გივი სვანიძე

ქართველი ჰიდროლოგი და ჰიდროენერგეტიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან სვანიძე, გივი)

გივი გედეონის ძე სვანიძე (დ. 20 სექტემბერი, 1921 სოფელი ცხუკუშერი, ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი — გ. 10 აგვისტო, 1999, თბილისი, საქართველო) — ქართველი ჰიდროლოგი და ჰიდროენერგეტიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1981), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1966). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1984). სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

გივი სვანიძე
დაბ. თარიღი 20 სექტემბერი, 1921(1921-09-20)
დაბ. ადგილი ცხუკუშერი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 10 აგვისტო, 1999(1999-08-10) (77 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ჰიდროლოგი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ღირსების ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, პეტრე მელიქიშვილის პრემია და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1944 წელს დაამთავრა სერგეი კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1948 წელს გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი; 1958-1971 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე დიდებულიძის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტის წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების განყოფილებას. 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიის კათედრის გამგეა. 1976 წლიდან — სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის ამიერკავკასიის რეგიონული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1980).

გივი სვანიძემ სადოქტორო დისერტაციის თემა — „მდინარული ჩამონადენის გაანგარიშების საფუძვლები მონტე-კარლოს მეთოდით“, დაიცვა 1963 წელს.

სვანიძე თანამედროვე სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისმა გამოკვლევებმა ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირების დარგში დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას მდინარეული ჩამონადენის რეგულირების თეორიაში.

გამოკვლევები აქვს წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენებისა და ჰიდროენერგეტიკის დარგში. სვანიძემ შეადგინა ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის, ჟინვალის ჰესისა და მდინარეების არფისა და ეღეგისის სევანის ტბაში გვირაბით გადაგდების პირველადი სქემები.

მის მიერ დამუშავებული მეთოდები ფართოდაა გამოყენებული ანგარა-ენისეისა და ენგურის ჰესების კასკადების დაპროექტების, აგრეთვე მინგეჩაურის, ბუქთარმისა და სხვა ჰესების საექსპლუატაციო გეგმების შედგენის დროს. სვანიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ნაშრომი „საქართველოს სსრ წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება“ (1960-1961, ტ. 1-10). სვანიძე ხელმძღვანელობდა მეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების გზით ატმოსფერული ნალექების ხელოვნური სტიმულირების სამუშაოებს, კოლხეთის დაშრობის შესაძლო კლიმატური ცვლილებების პროგნოზირების საქმეს.

სვანიძის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად განისაზღვრებოდა ჰიდროლოგიის, ჰიდროენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის პრობლემებით. ავტორია 270 დაბეჭდილი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 15 მონოგრაფიისა, რომლებიც ეხება მდინარეული ჩამონადენის რეგულირების ამოცანებს, საქართველოს წყლის რესურსების კომპლექსურ გამოყენებას, ჰიდროლოგიური რიგების მათემატიკურ მოდელირებას, საშიშ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებს კავკასიაში, ამიერკავკასიის წყლის რესურსებს, საქართველოს განახლებად ენერგორესურსებს და სხვა.

გივი სვანიძის ხელმძღვანელობითა და კონსულტანტობით დაცულია 40-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. იგი იყო აშშ-ის და პოლონეთის გეოფიზიკურ საზოგადოებათა წევრი.

თსუ-ის პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია (1972). საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია (1982). დაჯილდოებულია ხალხთა მეგობრობის ორდენითა და ღირსების ორდენით.

თხზულებები

რედაქტირება
  • Гидролргия реки бзыбь, Тб., 1981;
  • Математическое моделирование гидрологических рядов для водноенергетических и водохозяйственных расчетов, Л., 1977;
  • Основы расчета регулирование речного стока методом Монте-Карло, Тб., 1964.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება