თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში
თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში | |||
---|---|---|---|
კავკასია და საქართველო თემურლენგის შემოსევების შემდეგ | |||
თარიღი | 1386–1403 | ||
მდებარეობა | სამცხე, ქართლი, თრიალეთი, კახეთი, ჰერეთი, საქართველოს სამეფო | ||
შედეგი | 1403 წლის ზავი, რომლის პირობითაც თემურმა საქართველო ცნო დამოუკიდებელ ქრისტიანულ სახელმწიფოდ. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში ვიკისაწყობში |
თემურლ��ნგის ლაშქრობები საქართველოში — ამიერკავკასიის, ირანის და სხვა მომიჯნავე ქვეყნების დაპყრობის დროს თემურლენგს შეტაკება უხდებოდა ოქროს ურდოსთან. 1385 ოქროს ურდოს ხანი თოხთამიში ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით ჩრდილოეთ ირანს შეესია. ამის საპასუხოდ თემურლენგიც მრავალრიცხვოვანი ჯარით ირანისაკენ დაიძრა, საიდანაც 1386 შემოდგომაზე სამცხის მხრიდან საქართველოში შემოიჭრა. ბაგრატ V-მ, რომელიც თბილისში იყო გამაგრებული, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ტყვედ დანებებოდა. თემურლენგმა მას რჯულის გამოცვლა შესთავაზა ტახტის დაბრუნების საწინდრად, რაზეც საქართველოს მეფემ უარი განაცხადა, მაგრამ, როდესაც დარწმუნდა, რომ მტრის ხელიდან თავდახსნის სხვა გზა აღარ იყო, დათანხმდა. თემურლენგმა მას ტახტი დაუმტკიცა და 12 ათასიანი მხედრობით საქართველოში გამოისტუმრა. ბაგრატმა ამის შესახებ გზიდან საიდუმლოდ აცნობა თავის შვილს გიორგის, რომელმაც გაჟლიტა მტრის ჯარი და მეფე დაიხსნა.
1387 გაზაფხულზე თემურლენგი ურიცხვი ჯარით მეორეჯერ შემოესია საქართველოს. ბაგრატმა და გიორგიმ მოსახლეობა მიუდგომელ ადგილებში დახიზნეს და მომზადებული დახვდნენ მტერს, მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა, თემურლენგმა მოახერხა საქართველოში შემოჭრა, მაგრამ მალე იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო ზურგიდან თოხთამიშის გამოჩენის გამო.
1394 თემურლენგი ორჯერ შემოესია საქართველოს. პირველად სამცხე-საათაბაგოს დაესხა თავს, მეორედ - არაგვის ხეობას. ამჯერადაც თოხთამიშის გამოჩენებამ გააბრუნა იგი საქართველოდან. 1399 მიწურულს თემურლენგი მეხუთედ მოვიდა ამიერკავკასიაში და გამოსაზამთრებლად დაბანაკდა ყარაბაღში, საიდანაც რჩეული მხედრობით პირადად ილაშქრა ჰერეთ-კახეთში, საშინლად ააოხრა და გაძარცვა ეს მხარე.
1400 გაზაფხულზე თემურლენგი უზარმაზარი ლაშქრით მეექვსედ შემოიჭრა საქართველოში. გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მთელი მოსახლეობის გათათრება ან პირწმინდად გაჟლეტა. ქართველები გიორგი VII-ის მეთაურობით მამაცურად შეებრძოლნენ მტერს მდ. საგიმის პირას, ქვემო ქართლში, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. თემურლენგი კვალდაკვალ დაედევნა მათ, სასტიკად მოაოხრა ქვემო ქართლი, თბილისი, მუხრანის ველის მიდამოები, ქსნისა და ლეხურის ხეობები და გარს შემოერტყა გორის ციხეს, სადაც გიორგი VII იყო გამაგრებული. გიორგიმ გაარღვია მტრის ალყა და გამაგრდა ძამის ციხეში, სადაც შვიდი დღე-ღამის განმავლობაში მამაცურად იგერიებდა მტრის გააფთრებულ იერიშებს. ძამის ციხის დაცემის შემდეგ საქართველოს მეფე გამაგრდა სავანეთის ციხეში. მტერმა ეს ციხეც აიღო. გიორგი VII გადავიდა დასავლეთ საქართველოში. თემურლენგმა ვერ გაბედა ტყიანსა და უგზო ქვეყანაში მეფის დადევნება და ჯავრი სამცხეზე იყარა. შემდეგ გადავიდა თრიალეთში, იქიდან თეძმის ხეობით - მცხეთაში და დალაშქრეს არაგვის ხეობა, შემდეგ ააოხრა ტაო. ლაშქრობა გაგრძელდა მთელ გაზაფხულ-ზაფხულს. მტერმა მოაოხრა მთელი აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, დალეწა ციხე-კოშკები, გაძარცვა და დაანგრია ეკლესია-მონასტრები, გაკაფა ბაღ-ვენახები, დაწვა და გაანადგურა სოფლები და დაბა-ქალაქები, გაჟლიტა უამრავი ხალხი. ამ ლაშქრობიდან თემურლენგმა 60 ათასზე მეტი ტყვე წაიყვანა.
1401 თემურლენგი მეშვიდედ მოადგა საქართველოს ასაოხრებლად, გიორგი VII-მ ზავი შესთავაზა. თემურლენგი დათანხმდა, რადგანაც ოსმალეთის სულთანთან გადამწყვეტი შეტაკების წინ ზავი მისთვის ხელსაყრელი იყო. 1401 შამქორის ზავის პირობით საქართველო კისრულობდა ხარკის გადახდას, თემურლენგის ლაშქრობების მიღებას, სამიმოსვლო გზების თავისუფლების დაცვას. ქართველებს ეკრძალებოდათ მუსლიმურ ქვეყნებში სახალხოდ ქრისტიანული რელიგიური რიტუალის შესრულება, ხოლო თავიანთ ქვეყანაში კარგად უნდა მოპყრობოდნენ მუსლიმანებს. სამაგიეროდ თემურლენგი საქართველოს მშვიდობას და ხელშეუხებლობას აღუთქვამდა. მიუხედავად ზავისა, თემურლენგი იმავე წელს თავს დაესხა თორთომის ციხეში გამაგრებულ ქართველებს და მოაოხრა იქაური მხარე.
1403 ივლისში, ოსმალეთის სულთან ბაიაზიდ ილდირიმის დამარცხების შემდეგ, თემურლენგი მერვედ შემოიჭრა საქართველოში, მოაოხრა სამცხე და ალყა შემოარტყა ბირთვისის ციხეს, რომლის ერთი მუჭა გარნიზონი სამი კვირის განმავლობაში მამაცურად იგერიებდა მტრის იერიშებს. ციხის დაპყრობის შემდეგ თემურლენგმა გაილა���ქრა დასავლეთ საქართველოზე და გიორგი VII-ის დევნაში მივიდა აფხაზეთის საზღვრამდე. ბოლოს იგი, რაკი საქართველოს მეფის წინააღმდეგობა ვერ გატეხა, იძულებული გახდა დაზავებოდა გიორგი VII-ს. ზავი იმეორებდა შამქორის ზავის პირობებს და, რაც მთავარია, ცნობდა საქართველოს, როგორც ქრისტიანულ ქვეყანას. ეს იყო ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება, რომელიც მოპოვებულ იქნა ადამიანთა აურაცხელი მსხვერპლისა და უზარმაზარი მატერიალური ზარალის ფასად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- თემურლენგის პირველი ლაშქრობა საქართველოში
- თემურლენგის მეორე ლაშქრობა საქართველოში
- თემურლენგის მესამე ლაშქრობა საქართველოში
- თემურლენგის მეოთხე ლაშქრობა საქართველოში
- თემურლენგის მეხუთე ლაშქრობა საქართველოში
- თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში
- თემურლენგის მეშვიდე ლაშქრობა საქართველოში
- თემურლენგის მერვე ლაშქრობა საქართველოში
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაბატაძე კ.,, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 651-652.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში — ბიბლიოვიკი