ბურგუნდია
ისტორიული ოლქი და ყოფილი რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბურგუნდია ფრანგ. Bourgogne | |||||
| |||||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||||
ადმ. ცენტრი | დიჟონი | ||||
შიდა დაყოფა | კოტ-დ’ორი, ნიევრი, სონა და ლუარა და იონა | ||||
კოორდინატები | 47°00′00″ ჩ. გ. 4°30′00″ ა. გ. / 47.00000° ჩ. გ. 4.50000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 4 ივნისი, 1960[1] | ||||
ფართობი | 31582 კვადრატული კილომეტრი | ||||
მოსახლეობა | 1 642 687 (2013) | ||||
გაუქმდა | 31 დეკემბერი, 2015 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ბურგუნდია (ლათ. Burgundia), ბურგონი (ფრანგ. Bourgogne) — საფრანგეთის ისტორიული ოლქი და ყოფილი ადმინისტრაციული რეგიონი (2016 წლამდე). ადმინისტრაციულად მოიცავდა ოთხ დეპარტამენტის: კოტ-დ’ორი, ნიევრი, სონა და ლუარა, იონა. ფართობი — 31 582 კმ². მოსახლეობა —1 633 891 კაცი (2007). უდიდესი ქალაქები: დიჟონი და ნევერი. დედაქალაქი — დიჟონი.
ცნობილია თავისი ღვინოებით (შაბლი, ნიუი-სენ-ჟორჟი) და საქონლის სხვადასხვა ჯიშებით.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბურგუნდია მოიცავს მდინარეების რონის, სონის, ლუარის აუზებში და სენის ზემო წელზე მდებარე მიწებს.[2] ბურგუნდიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში პარიზის აუზის ბორცვებიანი ვაკე თანდათან გადადის იურულ პლატოში (დაახლ. 200–145 მლნ. წ.), რომელიც ფართო რკალის სახითაა გადაჭიმული ნივერნეს პლატოდან (დასავლეთით) ლანგრის პლატომდე (აღმოსავლეთით). მათ შორის მოქცეულია მონანისა და შაროლეს მაღლობები. რელიეფის ეს ფორმები დასერილია ღრმულებითა და მდინარეთა ხეობებით; წარმოიქმნება მნიშვნელოვანი წყალგამყოფი: ლუარა და სენა მიედინება ჩრდილოეთით (ატლანტის ოკეანისკენ), სონა კი უერთდება რონას და მიედინება სამხრეთით (ხმელთაშუა ზღვისკენ).[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბურგუნდიის ტერიტორიაზე შუა საუკუნეებისა და ახალი დროის პერიოდში არსებობდა რამდენიმე სახელმწიფოებრივი, ადმინისტრაციული წარმონაქმნი და ფეოდალური სამფლობელო:[2]
- ბურგუნდების სამეფო — ბურგუნდების გერმანული ტომების სახელმწიფო. წარმოიქმნა 457 წელს. ცენტრი იყო ქალაქი ლიონი. 535 წელს შეუერთდა ფრანკთა სახელმწიფოს (მის შემადგენლობაში ბურგუნდების განსახლების არეალს შეუნარჩუნდა სახელი „ბურგუნდია“).
- ორი სამეფო, რომელიც IX საუკუნეში ფრანკთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა ყოფილი ბურგუნდების სამეფოს ტერიტორიაზე: ზემო ბურგუნდია (წარმოიქმნა 888 წელს) და ქვემო ბურგუნდია ანუ არელატი (წარმოიქმნა 879 წელს); დაახლ. 933 წელს გაერთიანდნენ ერთიან ბურგუნდიის სამეფოდ (ცენტრი — ქ. არლი), რომელიც 1032–1033 წლებში შევიდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში.
- ბურგუნდიის საგრაფო ანუ ფრანშ-კონტე
- ბურგუნდიის საჰერცოგო (IX–XV სს.), რომელიც XIV–XV საუკუნეებში შემოერთებულ ტერიტორიებთან ერთად ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო გახდა.
- ბურგუნდიის პროვინცია საფრანგეთის სამეფოში. ძირითადად წარმოიქმნა 1477 წელს ბურგუნდიის საჰერცოგოდან შემოერთებული მიწებით. ცენტრი — ქ. დიჟონი. 1790 წელს დაიყო 4 დეპარტამენტად.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბურგუნდია მცირედ დასახლებულია, განსაკუთრებით ურბანული რაიონების მიღმა. საფრანგეთში XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში მიმდინარე სასოფლო რაიონების ��ოსახლეობის შემცირების პროცესი ძლიერ გამოვლინდა ბურგუნდიაში. აქ მოსახლეობა 1872–1946 წლებში თითქმის მეოთხედით შემცირდა. ომის შემდგომ მოსახლეობის ზრდა დაიწყო, თუმცა 1980-იანი წლებიდან მნიშვნელოვნად შენელდა, ძირითადად მეზობელ რეგიონებში მიგრაციის შედეგად. საერთო რაოდენობის შემცირების მიუხედავად, ჩრდილოეთ დეპარტამენტებში (იონა, კოტ-დ’ორი) შეიმჩნევა ზრდა, რაც გამოწვეულია დედაქალაქის რეგიონიდან მოსახლეობის მიგრაციით.[3]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბურგუნდიის სოფლის მეურნეობა მრავალფეროვანია. ნიევრის მთიან რაიონებში და სონა და ლუარის დასავლეთ ნაწილში მოშენებულია მსხვილი რქოსანი საქონლის მეხორცული ჯიშები. სონა და ლუარაშია გამოყვანილი შაროლეს ჯიში. აღმოსავლეთში მოშენებულია მერძეული საქონელი. იონასა და ჩრდილოეთ კოტ-დ’ორში მოჰყავთ დიდი რაოდენობით მარცვლეული. კოტ-დ’ორის სამხრეთში, სონის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობა ბურგუნდიის მთავარი მეღვინეობის რაიონი. ვენახების ორი მთავარი ჯგუფია ბონი და ნიუი. აქ იწარმოება ყველაზე ცნობილი ბურგუნდიული ღვინოები: კლო-ვუჟო, ჟევრე-შამბერტენი, ნიუი-სენ-ჟორჟი, პომარი. იონის ხეობა ასევე გამოირჩევა მეღვინეობით, განსაკუთრებით ცნობილია თეთრი ღვინო შაბლი.[3]
მრეწველობა და მომსახურების სფერო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი ხანია ბურგუნდიის მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია მეტალურგია, განსაკუთრებით სონა და ლუარის დეპარტამენტში. სხვა დარგებია ელექტრომოწყობილობების წარმოება, ფარმაცევტიკა, ქიმიური და კვების მრეწველობა, რაც რეგიონის წარმოების დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს. დასაქმების მნიშვნელოვანი ნაწილი მომსახურების სფეროზე მოდის, თუმცა მისი ზრდა შენელებულია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რეგიონში მსხვილი მეგაპოლისები არ არის.[3]
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბურგუნდიაში გადის რამდენიმე მსხვილი სატრანსპორტო არტერია. დიჟონამდე, მაკონამდე და ლე-კრეზომდე დადის ჩქაროსნული მატარებელი. მდინარე სონა სანაოსნოა (დიდი ტევადობის ბარჟებისათვის) შალონ-სიურ-სონიდან სამხრეთით. სარკინიგზო და საავტომობილო წვდომის სიმარტივე ხელს უწყობს დედაქალაქის რეგიონიდან აქ მოსახლეობისა და საწარმოების გადმოსვლას.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ფრანგული) რეგიონული საკონსულოს გვერდი დაარქივებული 2016-01-13 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) ბურგუნდიის მცირე გზამკვლევი ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობებით
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ décret n° 60-516 du 2 juin 1960 portant harmonisation des circonscriptions administratives // Journal officiel de la République française — 1960. — ISSN 0242-6773
- ↑ 2.0 2.1 Малов В. Н. Бургундия // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 357.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Burgundy. Encyclopedia Britannica online (2024-01-29). ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2024
|
|