საბურველი (მიკოლოგია)

ველუმი (ლათ. velum), ან საბურველი — გარსი, რომელიც იცავს სოკოს ნაყოფსხეულს ადრეულ სტადიაზე. განასხვავებენ საერთო საბურველს,[1] რომელიც სრულად ფარავს ნაყოფსხეულს, და კერძო საბურველს[1] (ლათ. velum partiale), რომელიც ფარავს მხოლოდ სოკოს ქუდის ქვედა ზედაპირს ჰიმენალურ შრესთან ერთად.

შხამასოკო და ნიყვი. ნორჩი ეგზემპლარები, რომლებიც დაფარულია გარსით

სოკოს ზრდასთან ერთად საბურველი სკდება და მის ნაყოფსხეულზე რჩება რგოლის, ფეხზე ვოლვის, ხოლო ქუდზე ქერცლებისა და ნაფლეთების სახით. საბურველის ნარჩენების არსებობა და მათი მახასიათებლები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოკოების იდენტიფიცირებისთვის.

განასხვავებენ სამი ტიპის საბურველს: აფსკისებრი (ტყავისებრი), აბლაბუდისებრი და ბოჭკოვანი (კორტინა) და ლორწოვანი. აფსკისებრი საბურველი ყველაზე ადვილი შესამჩნევია; აბლაბუდისებრი საბურველი, ბუსუსების სახით, როგორც წესი, ოდნავ რთულად შესამჩნევია; ლორწოვანი საბურველი, ხშირ შემთხვევაში, სოკოს ზრდასთან ერთად სრულად ქრება.

რგოლი (საყელო) არის კერძო საბურველის ნარჩენი — ფეხის შუა ან ზედა მხარეს. რგოლი შეიძლება იყოს ფეხზე მიმაგრებული ან მოძრავი ფეხის მიმართ. ზრდასრულ სოკოებში მოძრავი რგოლი ზოგჯერ მთლიანად ქრება. ახლო მონათესავე სახეობების განსხვავებისთვის, მნიშვნელოვანი მახასიათებელია რგოლის ზემოთა ზედაპირის ნიშნები — ის შეიძლება იყოს გლუვი ან ზოლიანი (დანაოჭებული). რაც შეეხება ვოლვას, იგი რჩება საერთო საბურველის გახევის შემდეგ, ახასიათებს აფსკისებრი საბურველი ფეხის ქვედა ნაწილში. გარდა ვოლვისა, სოკოს ქუდზე საერთო საბურველის ნაფლეთები აფსკის ან მეჭეჭების (ნაფიფქი) სახით რჩება. ხშირად, ისინი უფერული ან სუსტად შეფერილია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Вавриш П. О., Горовой Л. Ф. Грибы в лесу и на столе. — К.: Урожай, 1993. — С. 44—45. — 208 с. — ISBN 5-337-00728-9.
  1. 1.0 1.1 Till R.Lohmeyer, Ute Kũnkele, Grzyby. Rozpoznawanie i zbieranie, Warszawa 2006, s. 35, ISBN 83-85444-65-3.