პოლიტიკური პარტიები საქართველოში

პოლიტიკური პარტიები საქართველოში — საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში საქართველოში.

საქართველო
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი
პარტიები პარლამენტში :
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. დაუშვებელია პარტიის შექმნა რეგიონული ან ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, ასევე დაუშვებელია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ჩარევა პარტიის საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.[1]

პარტია არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში.

პარტიის პრინციპები

რედაქტირება

პარტიის შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:

  1. პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;
  2. დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;
  3. არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;
  4. პარტიების თანასწორობა კანონის წინაშე;
  5. პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა.

საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. [1]

პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის დებულებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონს.[1]

პარტის ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (გარდა პარტიის კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარებისა − მაისურებისა, კეპებისა, ქუდებისა, დროშებისა და სხვა მსგავსი ნივთებისა), ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება, საბაზროზე მეტ ფასად საქონლის ან მომსახურების შესყიდვა, უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების მიწოდება ან გავრცელება, ან საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების (მათ შორის, ფიქციური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან დაპირებით.[1]

პარტიის შექმნა და მისი საქმიანობის ორგანიზება

რედაქტირება

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პარტიის წევრი. მოქალაქეს, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, დაინიშნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში სპეციალური უფლებამოსილებების მქონე მოსამსახურედ ანდა გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუწყდება პარტიის წევრობა.[1]

დაუშვებელია პარტიის წევრობის შეზღუდვა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პარტიის შესაქმნელად მოქალაქეთა არანაკლებ 300-კაციანი ჯგუფი წინასწარი ნებართვის გარეშე ატარებს პარტიის დამფუძნებელ ყრილობას (კონფერენციას, კონგრესს, ასამბლეას ან სხვ.). დამფუძნებელი ყრილობა იღებს პარტიის წესდებას. დამფუძნებელ ყრილობას ესწრება და მის ოქმს ამოწმებს ნოტარიუსი.[1]

წესდებისადმი მოთხოვნები

რედაქტირება

პარტიის წესდებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

  • ა) სახელწოდება, აგრეთვე მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი გამოიყენება;
  • ბ) იურიდიული მისამართი;
  • გ) საქმიანობის მიზნები (ამოცანები) და მათი განხორციელების ფორმები;
  • დ) წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის წესი და პირობები;
  • ე) წევრის უფლება-მოვალეობები;
  • ვ) ორგანიზაციული სტრუქტურა;
  • ზ) ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების შექმნის წესი, მათი კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადა;
  • თ) ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და წარმომადგენლობის ფარგლები;
  • ი) ქონების შექმნის წყაროები და მისი გამოყენების წესი;
  • კ) წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი და პირობები;
  • ლ) საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები (რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის წესები);
  • მ) სიმბოლიკის აღწერილობა, თუ ასეთი გამოიყენება.

წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ეხება პარტიის საქმიანობას და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.[1]

პარტიის სახელწოდება, მისი შემოკლებული დასახელება და სიმბოლიკა არ შეიძლება ემთხვეოდეს სხვა, უკვე რეგისტრირებული ან ლიკვიდირებული პარტიის სახელწოდებას, შემოკლებულ დასახელებასა და სიმბოლიკას, თუ ამ პარტიის ლიკვიდაციის დღიდან 4 წელზე ნაკლებია გასული. საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია პარტიის სახელწოდების, შემოკლებული დასახელებისა და სიმბოლიკის გამოყენება ამ პარტიის ნებართვის გარეშე.[1]

პარტიის ორგანოების განსაზღვრა

რედაქტირება

პარტიის წესდებით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოები წესდებითვე დადგენილი პროცედურით, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას პარტიის წევრად მიღების თაობაზე. წევრად მიღებაზე უარის თქმის მიზეზის დასაბუთება აუცილებელი არ არის. პარტიიდან გასვლა თავისუფალია. პარტიის წევრთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების ფარგლები, აგრეთვე საფუძვლები, რომლებიც ამართლებს მათ გამოყენებას, და პარტიის ორგანოები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას ასეთი ზომების შეფარდების თაობაზე, განისაზღვრება პარტიის წესდებით.[1]

პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში იღებს წესდებით უფლებამოსილი ორგანო. ეს გადაწყვეტილება წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული. იგი შეიძლება გასაჩივრდეს პარტიის ზემდგომ ორგანოში. [1]

პარტიის ხელმძღვანელობა

რედაქტირება

პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოები არიან: პარტიის წევრთა ყრილობა (კონგრესი, ასამბლეა, კონფერენცია და სხვ.), გამგეობა (საბჭო, დარბაზი, სამდივნო, კომიტეტი და სხვ.), სარევიზიო კომისია (საზედამხედველო კომისია, საკონტროლო კომისია და სხვ.). წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე პარტიის სხვა ორგანოების შექმნას და ხელმძღვანელი თანამდებობების შემოღებას.[1]

პარტიის ხელმძღვანელი ორგანო - პარტიის წევრთა ყრილობა - არის პარტიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. იგი მოიწვევა წესდებით დადგენილ ვადაში, მაგრამ არანაკლებ 4 წელიწადში ერთხელ. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყრილობაში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის ყველა წევრს. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ყრილობაში პარტიის წევრთა ჯგუფების მიერ არჩეული წარმომადგენლების მონაწილეობას. ამ წარმომადგენელთა კვოტები დგინდება წესდებით ან გამგეობის გადაწყვეტილებით, ისე, რომ აირჩეს არანაკლებ 200 წარმომადგენლისა. [1]

ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარტიის წევრთა ან წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.[1]

ყრილობის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა პარტიის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების არჩევა, პარტიის რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.[1]

პარტიის აღმასრულებელ ორგანოს – გამგეობას წესდებით დადგენილი ვადით, არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა. გამგეობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს. გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ცალკეული საკითხების კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტას. [1]

პარტიის სარევიზიო ორგანოს – სარევიზიო კომისიას - წესდებით დადგენილი ვადით, არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს. სარევიზიო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ცალკეული საკითხების კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტას. სარევიზიო კომისიის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა პარტიის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს კომისიის სხვა საკონტროლო ფუნქციებს.[1]

პარტიის ყრილობის მოწვევის, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევის წესს, აგრეთვე მათი უფლებამოსილების ფარგლებს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრავს პარტიის წესდება.[1]

ქვედანაყოფები

რედაქტირება

პარტიას უფლება აქვს შექმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები (ფილიალი, წარმომადგენლობა, ახალგაზრდული ორგანიზაცია და სხვ.) იურიდიული პირის უფლების გარეშე. თუ პარტიის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ქვედანაყოფის დებულებას ამტკიცებს პარტიის გამგეობა. თუ ქვედანაყოფის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაშინ მის დებულებას და პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებულ ნიმუშებს პარტიის გამგეობა (ხელმძღვანელი თანამდებობის პირი) ერთი თვის ვადაში უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.[1]

თუ ქვედანაყოფის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს რომელიმე ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, მაშინ მის დებულებას, პარტიის წესდებას და პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებულ ნიმუშს (ნიმუშებს) პარტიის გამგეობა ერთი თვის ვადაში უგზავნის შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.[1]

პარტიის რეგისტრაცია

რედაქტირება

პარტიის რეგისტრაცია ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:

  • ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);
  • ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;
  • გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;
  • დ) პარტიის წესდება;
  • ე) ცნობა პარ��იის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ;
  • ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;
  • ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების სისწორეს და პარტიის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. პარტიის მარეგისტრირებელი ორგანო წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას პერტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. [1]

პარტიის რეგისტრაციის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო მოწმობას გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში. პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.[1]

პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მარეგისტრი-რებელი ორგანო ვალდებულია განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში, წერილობით აცნობოს ამის თაობაზე, უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის მითითებით. პარტიას შეუძლია რეგისტრაციაზე უარი ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. [1]

რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია ხელახლა წარადგინოს დოკუმენტები სარე-გისტრაციოდ. თუ ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ განხორციელდა რეგისტრაცია და განმცხადებელს არ ეცნობა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ამასთან, თუ პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, პარტია რეგისტრირებულად ჩაითვლება და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია მომდევნო 7 დღის ვადაში გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.[1]

წესდებაში ცვლილებების შეტანა

რედაქტირება

პარტია ვალდებულია წესდებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები. ცვლილების რეგისტრაცია ხდება პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში. წესდებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ.[1]

საქართველოს პოლიტიკური პარტიები

რედაქტირება
ლოგო სახელი მოკლე სახელი პარტიის სტრუქტურა იდეოლოგია პარლამენტის წევრები ევროპული აფილაცია საიდენ. ნომერი საარჩვნ. ნომერი
  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
ქართული ოცნება, GD, ქო თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე,
გენერალური მდივანი - კახი კალაძე,
აღმასრულებელი მდივანი - ირაკლი კობახიძე,
რეგიონული მდივანი - დიმიტრი სამხარაძე,
პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი - გიორგი ვოლსკი
დიდი კარავი[2]
სოციალ-დემოკრატია[3]
204579839 41
  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ნაციონალები, ენმ, UNM თავმჯდომარე - ნიკანორ მელია,
საპატიო თავმჯდომარე - მიხეილ სააკაშვილი,
პოლიტიკური საბჭოს თ��ვმჯდომარე - ნიკანორ მელია
აღმასრულებელი მდივანი - კობა ნაყოფია
ლიბერალური კონსერვატიზმი
სამოქალაქო ნაციონალიზმი
ევროპის სახალხო პარტია 200078888 5
  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“
თავმჯდომარე - გიგა ბოკერია,
პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე - გიგი წერეთელი,
გენერალური მდივანი - აკაკი ბობოხიძე
ლიბერალური კონსერვატიზმი
სამოქალაქო ნაციონალიზმი
ევროპის სახალხო პარტია 203864755 2
  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება
„ლელო საქართველოსთვის“
ლელო თავმჯდომარე - მამუკა ხაზარაძე,
პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი,
გენერალური მდივანი - ბადრი ჯაფარიძე
მემარცხენე ცენტრიზმი 415030264 9
  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
საქართველოს პატრიოტები თავმჯდომარე - დავით თარხან-მოურავი
გენერალური მდივანი - ირმა ინაშვილი
ნაციონალ-კონსერვატიზმი 205304801 8
  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“
გირჩი თავმჯდომარე - იაგო ხვიჩია ლიბერტარიანიზმი 204586153 36
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, საქართველოს აუდიტის სამსახური.
  2. Ditrych, Ondrej (ივლ 2013). „The Georgian succession“ (PDF). European Union Institute for Security Studies. p. 4. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2016-02-22. ციტირების თარიღი: 2020-01-29. ციტატა: „...GD as a catch-all movement...“
  3. "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე იქნება დაფუძნებული“. ინტერპრესნიუსი. 1 მარ, 2014. ციტატა: „პარტია იქნება სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)