ხეთების სამეფო, ხათი (Hatti) — ერთ-ერთი ძველაღმოსავლური სახელმწიფო მცირე აზიაში (დაახლ. ძვ. წ. 1800-1180 წწ.). დედაქალაქი — ხათუსა.

ხეთების სამეფო (წითელი) დაახ. ძვ. წ. 1300 წელს

ძვ. წ. II ათასწლეულში მცირე აზიაში რამდენიმე დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფო (ქანესი, ქუსარა, ხათი, ცალფა და სხვა.) არსებობდა. ქალაქ-სახელმწიფოებს მართავდა მეფე, რომლის უფლებებს ზღუდავდა დიდებულთა კრება. ამათგან დაწინაურდა ქუსარა. მისმა მმართველმა ანითამ (დაახლოებით ძვ. წ. 1750) დანარჩენი ქალაქ სახელმწიფოების დამორჩილება მოახერხა და ერთ-ერთი ადრინდელი ხეთური გაერთიანებული სახელმწიფო შექმნა. ხეთური წერილობითი ტრადიციის თანახმად, ქუსარა იყო ინდოევრუპული ხეთების (ნესიტების) უძველესი პოლიტიკური ცენტრი მცირე აზიაში. ისტორიული ტრადიციაც ხეთების ისტორიის ადრინდელ პერიოდს უკავშირებს ქუსარას, მაგრამ ხეთების სახელმწიფოს ფუძემდებლად მიიჩნევს არა ათინას არამედ ქუსარის მეფეს — ლაბარნა I-ს.

ხეთების მეფე ლაბარნამ დაიპყრო ჩრდილოეთი სირია და შორეული ბაბილონი. იგი ეგვიპტეშიც შეიჭრა. ხეთების სამეფო „ზღვიდან ზღვამდე“ (შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე) გადაიჭიმა. ხეთთა საბრძოლო წარმატებები დიდად განაპირობა მათი ჯარის კარგმა ორგანიზებამ და ცხენიანი საბრძოლო ეტლისა და რკინის იარაღის გამოყენებამ.

ძვ. წ. XV საუკუნეში დაპყრობილ ხალხთა აჯანყებებმა და ჯარის არაერთგზის დამარცხებამ ხეთების სამეფო დაასუსტა. გაძლიერებულმა ეგვიპტემ კი ის სირიიდან მთლიანად განდევნა.

ძვ. წ. XIV საუკუნეში ხეთები კვლავ გაძლიერდნენ. მათ ჯერ მცირე აზიაში დაიბრუნეს ძველი სამფლობელოები, შემდეგ კი ეგვიპტესთან სირიისთვის ბრძოლა შეთანხმებით დაამთავრეს. ამ შეთანხმების თანახმად, ხეთები ჩრდილოეთ სირიაში, ეგვიპტელები კი — სამხრეთ სირიაში გაბატონდნენ.

შავი ზღვის სამხრეთით, ხეთების ჩრდილოეთით ქართველური წარმოშობის ტომები ცხოვრობდნენ. აქ ჩაისახა და მოგვიანებით ჩამოყალიბდა მათი პირველი გაერთიანებები — დიაოხი და კოლხა. ხეთებთან რვასაუკუნოვანმა სიახლოვებ ერთგვარი კვალი ქართული ენის განვითარებასაც დაამჩნია.

ხეთების ყოველ ტომსა თუ დასახლებას საკუთარი ღვთაება ჰყავდა, ამიტომ მათ სამეფოს ხშირად „ათასი ღვთაების ქვეყნად“ მოიხსენიებენ.

ძვ. წ. 1200 წელს უკვე საკმაოდ დასუსტებული ხეთების სამეფო ეგეოსის ზღვის სამხრეთიდან დაძრულმა „ზღვის ხალხებმა“ გაანადგურეს.

წყაროები და ისტორიოგრაფია

რედაქტირება

ანტიკური ხანის ავტორებს არავითარი ცნობები არ შემოუნახავთ ხეთების ქვეყანაზე. უფრო მეტიც, მათ საერთოდ არ იცოდნენ, რომ ძვ. წ. II ათასწლეულში, ანატოლიაში არსებობდა ცივილიზაცია, რომელიც დიდად არ ჩამოუვარდებოდა მესოპოტამიურსა და ეგვიპტურს. არც ბიბლია იძლევა ცნობებს ძვ. წ. II ათასწლეულის დროინდელ ხეთებზე. მართალია „ძველ აღთქმაში“ რამდენჯერმეა ნახსენები „ხეთები“ (ებრ. „ჰიტტიმ“, ძვ. ქართ. „ქეტელნი“, „ძენი ქეტისნი“), მაგრამ აქ იგულისხმებიან არა II ათასწლეულის ცენტრალურ მცირე აზიაში მოსახლე ტომები, არამედ ის „ხეთები“, რომლებიც ჩრდილოეთ სირიაში ცხოვრობდნენ ძვ. წ. I ათასწლეულში.

II ათასწლეულის მცირე აზიის, კერძოდ, მისი ცენტრალური ნაწილის ისტორიის შესწავლა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეცნიერთა განკარგულებაში აღმოჩნდა ე. წ. „კაპადოკიური“ ფირფიტები და, რაც მთავარია, ხეთური ლურსმული ტექსტები. ხეთების ისტორიაზე მოიპოვება ცნობები ეგვიპტური და ასურულ-ბაბილონური წყაროებიდან, თელ-ამარნას, რას-შამრასა (უგარითის) და სხვა არქივებიდან, ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალიდან.

არქეოლოგიური გათხრების ისტორია

რედაქტირება
 
იაზილიქაიას კლდის რელიეფი, რომელზეც გამოსახულია ქვესკნელის სამეფოს 12 ღმერთი.

ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში თურქეთში აღმოაჩინეს ძვ. წ. II ათასწლეულის დროინდელი ძეგლები. ამავე საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა არქეოლოგმა და მოგზაურმა შ. ტექსიემ ერთ-ერთმა პირველთაგანმა იმოგზაურა ანატოლიაში, მოინახულა პატარა თურქული სოფელი ბოღაზქოი და მასთან ახლოს მდებარე იაზილიქაიას კლდეში ნაკვეთი ბარელიეფი. 1839 წელს შ. ტექსიემ პარიზში გამოაქვეყნა წიგნი „მცირე აზიის აღწერა“, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხალხს, რომლის ძლიერებაზე მიუთითებდა ბოღაზქოის ნანგრევები, უძველეს ხანებში უნდა ეცხოვრა მცირე აზიაში.

შ. ტექსიეს შემდეგ ბოღაზქოიში ჩავიდა ინგლისელი უ. ჰამილტონი, რომელმაც აღმოაჩინა უძველესი დროის ნანგრევები სოფელ ალაჯა-ჰუიუქში. 1890-იან წლებში ბოღაზქოიში მოეწყო ბერლინის საიმპერიო მუზეუმის ექსპედიცია. ამავე ხანებში აქ ფრანგმა შანტრმა და გერმანელმა შეფერმა აღმოაჩინეს ლურსმული დამწერლობით შესრულებული ტექსტების რამდენიმე ფრაგმენტი.

დიდი ცდების მიუხედავად, ამ მეცნიერთა და მოგზაურთაგან ვერც ერთმა სწორად ვერ განსაზღვრა ცენტრალურ ანატოლიაში აღმოჩენილი ძეგლების მნიშვნელობა, კერძოდ ის, რომ ყველა ეს ძეგლი ეკუთვნოდათ ძვ. წ. II ათასწლეულის დროინდელ ხეთებს. ტექსიეს აზრით, ბოღაზქოი წარმოადგენდა ანტიკურ ქალაქ ფტერიას (ფტერის), სადაც კრეზისი და კიროსი შეებრძოლნენ ერთმანეთს, ხოლო იაზილიქაიას გამოსახულებებმა მას მოაგონა ამოძონებისა და პაფლაგონელების შეტაკება.[1] არც შანტრმა და არც შეფერმა იცოდნენ, რომ მათ მიერ ნაპოვნი ფრაგმენტები ხეთურ ენაზე იყო შედგენილი.

XIX საუკუნეში არავის შეეძლო განეხილა ბოღაზქოი როგორც ხეთების სახელმწიფოს დედაქალაქი, ხოლო იაზილიქაია – ხეთურ ღვთაებათა პროცესია ცალკეულ მეფეთა პორტრეტებით. ამის მიზეზი იყო ის, რომ XIX საუკუნის ბოლოსათვის ხეთების ქვეყანას სპეციალისტები ათავსებდნენ არა ანატოლიაში, არამედ ჩრდილოეთ სირიაში, სადაც აღმოაჩინეს მანამდე უცნობი იეროგლიფური დამწერლობით შესრულებული მრავალი წარწერა.

1870-იანი წლების დასასრულისათვის მეცნიერთა ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ჩრდილოეთ სირიაში აღმოჩენილი იეროგლიფური დამწერლობით შესრულებული იყო აგრეთვე რამდენიმე წარწერა ანატოლიიდან. ამან საშუალება მისცა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს არჩიბალდ სეისს და უილიამ რაიტს წამოეყენებინათ მოსაზრება, რომ ჩრდილოეთ სირიასა და მცირე აზიაში აღმოჩენილი იეროგლიფური ძეგლები და წარწერები ეკუთვნოდათ ხეთებს, რომელთა პირველსაცხოვრისი, მათი აზრით, სირია იყო, საიდანაც უნდა მომხდარიყო მათი განსახლება ანატოლიისაკენ.

ეს შეხედულება XX საუკუნის დასაწყისამდე ბატონობდა სამეცნიერო ლიტერატურაში. ამასობაში კი ჩრდილოეთ სირიაში აღმოჩენილ იქნა კიდევ მრავალი იეროგლიფური წარწერა, რომელსაც უკვე „ხეთურს“ უწოდებდნენ.

როგორც შემდგომ გაირკვა, ეს წარწერები სრულიადაც არ წარმოადგენდნენ ნამდვილ ხეთურ ტექსტებს, რომლებიც მაშინ არც კი იყო აღმოჩენილი (თუ არ ჩავთვლით სულ რამდენიმე ფირფიტას). ის არ განიხილებოდა, როგორც II ათასწლეულის დროინდელი ხეთების ენაზე შედგენილი ტექსტები. ხეთურ საიდუმლოებას ფარდა ახადა გერმანელი აღმოსავლეთმცოდნის, ჰუგო ვინკლერის გათხრებმა, რომლებიც 1906 წელს დაიწყო ბოღაზქოიში „გერმანიის აღმოსავლური საზოგადოების“ მხარდაჭერით და 1912 წლამდე გაგრძელდა.

ჰ. ვინკლერის გათხრების შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბოღაზქოიში გამომზეურებულ იქნა 10.000-ზე მეტი ლურსმული ფირფიტა და ფრაგმენტი, რომელთა ერთი ნაწილი შედგენილი იყო სპეციალისტებისათვის უკვე კარგად ცნობილ აქადურ ენაზე. ჰ. ვინკლერისათვის აშკარა გახდა, რომ ბოღაზქოის არქივი ეკუთვნოდათ იმ ხეთებს, რომლებიც ძვ. წ. II ათასწლეულში, თელ-ამარნას ფირფიტებისა და ეგვიპტური წარწერების ხანაში ცხოვრობდნენ მცირე აზიაში და არა ჩრდ��ლოეთ სირიაში, ხოლო თვითონ ბოღაზქოი ხეთების დედაქალაქი იყო.

„არცავას წერილებისა“ და ამ ფირფიტების შედარებამ ვინკლერი დაარწმუნა, რომ მას საქმე ჰქონდა ერთსა და იმავე, კერძოდ, ხეთურ ენაზე შედგენილ ტექსტებთან, რომელთა გაშიფრვისას მეცნიერები მოულოდნენ სიძნელეებს წააწყდნენ. ამ წარწერების ენის გაშიფრვა 1915 წელს მოახერხა ჩეხმა ასირიოლოგმა ბედრჟიხ ჰროზნიმ, რომელმაც დაადგინა, რომ იგი ინდოევროპულ ენათა ოჯახს განეუთვნებოდა.[2] ლურსმული ფირფიტების შემდგენლები თავიანთ ენას უწოდებდნენ არა „ხეთურს“, არამედ „ნესურს“ (ზოგჯერ „ქანესურს“), რომელიც წარმომდგარია მცირეაზიული ქალაქის სახელწოდებისაგან „ნესა“ (ანდა „ქანესი“). მათ დედაქალაქს, რომელიც ბოღაზქოის ადგილას იყო, ხათუსა ერქვა, ხოლო ქვეყანას ხათი. ეს უკანასკნელი გეოგრაფიულად მცირე აზიით შემოიფარგლებოდა და II ათასწლეულში სრულიადაც არ მოიცავდა ჩრდილოეთ სირიას.

მოსახლეობა

რედაქტირება
 
ხეთების ეტლი, ეგვიპტური რელიეფი

მკვლევარები ძირითადად თანხმდებიან იმ საკითხში, რომ ხეთური ტომები ანატოლიაში სხვა რეგიონიდან არიან მოსული ადრეული ბრინჯაოს ხანის შედარებით გვიანდელ პერიოდში და შესაბამისად, ანატოლია არ შეიძლება ყოფილიყო მათი პირველსაცხოვრისი.[3]

ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისისათვის მცირე აზიაში უკვე ცხოვრობდნენ ინდოევროპული წარმოშობის ტომები, რაც დასტურდება „კაპადოკიურ“ ფირფიტებში შემონახული პირთა სახელებით, ანდა ცალკეული სიტყვებით, რომლებიც ხეთურ ლექსიკაში არსებობს. ამ ტომთა გამოჩენა ანატოლიაში ძვ. წ. XX საუკუნეზე უფრო ადრეულ ხანებშია სავარაუდებელი.

ძვ. წ. II ათასწლეულის დამდეგს მცირე აზიაში არსებობდა აგრეთვე სემიტური ეთნიკური ჯგუფი, მაგრამ იგი არ განეკუთვნებოდა ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ჯგუფში შედიოდნენ მცირე აზიაში სავაჭროდ ჩამოსული სემიტები, რომელთა რამდენიმე თაობამ იცხოვრა აღმოსავლეთ ანატოლიაში.

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომლის თანახმადაც ინდოევროპული ტომებისა და ადგილობრივი პროტოხეთური მოსახლეობის შერევა-შეჯვარედინების შედეგად მცირე აზიაში ჩამოყალიბდა ხეთური ეთნოსი, ხეთების სახელმწიფოს შემქმნელი. ხეთური ხანის მცირე აზიაში ნესიტების (ხეთების) გარდა, ცხოვრობდნენ მათი მონათესავე ლუვიელები (სამხრეთ ანატოლიაში) და ფალაელები (ჩრდილოეთ ან ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში). უცნობია, თუ საიდან ან როდის გაჩდნენ ისინი ანატოლიაში,[4] თუმცა ეს უკანასკნელნი ძველთაგანვე უნდა დამკვიდრებულიყვნენ პროტოხეთებით დასახლებულ ტერიტორიაზე, რადგან მათმა ენამ, ხეთურის მსგავსად, პროტოხეთურის (ხათურის) გავლენა განიცადა. ლუვიელები ადრეული ხანებიდანვე უნდა გავრცელებულიყვნენ დიდ ტერიტორიაზე, რომელიც კილიკიასაც მოიცავდა. ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ მცირე აზიაში (კილიკიაში) ჩნდება ხურიული მოსახლეობა. ინდოევროპული წარმოშობის ტომები ცხოვრობდნენ დასავლეთ მცირე აზიაშიც. ერთ-ერთი მოსაზრებით, ხეთების სამეფოს ფორმირებაში მონაწილეობა მიიღეს მუშქებმაც.[5]

წინარეისტორია

რედაქტირება
 
ხეთბის მიგრაცია, დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისი

ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისისათვის დიდი წინსვლა მოხდა ცენტრალური ანატოლიის სამეურნეო, სავაჭრო და ტექნიკურ ცხოვრებაში, რამაც სათანადო ცვლილებები გამოიწვია საზოგადოებრივ ურთიერთობათა სფეროშიც.

ადგილობრივ მოსახლეობაში უკვე მომხდარ იყო ქონებრივი და სოციალური დიფერენციაცია. კაპადოკიის და საერთოდ, აღმოსავლეთ მცირე აზიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული იყო „ქალაქ-სახელმწიფოს“ ტიპის ათამდე პოლიტიკური გაერთიანება. ქალაქ-სახელმწიფოს სათავეში ედგა „რუბაუმ“ – მეფე, ანდა ზოგჯერ „რუბათუმ“ – დედოფალი. სამეფო კარზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ „დიდებულები“ (რაბიუთუმ). ესენი იყვნენ სახელმწიფო (სამეფო) თანამდებობის პირები, რომელთა რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევდა. მათ შორის აღსანიშნავია „კიბის მოძღვარი“ (რაბი სიმმილთიმ), რომელიც ქალაქ-სახელმწიფოში უზენაესი მოსამართლის (მეფის) მოადგილის ფუნქციებს განაგებდა. ზოგჯერ იგი სამეფო ტახტზეც ადიოდა.

ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისიდანვე მცირე აზიის ცალკეულ ქალაქ-სახელმწიფოთა შორის დიდი ბრძოლა იყო გამართული ჰეგემონობისათვის. პირველ ხანებში იგი ბურსახანდას (ბურუშხათუმის) სასარგებლოდ მიმდინარეობდა. მისი მმართველი ანატოლიის დანარჩენ „მთავრებს“ შორის „დიდ მეფედ“ ითვლებოდა.

აგრეთვე ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება იყო ქანიში (იგივე ნესა), რომელიც განსაკუთრებით უნდა გაძლიერებულიყო XIX საუკუნეში, როდესაც სავაჭრო კოლონიები აღმავლობას განიცდიდნენ მთელ ანატოლიაში. ქანიშის მმართველთაგან ცნობილია ლაბარშა, ინარი და მისი ძე ვარშამა. ცნობილია, რომ ინარი და ვარშამა ბრძოლებს აწარმოებდნენ მეზობელი რაიონების დამორჩილებისათვის, რაც კარგად ჩანს მამას ქვეყნის მეფის – ანუმხირბის – წერილიდან, რომელიც ვარშამასადმია გაგზავნილი. თავის მხრივ, მამას ქვეყნის მმართველიც ცდილობდა გაეფართოებინა თავისი სამფლობელოები მეზობელი რაიონების ხარჯზე. ინარის დროს ქანიშსა და მამას შორის ხელშეკრულება იყო დადებული.

აღმოსავლეთ ანატოლიის პოლიტიკურ ერთეულთაგან აგრეთვე ყურადღებას იპყრობს ქუშარი – ხეთური წარწერების ქუსარა, ნესიტების ერთ-ერთი ადრინდელი პოლიტიკური ცენტრთაგანი მცირე აზიაში. სავარაუდოდ, ქუსარა აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარეობდა, თუმცა ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.[6]

ქუსარას პირველ მმართველთაგან ჩვენთვის ცნობილი არიან ფითხანა და მისი ძე ანითა (დაახ. ძვ. წ. 1790–ძვ. წ. 1750 წწ.). ფითხანას დროს, როდესაც ანითა „კიბის მოძღვარი“ იყო, იწყება მეზობელი რაიონების დაპყრობა, რომლის პოლიტიკაც განაგრძო ანითამ. თავისი მმართველობის დასაწყისისათვის წყაროები უბრალოდ „მეფეს“ უწოდებენ. მას შემდეგ, რაც ანითამ დაიმორჩილა მეზობელი რაიონები, დაამარცხა ხათის მეფე ფიუსთი და ხათუსა მიწასთან გაასწორა, ხოლო ფურუსხანდას განადგურების შემდეგ მისი მმართველი ტყვედ წამოიყვანა, წყაროებში ანითა უკვე იხსენიება როგორც „დიდი მეფე“. თავის რეზიდენციად მან აირჩია ქ. ნესა, სადაც ციხე-სიმაგრეები და ტაძრები ააგო.

ანითას დროს ცენტრალურ მცირე აზიაში შეიქმნა საკმაოდ ძლიერი სამეფო. იგი თითქმის მთელ ზეგანს მოიცავდა. ამ ხანის ქუსარა იყო ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ხეთების ძველ სამეფომდე არსებობდა.

ხეთების ძველი სამეფო

რედაქტირება

სწორედ ქუსარას სამეფოში უნდა დაწყებულიყო ხეთური ეთნოსის ჩამოყალიბება და ჩასახულიყო ხეთური სახელმწიფოებრივი წყობილება. ყოველივე ამას ფესვები ძალიან შორსა აქვს გადგმული, ყოველ შემთხვევაში, ფითხანა–ანითას ხანაში მაინც. ამიტომაც არის, რომ ამ პერიოდს ხშირად ხეთების ადრეული ხანის ისტორიასთან აკავშირებენ.

თვით ხეთური ისტორიული ტრადიციაც ხეთების ისტორიის ძველ პერიოდს ქუსარას უკავშირებს. ხეთების სახელმწიფოს ფუძემდებლად იგი მიიჩნევს არა ანითას, არამედ ქუსარას მეფე ლაბარნას (I), რომელიც ანითასაგან თითქმის მთელი საუკუნითაა დაშორებული. ლაბარნას დროს ქუსარამ მიაღწია არნახულ ძლიერებას, რომელმაც ძველი სამეფოს ხანაშივე ხეთების მთელ რიგ წარმატებებს დაუდო სათავე, როდესაც ქვეყანას მართავდნენ ხათუსილი I (იგივე ლაბარნა II). მურსილი I, ხანთილი I და ძველი სამეფოს ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი, თელიფინუ. მმართველები, რომლებიც ხანთილისა და თელიფინუს შორის არსებულ პერიოდში მეფობდნენ, ძირითადად სამეფო ტახტისათვის წარმოებული ბრძოლებით იყვნენ დაკავებულნი, შესაბამისად, ვერ შეძლეს წინაპართა მიერ მოპოვებული წარმატებების შენარჩუნება.

დაპყრობითი საგარეო პოლიტიკის წარმოებით ხეთებმა მნიშვნელოვნად გააფართოვეს თავიანთი ტერიტორია ძველი სამეფოს ხანაშივე. თვითო ლაბარნამ, რომლის დროსაც ხეთების „ქვეყანა პატარა იყო“ („თელიფინუს ტექსტის“ მიხედვით), დაიმორჩილა მეზობელი რაიონები, რომელთა უმრავლესობა სამუდამოდ შევიდა ხეთების ქვეყნის შემადგენლობაში. ლაბარნამ დიდი ბრძოლები აწარმოა მცირე აზიის სამხრეთი და ჩრდილოეთი რაიონების დასაპყრობადაც და განავრცო თავისი სამფლობელოები „ზღვიდან ზღვამდე“ (ე.ი. ხმელთაშუადან შავ ზღვამდე).

ქუსარაში გამეფდა ხათუსილიც, რომელმაც სტრატეგიული მოსაზრების გამო, სამეფოს ცენტრი გადაიტანა ხათუსაში, საიდანაც წარმოდგება ამ მეფის სახელი. სწორედ ამ დროიდან გახდა ხათუსა დედაქალაქი, რომელმაც ხეთების იმპერიის დაცემამდე იარსება, ქუსარამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. გიორგაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 453.
  • გ. მელიქიშვილი, ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბ., 1988.

ინგლისური:

  • Trevor R. Bryce, The Kingdom of the Hittites, Oxford (1998).
  1. (ინგლისური) The Discovery and Excavation of Boğazköy/Hattusha. დაარქივებული 2014-11-19 საიტზე Wayback Machine. The Excavations at Hattusha - A project of the German ArchaeoIogical Institute.
  2. (ინგლისური) Bedřich Hrozný – Re-Discoverer of the Hittite Language. / ČESKÝ ROZHLAS, 13-05-2009.
  3. გიორგაძე გრიგოლ, კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული XI, გამომცემლობა „მემატიანე“, თბ. 2004
  4. (ინგლისური) Byrce, Trevor, "The Kingdom of the Hittites", p. 11
  5. პირველყოფილობიდან სახელმწიფოებამდე: ქართლი და კოლხეთი ძვ.წ. VI-I ს.ს.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-22. ციტირების თარიღი: 2010-11-23.
  6. (ინგლისური) Ḫattian Early Period. / Information about the Hittites.