ბოლნისი
ბოლნისი — ქალაქი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია ყორანთის ეკლესია (XIII-XIV სს.). გორა, რომელზედაც ეს ეკლესიაა აგებული, ენეოლითური ხანის ნასახლარის ნაშთებსაც შეიცავს. საყურადღებოა აგრეთვე გვიანდელი ფეოდალური ხანის სატრედოს თაღოვანი ხიდი მდინარე მაშავერაზე. ბოლნისში არის ბოლნისის ეპარქიის კათედრა და ეპისკოპოსის რეზიდენცია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბოლნისი | |||||
ბოლნისის ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | ქვემო ქართლი | ||||
მუნიციპალიტეტი | ბოლნისი | ||||
კოორდინატები | 41°26′58″ ჩ. გ. 44°32′31″ ა. გ. / 41.44944° ჩ. გ. 44.54194° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1818 | ||||
ადრეული სახელები | ეკატერინენფელდი, ლუქსემბურგი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1967 | ||||
ფართობი | 4.63 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 550 მ | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 8 406 (2023)[1] | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 89 % სომხები 9 % ბერძნები 1 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 და თბილისის დრო | ||||
სატელეფონო კოდი | 358[2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 1100[3] | ||||
ოფიციალური საიტი | https://bolnisi.gov.ge/ | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობა
რედაქტირებაბოლნისი მდებარეობს მდინარე მაშავერას შუა დინებაში, ზღვის დონიდან 550 მეტრის სიმაღლეზე, თბილისიდან 64 კილომეტრში. რკინიგზის სადგური მარნეულ-კაზრეთის ხაზზე. ძირითადად გაშენებულია ვაკეზე, ჩრდილოეთი ნაწილი კი — გორაკ-ბორცვიან მთისწინეთზე. ქალაქის ტერიტორიის ფართობია 463 ჰა. ქალაქი განაშენიანებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 6 კილომეტრზე. გააჩნია სწორხაზოვანი და პარალელურად განლაგებული ქუჩები. სულ არის 65 ქუჩა და 13 ჩიხი.
კლიმატი
რედაქტირებასაშუალო წლიური ტემპერატურა ბოლნისში ცელსიუსით 12,0 გრადუსს შეადგენს. იანვარში საშუალო ტემპერატურაა +0,3 °C, აგვისტოში +23,3 °C, აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა -24 °C, აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა კი +39 °C. ნალექების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 572 მილიმეტრს. ნალექების მაქსიმუმი მაისში ფიქსირდება (86 მმ), ხოლო მინიმუმი — დეკემბერში (21 მმ).
ისტორია
რედაქტირებასახელწოდება
რედაქტირებაბოლნისი ქალაქს დაერქვა ამ მიდამოებში ძველთაგანვე არსებული მნიშვნელოვანი პუნქტების სახელწოდების მიხედვით. ბოლნისი წარმოდგება სიტყვა „ბოვისაგან“. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით „ბოვი არს სადა ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და მისთანანი ითხრების და გამოიდნობის“.
გერმანელები
რედაქტირება1818 წელს ისტორიული სოფლების სამტრედოს, ყორანთის და ველკეთილის მახლობლად (ეს სოფლები საბარათიანო-საორბელიანოში შედიოდა) შვაბიიდან გადმოსახლებული გერმანელები ჩამოასახლეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბოლნისის ისტორიაში. გერმანელებმა შექმნეს ევროპული ტიპის დასახლება, განავითარეს მევენახეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მესაქონლეობა. გაიყვანეს საირიგაციო, მიწისქვეშა სანიაღვრე და სარწყავი არხები. გახსნეს ღვინის, კონიაკის და ყველ-კარაქის ქარხნები, ტყავის და ავეჯის დამამზადებელი საამქროები. ჰქონდათ სახანძრო სამსახური, სასულე ორკესტრი, ველოსიპედისტთა, ტანმოვარჯიშეთა და საფეხბურთო გუნდები. გერმანელების დასახლებას ჯერ კატარინენფელდი ერქვა, მასში 1836 წელს 626 გერმანელი ცხოვრობდა, ხოლო საბჭოთა არმიის შემოსვლის შემდეგ კოლონიას საბჭოელი კომუნისტის, როზა ლუქსემბურგის სახელი დაარქვეს.
საბჭოთა ეპოქა
რედაქტირება1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ყველა გერმანელი მოსახლე, რომელიც არ იყო დაქორწინებული ქართველზე, ციმბირსა და ყაზახეთში გადაასახლეს.[4] 1943 წლის 3 აპრილს დაბას ბოლნისი ეწოდა[5], ხოლო 1967 წელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. 1980 წელს გაკეთდა ქალაქის წყალმომარაგების ქსელი.
მოსახლეობა
რედაქტირება1968 წლის მონაცემებით ბოლნისში ცხოვრობდა 16,3 ათასი მოსახლე[6], 1989 წლის სსრკ-ს მოსახლეობის აღწერით ქალაქში 15 047 ადამიანი ცხოვრობდა[7]. საქართველოს მოსახლეობის 2014 აღწერის მონაცემებით ბოლნისში 8967 ადამიანი ცხოვრობს.[8] ბოლნისი მრავალეთნიკური ქალაქია. გარდა ქართველებისა, ცხოვრობენ სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ბერძნები.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1968 | 16 300 | ||
1989 | 15 047 | ||
2002[9] | 9944 | ||
2010 | 12 650 | 6140 | 6490 |
2014[10] | 8967 |
რელიგია
რედაქტირებაბოლნისის ეპარქია არის ქართული ეკლესიის სამღვდელმთავრო აღმოსავლეთ საქართველოში.[11] მოიცავს საქართველოს უძველეს ქალაქს - ბოლნისსა და მის მუნიციპალიტეტს.[11] მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსთავისა და მარნეულის, დასავლეთიდან - დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, ჩრდილოეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები, ხოლო სამხრეთის საზღვარი საქართველო-სომხეთის საზღვარს ემთხვევა. [11] უძველესი და უმდიდრესი წარსულის მქონე მხა��ეში ეკლესია IV საუკუნეში დაფუძნდა. „მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV საუკუნის ბოლო წლებში აუგია ელია მთავარეპისკოპოსს.[11] ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად მიჩნეულია დავითი, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. როგორც ჩანს ბოლნისის დამოუკიდებელი და ძალზედ განვრცობილი ეპარქია V საუკუნში ჩამოყალიბდა.[11] 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, ეპარქიაში ქრისტიანული ცხოვრების გამოცოცხლება მხოლოდ 70-80-იან წლებში დაიწყო.[11] ძველი ბოლნისის ეპარქია, აგარაკ-წალკის საერთო სახელწოდებით არსებულ ქვემო ქართლის ეპარქიაში იყო გაერთიანებული. ბოლნისი ცალკე ეპარქიად გამოყოფა 1995 წელს წმიდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. იმ დროიდან მას ბოლნისისა და დმანისის ეპარქია ეწოდა. ეპარქიის მწყემსმთავრად მანამდე აგარაკ-წალკის მთავარეპისკოპოსი თადეოზი იქნა განწესებული.[11] 2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ბოლნისისა და დმანისის ეპარქია გაიყო და მის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო ჩამოყალიბდა - ბოლნისის ეპარქია და დმანისის ეპარქია. კრებამ ბოლნელ მღვდელმთავრად მთავარეპისკოპოსი თადეოზი დაადგინა.[11]
სპორტი
რედაქტირებასაფეხბურთო კლუბი „სიონი“
რედაქტირებასაფეხბურთო კლუბი ბოლნისის სიონი დაარსდა 1936 წელს. ხოლო უმაღლეს ლიგაში გამოდის 1995 წლიდან. იგი საშუალო დონის ქართული კლუბია, რომლის მიზანი ყოველთვის ჩემპიონობაა. საფეხბურთო კლუბი სიონი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან გამოდის. თავდაპირველად საშუალო დონეზე თამაშობდა, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში სიონში ინვესტიციები ჩაიდო და 2003 წელს ბოლნისური კლუბი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, თუმცა გამოცდილებით და კლასით მაღლა მდგომმა დინამო თბილისმა 3:1 დაამარცხა. 2005–2006 წლის სეზონი ყველაზე წარმატებული გამოდგა ბოლნისური კლუბის ისტორიაში: სიონმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ დროს კლუბს კახა ცხადაძე წვრთნიდა. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდმა აზერბაიჯანის ბაკი დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა, მაგრამ ბულგარეთის ლევსკისთან ვერაფერს გახდა და ორი მატჩის ჯამში დამარცხდა.
თამაზ სტეფანიას სტადიონი
რედაქტირებაბოლნისში მდებარეობს თამაზ სტეფანიას სახელობის სპორტული სტადიონი. სტადიონი ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის ბოლნისის სიონის საშინაო მოედანი. იტევს 3242 მაყურებელს.[12]
გალერეა
რედაქტირება-
ბოლნისის შესასვლელი
-
კატარინენფელდის ძველი ფოტოსურათი
-
გერმანელ იმიგრანტთა მემორიალი
-
კულტურის სახლი
-
ბოლნისის მუზეუმი
-
ბოლნისის ერთ-ერთი ისტორიული ქუჩა
-
მუნიციპალიტეტის გამგეობა
-
ბოლნისის რუკა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.geostat.ge/en/modules/categories/41/population
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ Georgian Post: საფოსტო ინდექსის მოძებნა — საქართველოს ფოსტა.
- ↑ Rapp, Stephen H. (2003), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, p. 316. Peeters Bvba, ISBN 90-429-1318-5.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ Болниси. БСЭ.
- ↑ Демоскоп Weekly - Приложение. Справочник статистических показателей.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 11.7 orthodoxy.ge, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, 2006 წელი.
- ↑ (ინგლისური) Stadiums in Georgia დაარქივებული 2015-09-06 საიტზე Wayback Machine. , World Stadiums.