უიტ სტილმენი
უიტ სტილმენი | |
---|---|
სტილმენი 2017 წელს | |
დაბადების სახელი | ჯონ უიტნი სტილმენი |
დაბადების თარიღი |
25 იანვარი, 1952 ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატები |
ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | სცენარისტი, რეჟისორი |
აქტიური | 1973-დღემდე |
ჯონ უიტნი სტილმენი (ინგლ. John Whitney Stillman; დ. 25 იანვარი, 1952, ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი სცენარისტი და კინორეჟისორი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმია 1990 წელს გამოსული „მეტროპოლიტენი“, რომელმაც „ოსკარის“ ჯილდო მოიპოვა საუკეთესო ორიგინალური სცენარისათვის. სტილმენის ფილმებს შორის არის „ბარსელონა“ (1994), „დისკოს უკანასკნელი დღეები“ (1998), „უბედური ქალწულები“ (2011) და „სიყვარული და მეგობრობა“ (2016), რომელიც ჯეინ ოსტინის 1794 წლის მოთხრობაზეა დაფუძნებული, სახელწოდებით „ლედი სიუზანი“.
ადრეული ცხოვრება
ჯონ უიტნი სტილმენი 1952 წლის 25 იანვარს ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა.
იგი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც უნივერსიტეტის ყოველდღიური ჟურნალისთვის, სახელწოდებით The Harvard Crimson, სტატიებს წერდა.
კარიერა
1973 წელს სტილმენმა ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა და ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც იგი ამერიკულ გამომცემლობაში, Doubleday-ში, რედაქტორის ასისტენტად მუშაობდა.
1984-1988 წლებში სტილმენი სცენარს წერდა თავისი მომავალი ფილმისთვის, სახელწოდებით „მეტროპოლიტენი“. ფილმის პრემიერა 1990 წლის კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმში მთავარ როლებს კაროლინ ფარინა, ტეილორ ნიკოლსი, კრისტოფერ ეიგემენი და სხვები ასრულებენ. იგი მოგვითხრობს მდიდარი ახალგაზრდა სოციალისტების შესახებ, რომლებიც მანჰეტენზე ცხოვრობენ და მეგობრის სახლში ცხოვრებას, ფილოსოფიასა და საკუთარ ბედს განიხილავენ. [1] ფილმი 1991 წლის „ოსკარის“ დაჯილდოებაზე საუკეთესო ორიგინალური სცენარის კატეგორიაში იყო ნომინირებული. „მეტროპოლიტენის“ შესახებ სტილმენი ინტერვიუში ამბობს: „...„მეტროპოლიტენის“ სცენარის წერა ძალიან მიჭირდა. ამიტომ ვჩერდებოდი, ვისვენებდი და „სიამაყეს და მცდარ აზრს“ ვკითხულობდი. რამდენიმე გვერდს როცა წავიკითხავდი, ტვინში ფიქრები მილაგდებოდა. ამიტომ ჯეინ ოსტინი „მეტროპოლიტენისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.“[2]
1994 წელს გამოვიდა სტილმენის შემდეგი ფილმი, სახლეწოდებით „ბარსელონა“. ფილმი ნახევრად ავტობიოგრაფიულია, იგი 1980-იანებში სტილმენის ესპანეთში მოგზაურობით არის შთაგონებული [3] ფილმში ტეილორ ნიკოლსი, კრის ეიგემენი და მირა სორვი��ო მონაწილეობენ.
1998 წელს სტილმენმა გამოუშვა ფილმი, სახელწოდებით „დისკოს უკანასკნელი დღეები“, სადაც მთავარ როლებს ქლოი სევინი და კეიტ ბეკინსეილი ასრულებენ. ფილმი ტრილოგიის ნაწილია და „მეტროპოლიტენისა“ და „ბარსელონას“ გაგრძელებას წარმოადგენს.
13 წლის შემდეგ გამოვიდა სტილმენის მეოთხე ფილმი, „უბედური ქალწულები“, რომელშიც გრეტა გერვიგი, ადამ ბროუდი, ჰიუგო ბეკერი და ანალეი ტიპტონი მონაწილეობენ. მისი პრემიერა 2011 წელს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. [4]
სტილმენის 2016 წლის ფილმი, „სიყვარული და მეგობრობა“, ჯეინ ოსტინის 1794 წლის მოთხრობაზეა დაფუძნებული, სახელწოდებით „ლედი სიუზანი“. ფილმის პრემიერა 2016 წელს სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა კრიტიკოსებისაგან დადებითი შეფასებები მოიპოვა.[5]
2016 წელს სტილმენმა თავისი საყვარელი ფილმები დაასახელა: „საშინელი სიმართლე“ (1937, რეჟ. ლეო მაკკერი), „დანაშაული მადონას ქუჩაზე“ (1958, რეჟ. მარიო მონიკელი), „მხიარული განქორწინება“ (1934, რეჟ. მარკ სენდრიჩი), „ჰოვარდის აღსასრული“ (1992, რეჟ. ჯეიმს აივორი), „მორგან ქრიქის სასწაული“ (1943, რეჟ. პრესტონ სტურგსი), „მაღაზია ქუჩის კუთხეში“ (1940, რეჟ. ერნსტ ლუბიჩი), „მოპარული კოცნები“ (1968, რეჟ. ფრანსუა ტრიუფო), „სამოთხეზე უცნაური“ (1984, რეჟ. ჯიმ ჯარმუში), „უცნობები მატარებელში“ (1951, რეჟ. ალფრედ ჰიჩკოკი), „ვაგონის ოსტატი“ (1950, რეჟ. ჯონ ფორდი).[6]
ფილმოგრაფია
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1990 | ფ | „მეტროპოლიტენი“ | Metropolitan | რეჟისორი, სცენარისტი |
1994 | ფ | „ბარსელონა“ | Barcelona | რეჟისორი, სცენარისტი |
1998 | �� | „დისკოს უკანასკნელი დღეები“ | The Last Days of Disco | რეჟისორი, სცენარისტი |
2011 | ფ | „უბედური ქალწულები“ | Damsels in Distress | რეჟისორი, სცენარისტი |
2016 | ფ | „სიყვარული და მეგობრობა“ | Love & Friendship | რეჟისორი, სცენარისტი |
სქოლიო
- ↑ https://www.imdb.com/title/tt0100142/
- ↑ http://jasna.org/publications/persuasions-online/vol38no1/graham/
- ↑ https://books.google.com/books?id=L_j3ninWUdsC&lpg=PA200
- ↑ https://www.variety.com/article/VR1118034596?refCatId=13
- ↑ https://cultmtl.com/2016/06/love-friendship-whit-stillman/
- ↑ https://thefilmstage.com/whit-stillmans-top-10-films/