ხაიმე ესპანელი (ესპ. Jaime de España; დ. 23 ივნისი, 1908 — გ. 20 მარტი, 1975) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის შუათანა ვაჟი. სეგოვიისა და ანჟუს ჰერცოგი. საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური პრეტენდენტი 1941-75 წლებში ანრი VI-ის სახელით. დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილი.

ხაიმე ესპანელი
დაბადების თარიღი 23 ივნისი, 1908
სეგოვია, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 20 მარტი, 1975, (66 წლის)
სანქტ-გალენი, შვეიცარია
ეროვნება ესპანელები
წოდება სეგოვიის ჰერცოგი
ანჟუს ჰერცოგი
საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური პრეტენდენტი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ემანუელა დე დამპიერი
შარლოტ ლუიზ ავგუსტა ტიედემანი
შვილ(ებ)ი ალფონსო, ანჟუს ჰერცოგი
გონსალო, აკვიტანიის ჰერცოგი
მშობლები მამა: ალფონსო XIII, ესპანეთის მეფე
დედა: ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მემკვიდრეობა

რედაქტირება

ხაიმე დაიბადა 1908 წლის 23 ივნისს სეგოვიაში. იგი იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის მეორე ვაჟი. იმის გამო, რომ იგი ყრუ იყო, მას ბავშვობაშივე ჩამოერთვა ესპანეთის ტახტის მემკვიდრეობის უფლება და სანაცვლოდ სეგოვიის ჰერცოგობა მიენიჭა. 1941 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მან თავი კაპეტის დინასტიის უფროს მემკვიდრედ გამოაცხადა და განაცხადა, რომ იგი იყო ბურბონთა დინასტიის პირველი მემკვიდრე და მაშასადამე საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური პრეტენდენტიც. ამის გამო, იგი მართლაც გახდა საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური პრეტენდენტი და ანჟუს ჰერცოგობაც მიენიჭა. ფრანგი ლეგიტიმისტებისათვის, იგი უკვე საფრანგეთის მეფე იყო ანრი VI-ის სახელით. ამრიგად, მან შესძლო და საკუთარი უფლებები საფრანგეთის ტახტზე დაამტკიცა.

ქორწინებები და შვილები

რედაქტირება
 
ხაიმე 1927 წელს

1935 წლის 4 მარტს რომში ხაიმე დაქორწინდა ფრანგ დიდგვაროვან ემანუელა დე დამპიერზე (1913-2012), დამპიერის ჰერცოგ როჯერ დამპიერისა და მისი მეუღლის, პოჯოს პრინც ემანუელე რასპოლისა და მისი მესამე ცოლის, ინგლისელ-ამერიკელი ქალის ჟოზეფინ მერი კურტიზის ასულ დონა ვიქტორია რასპოლის ქალიშვილზე. ხაიმესა და მანუელას სულ ორი ვაჟი შეეძინათ, რომელთაც სახელები ხაიმეს ჰემოფილიკი ძმების — ალფონსოსა და გონსალოს პატივსაცემად დაარქვეს:

  1. ალფონსო (1936-1989), ანჟუს, სეგოვიისა და კადისის ჰერცოგი, საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური პრეტენდენტი, ცოლად შეირთო მარია დელ კარმენ მარტინესი, რომელსაც მალევე გაეყარა, თუმცა მასთან ორი ვაჟი დარჩა;
  2. გონსალო (1937-2000), აკვიტანიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო კარმენ დ'არტო, თუმცა მას გაეყარა და ცოლად მარია დე ლას მერსედეს ლიკერი შეირთო, რომელთანაც ასევე განქორწინდა და საბოლოოდ ემანუელა პროტალონხოზე იქორწინა, თუმცა შვილები არცერთ ცოლ��ან არ ჰყოლია. მიუხედავად ამისა, საყვარელთან ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი და მისი ხაზით ხუთი შვილიშვილი;

ხაიმე და ემანუელა 1947 წელს განქორწინდნენ ბუქარესტში. 1949 წლის 6 მაისს ინსბრუკში იგი მეორედ დაქორწინდა შარლოტ ლუიზ ავგუსტა ტიედემანზე (1919-1979), ოტო ტიედემანისა და ლუიზა კლიენის ქალიშვილზე. ფრანგი ლეგიტიმისტებისა და რომაული კათოლიკური ეკლესიის თვალში, შარლოტ ლუიზ ავგუსტა მისი ცოლი არასდროს ყოფილა და ხაიმეს მეუღლედ ისინი ყოველთვის მაინც ემანუელას მოიაზრებდნენ. მეორე ცოლთან ხაიმეს შვილები არ ჰყოლია. აღსანიშნავია, რომ მისი პირველი ცოლიც, ასევე 1949 წელს მეორედ გათხოვდა, თუმცა მეორე ქმართან არც მას ჰყოლია შვილები.

1949 წლის 6 დეკემბერს, დონ ხაიმემ ოფიციალურად განაცხადა უარი ესპანეთის ტახტზე, რითაც მთელ მის შთამომავლობასაც ჩამოერთვა ეს სტატუსი. მიუხედავად ამისა, 1964 წლის 3 მაისს მან მიიღო მადრიდის ჰერცოგის წოდება და იგი კარლისტთა პარტიის პრეტენდენტი გახდა ესპანეთის ტახტზე, ხაიმე IV-ის სახელით. 1969 წლიდან ესპანეთის ტახტის მემკვიდრეობისათვის იგი თავის ძმის შვილ ხუან კარლოსს ეცილებოდა, თუმცა საბოლოოდ სწორედ ხუან კარლოს I-მა გაიმარჯვა და 1975 წელს ესპანეთის მეფეც გახდა. ხაიმე ამავე წლის 20 მარტს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა შვეიცარიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Zavala, José M. Don Jaime, el trágico Borbón: la maldición del hijo sordomudo de Alfonso XIII. Madrid: La Esfera de los Libros, 2006. ISBN 8497345657.
  • Aranguren, Begoña. Emanuela de Dampierre: memorias, esposa y madre de los Borbones que pudieron reinar en España. Madrid: Esfera de los Libros, 2003. ISBN 8497341414.
  • Pedersen, Jørgen. Riddere af Elefantordenen 1559–2009, Odense: Syddansk Universitetsforlag, 2009. ISBN 8776744345