საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
იურისდიქცია | საქართველო |
უწყების ხელმძღვანელი | ნინო ქადაგიძე, საბჭოს თავმჯდომარე |
საიტი | |
www.hcoj.gov.ge | |
შენიშვნა | |
მისამართი: ქ.თბილისი, ბოჭორმის ქ.12
|
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო — წარმოადგენს სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი. ახალი კანონის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის საბჭოს შექმნა. საქართველოს იუსტიციის საბჭოს ფუნქციებად განისაზღვრა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლება, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავება და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულება.
საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 დეკემბრის N 868 - Iს დადგენილებით, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრს მიხეილ სააკაშვილს მიენიჭა საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომის თავმჯდომარეობის უფლებამოსილება.
საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 12 წევრით, სადაც 3 მოსამართლე იყო წარმოდგენილი. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე. ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 4 წევრი, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდა სამს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 4 წევრი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული 1 წევრი.
2004 წლის 30 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 9 წევრით, თუმცა აღნიშნულს მოსამართლეთა რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 2 წევრი, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდა ერთს და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 2 წევრი.
2005 წლის 25 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 18 წევრით, რომელთაგან 8 წევრს საერთო სასამართლოების მოსამართლეებისაგან ირჩევდა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.
საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,. ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 4 წევრი, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდა სამს და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 2 წევრი.
2006 წლის 25 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 19 წევრით. საბჭოს შემადგენლობიდან გავიდა საქართველოს გენერალური პროკურორი, ხოლო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვრა 9 წევრით.
საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 5 წევრი, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდა ოთხს და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 2 წევრი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსისა და მისი ფუნქციური მოვალეობების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო 2006 წლის 27 დეკემბერს და 2007 წლის 19 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც შექმნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მეტი გარანტიები. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსი და დაკომპლექტების პრინციპი სრულად შეესაბამება მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევროპის ქარტიის ზოგად პრინციპებს.
საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 15 წევრით. საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს საერთო სასამართლოებს საბჭოში წარმოადგენენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. (საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი). საქართველოს პარლამენტის კვოტა განისაზღვრა 4 წევრით, რომელთაგან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის საბჭოს შემადგენლობაში. საქართველოს პრეზიდენტს საბჭოში წარმოადგენს მის მიერ დანიშნული 2 წევრი.
2008 წლის 5 ივლისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის კვოტით საბჭოში, სავალდებულო წესით, შედის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, რაც კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეალურად იქცა სასამართლოს სისტემის და თითოეული კონკრეტული მოსამართლის ინტერესების გამტარებელ დამოუკიდებელ ორგანოდ, რომლის საქმიანობა მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განვითარებისაკენ.[1]
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები.
საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი ან რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე. ასეთი წევრი ასევე არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს თანამდებობა მას თანამდებობრივად უკავია კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან სამზე მეტი არ შეიძლება იყოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.
საქართველოს პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს, რომლებიც შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს / საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება დანიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით / უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ/საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ზედიზედ ორჯერ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავ��სი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.[2]
აპარატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი. აპარატში იქმნება დეპარტამენტები, სამმართველოები, სამსახურები და სხვა სტრუქტურული ერთეულები. სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციები და ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.[3]
სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის შემადგენლობაშია სამართლებრივ საკითხთა სამმართველო და საფინანსო-სამეურნეო სამართველო.
დეპარტამენტი უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართალშემოქმედებით საქმიანობას; გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას, ამოწმებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების კანონმდებლობასთან შესაბამისობას და ადმინისტრაციული საჩივრების მომზადებას; სასამართლო დავებზე და საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობას; უზრუნველყოფს დავების ანალიზს, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს; აღრიცხავს ერთიან საინფორმაციო ბანკს; ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებას.
სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი შედგება სამი სამმართველოსაგან: სისხლის სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო; სამოქალაქო საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო; ადმინისტრაციულ საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო.
დეპარტამენტის ფუნქციებია: საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების მომზადება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკის წარმოება და მისი განზოგადება.
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის შემადგენლობაშია ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვისა და ანალიზის სამმართველო.
დეპარტამენტის ფუნქციებია: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატისა და საერთო სასამართლოებისათვის საკადრო პოლიტიკის და ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება; საერთო სასამართლოების მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება; საერთო სასამართლოების აპარატის მოსამსახურეთა და სტაჟიორთა საკადრო აღრიცხვა დასაინფორმაციო ბანკის მართვა; საკადრო ინდივიდუალური ადმინისტ���აციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოს ანალიზის საფუძველზე სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა, შედეგების დადგენა და დასკვნების მომზადება. ორგანიზებას უწევს მოხელეთა შერჩევის პროცესს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად, კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზება და ჩატარება; იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად მოხელეთა პროფესიული გადამზადების ორგანიზება; საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საქმიანობა; ახორციელებს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მოწყობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საქმიანობას; ამზადებს დოკუმენტაციას საბჭოს წევრებისა და აპარატის მოხელეებისათვის სახელმწიფო სოციალურ წოდებათა მინიჭების და საპენსიო საბუთების გაფორმების თაობაზე; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზება; შინაგანაწესის შემუშავება, თანამშრომელთა შრომის დისციპლინის კონტროლი, შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნის წარდგენა იუსტიციის საბჭოს მდივნისთვის; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებისა და საბჭოს მდივნის ბრძანებების რეესტრის წარმოება.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უზრუნველყოფს უცხო სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მათ წარმომადგენლობებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ურთიერთობის დამყარებას და მის შემდგომ წარმართვას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ამზადებს ანგარიშებს და წარადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე; უზრუნველყოფს წინადადებების შემუშავებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე; ხელს უწყობს სასამართლო რეფორმის განხორციელებას და ამ კუთხით შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს და წინადადებებს; მონაწილეობს ეროვნული სამოქმედო გეგმების შექმნისა და იმპლემენტაციის პროცესში; იკვლევს საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებს და ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის შემადგენლობაშია კანცელარია, მანდატურის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური.
დეპარტამენტი აწესრიგებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი აპარატის სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაციასა და გადაგზავნას, ორგანიზაციას უწევს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას; ახორციელებს საიდუმლო კორესპონდენციების მიღებას, რეგისტრაციას, მოძრაობის გაფორმებას, გაგზავნას, დავალებათა შესრულების კონტროლს, საქმეთა ფორმირებას; საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებას, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზებას, არქივის წარმოებას; უზრუნველყოფს ლოკალური კომპიუტერული ქსელის, ინტერნეტთან კავშირის, ვებ გვერდის, ტელე-საკომუნიკაციო ქსელების მონტაჟს და მათ გამართულ ფუნქციონირებას; თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების მიზნით უზრუნველყოფს აპარატის მოხელეთა გადამზადებას, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.
მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლეების აღრიცხვა და შეფასების პერიოდების დაცვის კონტროლი; თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის დაწყებისთანავე შეფასების პროცედურების თაობაზე მოსამართლეთა ინფორმირება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემფასებელი წევრებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა და კონკრეტული კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება; შეფასების თითოეული პერიოდის დასრულებისთანავე მოსამართლის შეფასების ანგარიშების დალუქული სახით შენახვა და მოთხოვნის შემთხვევაში მათი შესაფასებელი მოსამართლისათვის გაცნობა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება მოსამართლის საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით; მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვ���ტილებაზე საჩივრისა და თანდართული მასალების საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატისათვის გადაცემა.
სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის ფუნქციებია:
საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციის შესწავლა; სასამართლო საქმისწარმოების ფორმების შემუშავება; მოსამართლეთა დატვირთულობის დადგენისა და სასამართლოში მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრისა და საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვის თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით სასამართლო სტატისტიკის მასალების ანალიტიკური დამუშავებისა და განზოგადების უზრუნველყოფა; საპროცესო ვადების დაცვის თაობაზე და საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებთან დაკავშირებით რაიონული (საქალაქო) სასამართლოებიდან გადმოგზავნილ მასალების შესწავლა და მათი განზოგადება; საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის ხარისხობრივი მაჩვენებლებს განსაზღვრა და საერთო სასამართლოების სისტების საქმიანობის ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება; საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირების ზედამხედველობა, მისი დახვეწის მიზნით რეკომენდაციების მომზადება და სხვა.
დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის ფუნქციებია:
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; დისციპლინური გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით დოკუმენტების პროექტების მომზადება; დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული სხდომების მოწვევის ორგანიზება; სასამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკის წარმოება, მის განზოგადების უზრუნველყოფა და სხვა.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. დეპარტამენტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი:
განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად; უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით; უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით; ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას; ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.[4]
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი სფეროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კონკურსების ორგანიზება და ჩატარება
1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობასა და დებულებას, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამასა და გამოცდაში მონაწილეობის საფასურს.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით აცხადებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელად მისაღებ კონკურსს, განსაზღვრავს იუსტიციის მსმენელობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას და ატარებს კონკურსს.
3. რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას აცხადებს კონკურსს, განსაზღვრავს მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას, კონკურსის ჩატარების პირობებს, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და ატარებს კონკურსს.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს პროკურატურის მუშაკთა საგამოცდო ტესტების წინასწარ გამოქვეყნებას. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პერიოდულობას და გამოცდის პროგრამას, საგამოცდო კომისიის დებულებას და კომისიის შემადგენლობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
- პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეს, სააპელაციო სასამართლოს პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს.
2. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები ფიცს დებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე. მოსამართლის ფიცის ტექსტს, მოსამართლის თანამდებობრივ განმასხვავებელ ნიშნებს, მოსამართლის ჩაცმულობის ფორმას და მოსამართლის სამსახურებრივი მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, იღებს გადაწყვეტილებას სხვა მოსამართლისათვის თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრებისა და დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისაგან გათავისუფლების შესახებ.
4. მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის თანაშემწისა და სხდომის მდივნის შესაბამის სასამართლოში მივლინების შესახებ.
5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიმუშავებს მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს.
- პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების შექმნა, სამოქმედო ტერიტორიის, მოსამართლეთა რაოდენობის და სპეციალიზაციის განსაზღვრა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:
1. ქმნის რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებს და სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებს.
2. განსაზღვრავს: რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიას; რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას; მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორიას და რაოდენობას; მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში; სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას და მოსამართლეთა რაოდენობას; სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და შემადგენლობას; რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას.
3. საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, უფლებამოსილია განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია.
- სამართალშემოქმედებითი და ანალიტიკური საქმიანობა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:
1. შეიმუშავებს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს; განიხილავს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს და შეიმუშავებს სათანადო დასკვნებს; შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს და სასამართლო საქმისწარმოების ფორმებს.
2. ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოსამსახურეთა შეფასების წესს.
3. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიას და რეგლამენტს, აგრეთვე სამოსამართლო ეთიკის კოდექსს. უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებს მოსამართლეთა კონფერენციის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ მის წინაშე დასმულ საკითხებზე.
4. განიხილავს სასამართლოს სტატისტიკის ანალიზის მასალებს.
5. შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე.
- დისციპლინური სამართალწარმოება და ხარისხის მართვა საერთო სასამართლოებში
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:
1. კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საერთო სასამართლოების მოსამ��რთლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას.
2. იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით მოსამართლეების წახალისების შესახებ.
3. ამტკიცებს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის სტანდარტებს.
4. უზრუნველყოფს საზოგადოებასთან გამჭვირვალე ურთიერთობას და ხელს უწყობს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობისა და რწმენის განმტკიცებას.
- საერთო სასამართლოების ბიუჯეტის პროექტის შედგენა, თანამდებობრივი სარგოებისა და ხარჯების განსაზღვრა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:
1. საქართველოს მთავრობას წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს.
2. ადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისა და საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს, სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით.
3. განსაზღვრავს მოსამართლის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) თანამდებობრივ სარგოზე დანამატს.
4. ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას, აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურასა და საშტატო რაოდენობას.
5. იღებს გადაწყვეტილებას საერთო სასამართლოების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
- სასამართლო ხელისუფლების ინტერესების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს ნორმატიული აქტების შესაბამისობას კონსტიტუციის 82-ე, 84-ე, 86-ე, 861, 87-ე და 90-ე მუხლებთან.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამატებითი საქმიანობის სფეროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის უმაღლესი სკოლა
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დანიშნულებაა – მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც იქმნება 6 წევრის შემადგენლობით. დამოუკიდებელ საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი. დამოუკიდებელი საბჭოს ხუთ წევრს, რომელთაგან ერთი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, ამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით, 3 წლის ვადით.
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს. კომისიის მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის ხელშეწყობა. კომისია შედგება 5 წევრისაგან, რომლის შემადგენლობაში შედის როტაციის წესით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი.
2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე ��უხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, რომლის შემადგენლობაში შედის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი. საბჭოს საქმიანობაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაარქივებული 2018-08-30 საიტზე Wayback Machine.
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს საიტი
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები დაარქივებული 2012-10-11 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საიტი
- სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" დაარქივებული 2012-07-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ისტორია. hcoj.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-30. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2019.
- ↑ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. hcoj.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-16. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2019.
- ↑ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი. hcoj.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-30. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2019.
- ↑ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. hcoj.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-30. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2019.