ნიკოლოზ რუხაძე
ნიკოლოზ მაქსიმეს ძე რუხაძე (დ. 4 ოქტომბერი, 1905, ამიერკავკასიის რკინიგზის სადგური კარატაპა (სხვა ინფორმაციით, სოფელი დიდი ჯიხაიში), რუსეთის იმპერია — გ. 15 ნოემბერი, 1955, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი, გენერალ-ლეიტენანტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკოლოზ რუხაძე დაიბადა 1905 წლის 4 ოქტომბერს ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ კარატაპაში (სხვა ინფორმაციით, დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში. ავტობიოგრაფიის თანახმად მისი ოჯახი იქ 1918 წელს გადავიდა), რკინიგზის მუშის ოჯახში. 1914-1918 წლებში სწავლობდა თბილისის მეორე ვაჟთა გიმნაზიაში, 1924 წელს დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი. 1922-1928 წლებში იყო კომკავშირის წევრი. 1927 წლის სექტემბრიდან შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში.
1924 წლის ივლისიდან დეკემბრამდე მუშაობდა ტფილისში, საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატში შემნახველი სალაროს სამმართველოს საქმის მწარმოებლად, 1925 წლის იანვრიდან ივნისამდე — ორჯონიკიძის სახელობის მექანიკური ქარხნის კომკავშირის ბიუროს პასუხისმგებელ მდივნად, 1925 წლის ივნისიდან 1926 წლის თებერვლამდე — ბათუმში, კომკავშირის აჭარის საოლქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგის მოადგილედ, ინსტრუქტორად, 1926 წლის მარტიდან დეკემბრამდე — კომკავშირის თელავის სამაზრო კომიტეტის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგედ, 1927 წლის იანვრიდან აპრილამდე — ტფილისში, კავკასიის არმიაში პასუხისმგებელ თარჯიმნად. ამავე წლიდან მან ორგანოებში დაიწყო მუშაობა. 1927 წლის მარტიდან ივნისამდე იყო აჭარის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საინფორმაციო-აგენტურული განყოფილების საიდუმლო თანამშრომელი, 1927 წლის ივლისიდან 1930 წლის დეკემბრამდე მუშაობდა აჭარის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საინფორმაციო-აგენტურული — პოლიტიკური კონტროლის განყოფილების რწმუნებულად. 1931 წლის იანვრიდან დეკემბრამდე იყო აჭარის ასსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ქობულეთის რაიონული ქვეგანყოფილების უფროსი, 1932 წლის იანვრიდან 1933 წლის აპრილამდე — აჭარის ასსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების უფროსი, 1933 წლის აპრილიდან 1934 წლის ივნისამდე — საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული ქვეგანყოფილების უფროსი, 1934 წლის ივლისიდან 1935 წლის მარტამდე — საქართველოს სსრ შინსახკომის მახარაძის რაიონული ქვეგანყოფილების უფროსი, 1935 წლის მარტიდან 1937 წლის ოქტომბრამდე — შინსახკომის გაგრის საქალაქო განყოფილების უფროსი და სოხუმის სასაზღვრო კომენდატურის კომენდანტი, 1937 წლის ოქტომბრიდან 1938 წლის სექტემბრამდე — საქართველოს კპ (ბ) ცკ-თან არსებული საბჭოთა პარტიული კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი და საკავშირო კპ (ბ) ცკ პარტიული კონტროლის კომისიის პარტკოლეგიის წევრი საქართველოში. 1938 წლის აგვისტოდან 1939 წლის მარტამდე სსრკ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი გახლდათ, 1939 წლის მარტიდან 1941 წლის 26 მარტამდე — საქართველოს სსრ შინსახკომის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, 1941 წლის 7 მარტიდან 24 აგვისტომდე — საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პირველი მოადგილე, 1941 წლის 24 აგვისტოდან 1943 წლის 29 აპრილამდე — შინსახკომის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი — ამიერკავკასიის ფრონტზე, ყირიმში, კავკასიასა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტებზე. 1943 წლის 29 აპრილიდან 1945 წლის 22 ივლისამდე იყო ამიერკავკასიის ფრონტის „სმერში“-ს („სიკვდილი ჯაშუშებს“) კონტრდაზვერვის სამმართველ��ს უფროსი, 1945 წლის 22 ივლისიდან 1946 წლის 6 მაისამდე — თბილისის სამხედრო ოლქის „სმერში“-ს კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი. ნ. რუხაძე 1941 წლის აგვისტოდან 1944 წლამდე, მუშურ-გლეხური წითელი არმიის ნაწილებთან ერთად, მივლინებით იმყოფებოდა ირანში (თავრიზი, კაზინი, თეირანი), 1945 წლის სექტემბრიდან 1946 წლის იანვრამდე კი — შინსახკომის ოპერჯგუფის ხელმძღვანელობით ბერლინში. 1946 წლის 6 მაისიდან 1948 წლის 12 იანვრამდე იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის „სმერში“-ს კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსი. 1948 წლის 12 იანვრიდან 1952 წლის 9 ივნისამდე — საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.
1952 წლის 11 ივლისს ნიკოლოზ რუხაძე დააპატიმრეს. სსრ კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ თბილისში, 1955 წლის 19 სექტემბერს გამართულ პროცესზე მას დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნა 1955 წლის 15 ნოემბერს. იგი რეაბილიტირებული არ არის.
სპეციალური წოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაიორი (22.04.1936),
- სახელმწიფო უშიშროების კაპიტანი (19.07.1939),
- სახელმწიფო უშიშროების მაიორი (22.10.1940),
- სახელმწიფო უშიშროების უფროსი მაიორი (13.04.1942),
- სახელმწიფო უშიშროების კომისარი (14.02.1943),
- გენერალ-მაიორი (26.05.1943),
- გენერალ-ლეიტენანტი (02.11.1944).
ჯილდოები და მედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1955 წლის 1 ოქტომბრის #1760-950ს დადგენილებით, როგორც „საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ გასამართლებულს“, გენერალ-ლეიტენანტის წოდება ჩამოერთვა. ჯილდოები: წითელი დროშის ხუთი ორდენი (13.12.1942, 08.03.1944, 31.07.1944, 21.05.1947, 24.08.1949); სამამულო ომის პირველი ხარისხის ორი ორდენი (28.10.1943, 13.09.1945), წითელი ვარსკვლავის ორი ორდენი (22.07.1937, 03.11.1944), სამი მედალი; საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოსგან გადაეცა ოქროს საათი 1934 წელს ლანჩხუთის რაიონში ბანდების ლიკვიდაციის გამო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თუშურაშვილი ო., ჯახუა ი., „XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები“, თბილისი, 2013. — გვ. 107-108, ISBN 978-9941-0-5532-4.