იუზა ვასაძე
იუზა შალვას ძე ვასაძე (დ. 27 დეკემბერი, 1935, ქუთაისი, — გ. 7 ოქტომბერი, 2022) — ქართველი აგრონომი, ინჟინერ-ტექნოლოგი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (2001), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1995).
1959 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1961 წელს — საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. 1976–1992 წლებში, სხვადასხვა დროს, იყო სოფელ გალავნის, მცხეთის, საგურამოს ექსპერიმენტული მეურნეობების დირექტორი, 1992–1994 წლებში — კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მინისტრის მოადგილე, 1994–1997 წლებში — სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, 1997–1999 წლებში — მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტის „სამტრესტის” თავმჯდომარე, 1999–2002 წლებში — საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მრჩეველი ცხინვალის რეგიონში, 2002–2012 წლებში — საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეხილეობის ტექნოლოგიური კვლევის განყოფილების გამგე, 2011 წლიდან — საქართველოს „მევენახეთა, მეღვინეთა და მებაღეთა სამეცნიერო-კვლევითი საწარმოო კავშირის” პრეზიდენტი.
ვასაძემ შეისწავლა ხეხილოვანი კულტურების თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები, აღწერა 16-ზე მეტი ვაშლის ადგილობრივი ჯიში, რაც საფუძვლად დაედო ამ ჯიშების გამრავლებას საქართველოში. ავტორია 9 გამოგონების. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი (1997).
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 192.