პაპების ავინიონის ტყვეობა
პაპების ავინიონის ტყვეობა — 1309-1377 წწ. პერიოდი პაპობის ისტორიაში, როდესაც პაპების რეზიდენცია იმყოფებოდა არა რომში, არამედ ავინიონში. 1305 წელს რომის პაპი კლემენტ V, რომელიც ფრანგი იყო, კონკლავზე აირჩიეს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ის მხარდაჭერით (მასთან კონფლიქტში დამარცხდა წინა პაპი — ბონიფაციუს VIII). მას უწოდეს „ფრანგების პაპი“, რომელმაც 1309 წელს რეზიდენცია გადაიტანა ავინიონში, რითაც დაიწყო „პაპების ტყვეობა“, რომელიც 1377 წლამდე გაგრძელდა.
ავინიონის პერიოდში რომის პაპები („ფრანგ პაპთა დინასტია“) გახდნენ:
- კლემენტ V (1305-1314)
- იოანე XXII (1316-1334)
- ბენედიქტე XII (1334-1342)
- კლემენტ VI (1342-1352)
- ინოკენტი VI (1352-1362)
- ურბან V (1362-1370)
- გრიგოლი XI (1370-1378)
ქალაქი, რომელიც პროვანსის გრაფს ეკუთვნოდა, კლემენტ VI-მ 1348 წელს გამოისყიდა პირად საკუთრებად. ავინიონში პაპები თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ, ვიდრე რომში, სადაც მწვავე კონფლიქტები მიდიოდა არისტოკრატიულ საგვარეულოებს შორის. ამასთან, იტალიის ცენტრში მდებარე პაპის ოლქი მაშინ ფაქტობრივად დაიშალა. პაპობის ისტორიაში ავინიონის პერიოდი ნაკლებად ჰგავს ნამდვილ ტყვეობას, უფრო სწორად ეს იყო პაპის თანამშრომლობა საფრანგეთის ძლიერ მეფეებთან. ამ დროის ყველა პაპი ფრანგი იყო, ფრანგული უმრავლესობა იყო კარდინალთა კოლეგიაშიც, რომელიც პაპს ირჩევდა. ბევრი კარდინალი მანამდე სამეფო კარზე მსახურობდა. პაპები მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიებს ასრულებდნენ საფრანგეთის მეფის სასარგებლოდ, იყვნენ მისი ნების შემსრულებლები. ამ დროისთვის პაპობამ დაკარგა წინანდელი როლი ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუმცა, როგორც შიდასაეკლესიო ინსტიტუტი, ის გაძლიერდა. პაპის ხელისუფლებამ ეკლესიაში ჭეშმარიტად მონარქიული ხასიათი შეიძინა. ამ დროიდან ეპისკოპოსები და აბატები აღარ ირჩეოდნენ ადგილობრივი სამღვდელოებისა და ბერების მიერ, მათ ნიშნავდა პაპი. მნიშვნელოვნად გაიზარდა პაპის ხაზინის შემოსავლები, შეიქმნა პაპის ადმინისტრაციის ცენტრალური ფინანსური ორგანო. თავისი კურიის უზომოდ გაზრდილი ბიუროკრატიული აპარატის მეშვეობით პაპები აკონტროლებდნენ საეკლესიო ცხოვრების ყველა სფეროს. იტალიელმა ჰუმანისტმა პეტრარკამ, რომელმაც მოინახულა ავინიონი და მკვახედ შეაფასა პაპის სასახლის არნახული ფუფუნება, ამ ქალაქში პაპის ყოფნა „ბაბილონის“ ტყვეობად დაახასიათა.[1]
1377 წელს პაპმა გრიგოლ XI-მ იტალიური სამფლობელოების დაკარგვის შიშით ტახტი ისევ რომში გადაიტანა, მაგრამ იტალიურს და რომს ისევ ფრანგულსა და ავინიონს ამჯობინებდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ავინიონის ტყვეობა
- (ფრანგული) ავინიონელი პაპები დაარქივებული 2008-01-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Смирнова Е. Д., Сушкевич Л. П., Федосик В. А. Авиньонское пленение пап // Средние века : Культура, искусство, история. Иллюстрированная энциклоп��дия / под ред. В. А. Федосика. — М.: Эксмо, 2008. — стр. 9, 304 c. ISBN 978-5-699-24660-1.