შინაარსზე გადასვლა

სამტრესტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
07:42, 22 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, Arkaitz1974 (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

„სამტრესტი“საქართველოს სსრ-ის ღვინის მრეწველობის საკავშირო-რესპუბლიკური სახელმწიფო კომიტეტი (საქსახღვინმრეწვი). სისტემის საწარმოები უშვებდა მშრალ სამარკო, მშრალ ორდინარულ, ნატურალურ ნახევრადტკბილ, ხელოვნურად შემაგრებულ სამარკო და ორდინარულ ღვინოებს. „სამტრესტის“ პროდუქციაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა შამპანიური ღვინისა და კონიაკის წარმოებას, აგრეთვე არყისა და მისი ნაწარმის, ნედლი სპირტის, ძმრისა და სხვა პროდუქტებს.

„სამტრესტი“ ჩამოყალიბდა 1929 წელს „სახალხო მამულების ტრესტის“ ბაზაზე. 1936 წელს დაექვემდებარა საქართველოს სსრ-ის კვების მრეწველობის სახალხო კომისარიატს, 1975 წელს გარდაიქმნა სამრეწველო გაერთიანებად, ხოლო 1983 წელს — საქართველოს სსრ-ის ღვინის მრეწველობის საკავშირო-რესპუბლიკურ სახელმწიფო კომიტეტად. მოიცავდა დამოუკიდებელ ბალანსზე მყოფ 50 საწარმოსა და ორგანიზაციას, მათ შორის 7 საწარმოო გაერთიანებას, 5 კომბინატსა და 38 ღვინის ქარხანას (რომელთა შორის 10 რესპუბლიკის გარეთ იყო).

1983 წელს „სამტრესტის“ ქარხნებმა გამოუშვეს 24,5 მლნ. დკლ. ყურძნის ღვინო და 23,1 მლნ. ბოთლი შამპანიური, 2031 ათასი დკლ. კონიაკი. 1983 წელს გამოუშვეს 56 დასახელების ყურძნის ღვინო, 14 დასახელების კონიაკი და 14 დასახელების ლიქიორ-არაყის ნაწარმი.

1954 წლიდან „სამტრესტი“ მუდმივად მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებსა და ბაზრობებზე, 33 დასახელების ღვინოს მიღებული ჰქონდა 198 მედალი, მათ შორის 84 ოქროსი და 101 ვერცხლის. კონიაკმა მოიპოვა 46 ოქროსა და 13 ვერცხლის მედლი. ქართული ღვინო და კონიაკი იგზავნებოდა ყველა სოციალისტურ ქვეყანაში, აგრეთვე ფინეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, კანადაში, დანიაში, გფრ-ში, იაპონიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.

„სამტრესტმა“ თავისი არსებობის მანძილზე გამოუშვა არაერთი სპირტიანი სასმელი. მათ შორისაა:

  • თეთრი სამარკო სუფრის ღვინოები — წინანდალი №1, გურჯაანი №3, ნაფარეული №27, მუხრანული №9, ტიბაანი №12, ცოლიკოური №7, სვირი;
  • წითელი სამარკო სუფრის ღვინოები — თელიანი №2, მუკუზანი №4, ნაფარეული №28;
  • თეთრი ორდინარული სუფრის ღვინოები — სუფრის №6, სუფრის №23, კახური №8;
  • წითელი ორდინარული სუფრის ღვინოები — საფერავი №5, სუფრის №10;
  • ნახევრადტკბილი სუფრის თეთრი ღვინოები — ჩხავერი №11, ტვიში №19, თეთრა №26, ახმეტა, ლიხნი, ფსოუ, ატენური;
  • ნახევრადტკბილი სუფრის წითელი ღვინოები — ხვანჭკარა №20, უსახელოური №21, ქინძმარაული №22, ოჯალეში №24, ახაშენი;
  • ხელოვნურად შემაგრებული სამარკო ტკბილი ღვინოები — კარდანახი №14, ანაგა №16, სალხინო №17, საამო №30;
  • ხელოვნურად შემაგრებული ორდინარული ტკბილი ღვინოები — პორტვეინი №13, ხირსა №15, პორტვეინი №18, პორტვეინი, ყვარელი №29, ველისციხე, აფხაზეთის თაიგული №25;
  • ხელოვნურად შემაგრებული ღვინოები — ვერმუტი;
  • საბჭოთა შამპანიური — მშრალი, ნახევრადტკბილი და ტკბილი;
  • სამარკო კონიაკები — ძალიან ძველი (OC), ძველი კონიაკი (KC), ენისელი, თბილისი, ვარციხე (KB), გრემი, საიუბილეო;
  • ორდინარული კონიაკები — სამვარსკვლავიანი, ოთხვარსკვლავიანი, ხუთვარსკვლავიანი.
  • გარუჩავა პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 36.;
  • ბერიძე გ., „ქართული ღვინო და კონიაკი“, თბილისი, 1965.