დიმიტრი დადიანი
დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი (1848[1] — გ. 16 ივლისი, 1895, ოდესა) — ქართველი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა ოდესის უნივერსიტეტში (არ დაუმთავრებია). საფუძვლიანი აგრონომიული განათლება მიიღო საფრანგეთში. დაბრუნების შემდეგ ელიზავეტპოლის გუბერნიაში მსახურობდა საგანგებო მინდობილობათა მოხელედ. შემდეგ ქუთაისში ეწეოდა ჟურნალისტურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას: 1881-1883 რედაქტორობდა გაზეთ „შრომას“, აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის პუბლიცისტურ თხზულებებს ქართულ და რუსულ პრესაში („დროება“, „შრომა“, „ივერია“, „ნოვოე ობოზრენიე“ და სხვ.). დადიანის შეხედულებით, ქართველი ხალხის საერთო-ეროვნული თვითშეგნების გამთლიანება-აღორძინებისთვის აუცილებელი იყო საზოგადოებრიობის ყველა ფენის კონსოლიდაცია ეროვნული იდეოლოგიის გარშემო, ეკონომიკის დაწინაურება და კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესების პერმანენტული განვითარება. 1884–1890 წლებში განაგებდა ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკს. თავიდან მომხრე იყო თბილისის და ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკების შეერთებისა, რაზეც გამოქვეყნებული აქვს სპეციალური წერილი „მუდამ ცალ-ცალკე თუ ერთად“ („დროება“, 1875, №44). სიცოცხლის ბოლო წლებში დადიანი იყო სენაკის მაზრის თავადაზნაურობის დეპუტატი. 1895 წელს ტუბერკულოზით დაავადებული დადიანი სამკურნალოდ ]]ავსტრია\\ში გაემგზავრა, მაგრამ გზაში (ოდესაში) გარდაიცვალა. დაკრძალულია სენაკში.
ლიტერატურა
- ჯოლოგუა თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 252.
სქოლიო
- ↑ ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედია, 1837-1907 : სიტყვანი / ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრი ; [წიგნზე მუშაობდნენ: გიორგი აბაშიძე, ნინო მამარდაშვილი, მანანა ბარათაშვილი და სხვ.]. საგამომცემლო ცნობები თბ. : უნივერსალი, 2010. — გვ. 208.