიას მამა.

ბიოგრაფია

მაქსიმილიანი დაიბადა 1759 წლის 13 აპრილს დრეზდენში. იგი იყო პოლონეთის მეფე ავგუსტ III-ის ვაჟის, კრონპრინც ფრიდრიხ კრისტიანისა და მისი ცოლის, პრინცესა მარია ანტონია ბავარიელის უმცროსი ვაჟი. 1763 წელს საქსონიის ტახტი მამამისმა დაიკავა, რომელიც იმავე წელს ყვავილით მოკვდა, ამიტომაც მმართველი მაქსიმილიანის უფროსი ძმა ხდება, რეგენტად კი დედა ენიშნება.

თავდაპირველად, როგორც უმცროს ვაჟს, ტახტზე ასვლის არანაირი შანსი არ ჰქონდა, თუმცა 1800-იან წლებში, როდესაც გამოვლინდა, რომ მისი ორივე ძმა უნაყოფო იყო, მაქსიმილიანი ტახტის მესამე მემკვიდრედ იქცა. 1806 წელს ნაპოლეონმა მაქსიმილიანის ძმა მოკავშირეობისათვის დააჯილდოვა, საქსონია სამეფოდ გადააკეთა და იგი მის მეფედ დასვა, რითაც მაქსიმილიანი ჰერალდიტარული პრინცი ხდება.

1827 წელს საქსონიის ტახტს მაქსიმილიანის მეორე ძმა, მეფე ანტონი იკავებს, რომელიც ასევე უმემკვიდრეო იყო. ამ ამბიდან სულ სამ წელიწადში, უკვე მოხუცებულმა მაქსიმილიანმა 1830 წელს უარი თქვა მემკვიდრეობაზე და ტახტი თავის ვაჟს, ფრიდრიხ ავგუსტს დაუთმო, რომელიც 1836 წელს მეფე გახდა ანტონის სიკვდილის შემდეგ. მაქსიმილიანი ამ ამბიდან მალ��ვე, 1838 წლის 3 იანვარს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა დრეზდენში.

ქორწინებები და შვილები

1792 წლის 22 აპრილს პარმაში შედგა მაქსიმილიანისა და პრინცესა კაროლინა პარმელის, ჰერცოგ ფერდინანდ I-ისა და მარია ამალია ავსტრიელის ქალიშვილის მარიონეტული ქორწინება, იმავე წლის 9 მაისს დრეზდენში კი უკვე ნამდვილად დაქორწინდნენ. მაქსიმილიანსა და კაროლინას შვიდი შვილი შეეძინათ:

  1. მარია ამალია (1794-1870), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  2. მარია ფერდინანდა (1796-1865), ცოლად გაჰყვა ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფერდინანდო III-ს (თავისი დის მამამთილს), თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  3. ფრიდრიხ ავგუსტ II (1797-1854), საქსონიის მეფე, პირველად დაქორწინდა მარია კაროლინა ავსტრიელზე, მისი დაღუპვის გამო კი ხელმეორედ იქორწინა მარია ანა ბავარიელზე, თუმცა ჰყავდა მხოლოდ ერთი უკანონო შვილი;
  4. კლემენს მარია (1798-1822), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. მარია ანა (1799-1832), ცოლად გაჰყვა ტოსკანის დიდ ჰერცოგ ლეოპოლდო II-ს (თავისი დის გერს), რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  6. იოჰან I (1801-1873), საქსონიის მეფე. ცოლად შეირთო ამალია ავგუსტა ბავარიელი, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი;
  7. მარია იოზეფა ამალია (1803-1829), ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

1804 წელს კაროლინა პარმელი ცხელებამ შეიწირა, რის გამოც 1825 წლის 15 ოქტომბერს ლუკაში მაქსიმილიანმა მარიონეტულად იქორწინა კაროლინას ძმისწულ მარია ლუიზა კარლოტა პარმელზე, რომელზეც იმავე წლის 7 ნოემბერს დრეზდენში რეალურად დაიწერა ჯვარი. წყვილს შვილები არ ჰყოლია.

წინაპრები

ლიტერატურა

  • Caballeros Existentes en la Insignie Orden del Toison de Oro", Calendario manual y guía de forasteros en Madrid (in Spanish), 1828, p. 43, retrieved 24 August 2020
  • "Caballeros Grandes Cruces existentes en la Real y Distinguida Orden Española de Carlos Terceros", Calendario manual y guía de forasteros en Madrid (in Spanish), 1828, p. 50, retrieved 24 August 2020
  • António M. Trigueiros & Gustav A. Tammann (1997). "The Three Portugese Military Orders of Knighthood (1789-1910)" (PDF). Orders and Medals Society of America: 17. Retrieved 21 March 2020.
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 99.