რამაზ ურუშაძე (დ. 17 აგვისტო, 1939, ლანჩხუთი, საქართველოს სსრ — გ. 7 მარტი, 2012) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების ღირსებას.[1][2] საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1960).[3]

რამაზ ურუშაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რამაზ პერუზის ძე ურუშაძე
დაბადების
თარიღი
17 აგვისტო, 1939
დაბადების
ადგილი
ლანჩხუთი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
7 მარტი, 2012 (72 წლის)
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1957–1958 ლოკომოტივი ქუთაისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1959–1960 დინამო თბ.
1960–1964 ტორპედო ქ. 91
1965–1971 დინამო თბ. 161
ეროვნული ნაკრები
1963–1964 სსრ კავშირი 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გამოირჩეოდა სტაბილური, საიმედო და თანაბრად ძლიერი თამაშით, როგორც კარში სათანადო პოზიციის შერჩევისას, ასევე, კარიდან დროული გამოსვლის და ბურთისთვის ბრძოლის დროს. 121 შეხვედრაში შეინარჩუნა საკუთარი კარი აუღებლად, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში. ამ მაჩვენებლით (2018 წლისათვის არსებული სტატისტიკური მონაცემებით) იგი მე-20 ადგილს იკავებს, როგორც საბჭოთა, ისე, შემდგომი პერიოდის მეკარეთა შორის. ქართველი მეკარეებიდან უფრო მაღალი შედეგი, მხოლოდ ოთარ გაბელიას (130 მატჩი, მე-18 ადგილი) და ანზორ კავაზაშვილს (163 მატჩი, მე-7 ადგილი) აქვთ. ითვლება ქართული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ.

1963 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[4][5]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1955 წელს ლანჩხუთში. გამოდიოდა საქართველოს პირველობის მესამე ჯგუფში მოასპარეზე ლანჩხუთის „განთიადში“. შემდეგ ლანჩხუთის „გურიის“ წინამორბედ — „კოლმეურნეში“, სადაც ვიქტორ ბერეჟნოიმ მიიწვია. 1958 წლიდან ქართული და საბჭოთა ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტის, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, ანდრო ჟორდანიას მიწვევით ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში აგრძელებს თამაშს. ქუთათურთა გუნდის ახალწვეული რამაზ ურუშაძე ერევანში გამართულ თავის პირველივე გასვლით მატჩში, ადგილობრივი „არარატის“ წინააღმდეგ ორი პენალტის აღებას ახერხებს. მეკარის საფეხბურთო კარიერისთვის ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ მალევე იმკვიდრებს ადგილს გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

1959 წელს, ანდრო ჟორდანიას თბილისის „დინამოში“ იწვევენ. თბილისელთა „ახალ“ მწვრთნელს (რომელიც თავისი სამწვრთნელო მოღვაწეობის განმავლობაში მეოთხედ იკავებს დედაქალაქის გუნდის მთავარი დამრიგებლის თანამდებობას) რამაზ ურუშაძეც თან გადაყავს. საქართველოს უპირველესი გუნდის რიგებში ჩარიცხვა, თავისთავად მიუთითებს მისი, როგორც მეკარის და ზოგადად, როგორც სპორტსმენის მაღალ პროფესიონალიზმზე. თუმცა „დინამოელთა“ გუნდში მეკარის პოზიციაზე არსებული დიდი კონკურენციის გამო, იგი გარკვეული დროით, კვლავ ქუთაისში ბრუნდება, სადაც 1964 წლამდე თამაშობს.

ქართული ფეხბურთის ისტორიის მკვლევართა, ავტორიტეტულ ექსპერტთა, ისევე როგორც თანაგუნდელთა და იმ პერიოდის გულშემატკივართა აღიარებით მან დიდი წვლილი შეიტანა 60-იანი წლების ქუთაისის „ტორპედოს“ როგორც სათამაშო ოსტატობის ამაღლების, ასევე, სატურნირო აღმასვლის თვალსაზრისით მიღწეული თვალსაჩინო წარმატების საქმეში, კერძოდ, გუნდის საკავშირო ჩემპიონატების პირველი ლიგიდან უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის დამკვიდრებაში.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

1959–1960 წლებში თბილისის „დინამოს“ დუბლშემადგენლობაშია, სადაც დუბლიორთა მიმდინარე საკავშირო ჩემპიონატის რვა შეხვედრაში გამოდის. 1960–1964 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავს, რომლის მაისურით პირველი ორი სეზონი (1960–1961) საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობს. 1962 წლიდან „ტორპედო“ უმაღლეს ლიგაში ინაცვლებს, სადაც ზედიზედ ცხრა სეზონის განმავლობაში (1962–1970) ინარჩუნებს ადგილს. თბილისის „დინამოში“ გადასვლამდე იგი „ტორპედოს“ მაისურით უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 91 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. ქუთათურთა კლუბში მისი სტაბილური თამაში შეუმჩნეველი არ რჩებათ საბჭოთა ნაკრების მესვეურებს და სწორედ „ტორპედოში“ ასპარეზობისას იღებს იგი მოწვევას ჯერ საბჭოთა კავშირის ოლიმპიური, ხოლო შემდეგ ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობიდან.

1965 წლიდან კვლავ თბილისის „დინამოშია“. „დინამოს“ რიგებში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 161 შეხვედრას, ხოლო საკავშირო თასის გათამაშების — 17 მატჩს ატარებს. „დინამოსთან“ ერთად იგი სამჯერ ხდება ქვეყნის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი (1967, 1969, 1971). საფეხბურთო კარიერას 1971 წელს, 32 წლის ასაკში, ამავე კლუბში ასრულებს.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

წარმატებული და იმედისმომცემი სანაკრებო კარიერის დასაწყისის მიუხედავად, მან მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში: იტალიისა და ურუგვაის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.

პირველი, ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი — საბჭოთა კავშირისა და იტალიის ეროვნულ ნაკრებს შორის გაიმართა მოსკოვის ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 1963 წლის 13 ოქტომბერს და დამთავრდა მასპინძელთა გამარჯვებით — 2–0. ორივე გუნდისთვის ამ მეტად პრინციპულ დაპირისპირებას 102 358 მაყურებელი დაესწრო. გოლები ვიქტორ პონედელნიკმა (22') და იგორ ჩისლენკომ (42') გაიტანეს. აღნიშნულ შეხვედრაში რამაზ ურუშაძესთან ერთად, ქართული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი — სლავა მეტრეველიც მონაწილეობდა. იტალიელთა ღირსებას ნაკრების სხვა წევრებთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის ისეთი აღიარებული ავტორიტეტები იცავდნენ, როგორებიც არიან — ჩეზარე მალდინი, ჯაჩინტო ფაკეტი, ჯოვანი ტრაპატონი და ჯანი რივერა.[6]

მეორე, საერთაშორისო ამხანაგური მატჩი — საბჭოთა კავშირისა და ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს შორის იმავე სტადიონზე, 1964 წლის 20 მაისს გაიმართა და კვლავ მასპინძელთა გამარჯვებით დამთავრდა — 1–0. ამჯერად, შეხვედრას 25 000 მაყურებელი ადევნებდა თვალს. მატჩის ერთადერთი გოლი ედუარდ მუდრიკმა გაიტანა (59').

იგი იყო ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილე საბჭოთა კავში��ის ეროვნული ნაკრების წევრი, რომელმაც ამ ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვა (როდესაც მეტად დრამატული ფინალი დათმო ესპანელებთან). თუმცა ფინალური ეტაპის მატჩებში მას მონაწილეობა არ მიუღია.

ასევე, შედიოდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში, რომლის რიგებშიც 1964 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ორივე შეხვედრა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ოლიმპიური ნაკრების წინააღმდეგ გაიმართა. პირველი მატჩი შედგა ლაიფციგის ცენტრალურ სტადიონზე 1964 წლის 31 მაისს და დამთავრდა ფრედ — 1–1. შეხვედრას 80 000 მაყურებელი ესწრებოდა. მასპინძლებმა ანგარიში მალევე გახსნეს. პირველივე ტაიმის მე-11 წუთზე ჰენინგ ფრენცელის გოლით გერმანელები დაწინაურდნენ. ამის შემდეგ, ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიში უცვლელი რჩებოდა. თუმცა, საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე, შეხვედრის 89-ე წუთზე სევიდოვის გოლმა სტუმრებს საპატიო ფრე მოუტანა.

მეორე და საპასუხო დაპირისპირება მოსკოვის ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 1964 წლის 7 ივნისს გაიმართა და იმავე ანგარიშით დასრულდა — 1–1. ამჯერად, მატჩის სანახავად 85 000 გულშემატკივარი შეიკრიბა. ანგარიში წინა მატჩის მსგავსად, პირველი ტაიმის დასაწყისშივე, შეხვედრის მე-15 წუთზე ოლეგ კოპაევის გოლით გაიხსნა, თუმცა მასპინძლებმა ვერ შეძლეს სასურველი ანგარიშის შენარჩუნება. 62-ე წუთზე ჰეინო კლეიმინგერის მიერ გატანილმა გოლმა გერმანელები დამარცხებისაგან იხსნა და საპასუხო მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

მიღწევები

რედაქტირება
  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1967, 1969, 1971
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1970 [7][8]

ინდივიდუალური

რედაქტირება
33 საუკეთესო
  • №2: 1963
ლევ იაშინის სიმბოლური კლუბი
  • კლუბის წევრი: 121 მატჩი გაშვებული გოლის გარეშე

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი—89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 108. 158 გვ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება