აკაკი კვიტაიშვილი
აკაკი კვიტაიშვილი (დ. 1893, ლანჩხუთი — გ. 1966, საფრანგეთი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის, პირველი და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, პოლიტიკური ემიგრანტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აკაკი კვიტაიშვილი 1893 წელს ლანჩხუთში დაიბადა. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო კლასიკური გიმნაზიაში და შემდგომ სამხედრო სასწავლებელში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი, როგორც დივიზიის ოფიცერი, კავკასიის ფრონტზე გაგზავნეს და მრავალ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. 1917 წელს კაპიტნის ჩინით ქართულ ჯარში შევიდა და მეოთხე ათასეულში დაინიშნა. მონაწილეობდა თურქეთის წინააღმდეგ წარმოებულ ყველა ბრძოლაში. ერთ-ერთი ბრძოლისას თურქებმა ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ ხუთ ჯარისკაცთან ერთად მოახერხა ტყვეობიდან გაქცევა და ახალციხეში თავის ათასეულს შეუერთდა. შემდეგ რეგულარულ ჯარს თავი დაანება და გადავიდა ვალიკო ჯუღელთან სახალხო გვარდიაში, სადაც სამტრედიის რაიონის გვარდიის ათასეულის უფროსად დაინიშნა. იგი აქტიურად იბრძოდა რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში.
1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აკაკი კვიტაიშვილმა სამხედრო სამსახურს თავი დაანება და ჩაება არალეგალურ მუშაობაში. საქართველოს ანექსიიდან სულ მალე იგი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და უცხოეთში წასულიყო. საზღვარგარეთ აკაკი ჩაება პოლიტიკურ ბრძოლაში – იყო მხედართა კავშირის გამგეობის მუდმივი წევრი და ირიცხებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგებში. ბეჭდავდა სტატიებს სამხედრო თემაზე პარიზში გამომავალ ქართველ იუნკერთა კავშირის ორგანო „მხედარში“: „ქართული მხედრობა“ (№2, 1929), „ზოგი რამ ისტორიულ ფაქტებზე“ (№14-15, 1933), „ჯარისკაცის აღზრდის შესახებ“ (№16, 1934).
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი აკაკი კვიტაიშვილმა, როგორც იმერეთის მეორე ბატალიონის ყოფილმა უფროსმა, დოკუმენტური სიზუსტით გადმოსცა 1966 წელს დაწერილ ნარკვევში: „რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წელს – საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ“.
მეორე მსოფლიო ომში აკაკი კვიტაიშვილი გმირულად იბრძოდა, როგორც მოხალისე.
გარდაცვალებამდე ცხოვრობდა პარიზიდან მოშორებით მოხუცთა თავშესაფარში. გარდაიცვალა 1966 წელს. 5 ნოემბერს თანამემამულეებმა დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
საქართველოში აკაკი კვიტაიშვილს დარჩა ცოლ-შვილი. მისი შვილი იყო ცნობილი პროფესორი, ინფექციონისტი ამირან კვიტაიშვილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირებ��]- წერეთელი, გ., აკაკი კვიტაიშვილის ხსოვნას // ჩვენი დროშა. - პარიზი 1967. – N45 (თებერვალი). – გვ. 29-30.