გივი მარგველაშვილი
გივი მარგველაშვილი (დ. 14 დეკემბერი, 1927, ბერლინი, გერმანია — გ. 13 მარტი, 2020[8], თბილისი) — ქართველი გერმანულენოვანი მწერალი და ფილოსოფოსი.
გივი მარგველაშვილი | |
---|---|
გერმ. Giwi Margwelaschwili | |
დაბადების თარიღი | 14 დეკემბერი, 1927[1] [2] |
დაბადების ადგილი | ბერლინი[3] |
გარდაცვალების თარიღი | 13 მარტი, 2020 (92 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა |
ვაიმარის რესპუბლიკა მესამე რაიხი სსრკ გერმანია |
ალმა-მატერი | ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი[4] |
ჯილდოები | გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის ჯვარი, ბამბერგის უნივერსიტეტის პოეზიის პროფესორი, გოეთეს მედალი[5] , ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი[6] , გივი მარგველაშვილის პრემია[7] , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Italo-Svevo-Preis |
შვილ(ებ)ი | Anna Margwelaschwili |
საიტი | giwi-margwelaschwili.de |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარგველაშვილი დაიბადა ბერლინში. მამას — ტიტე მარგველაშვილს — უმაღლესი განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული. მან 1913 წელს ჰალეს უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ისტორიის დარგში, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა და გიმნაზიის მასწავლებლობას შეუდგა ქუთაისში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადაიხვეწა გერმანიაში. გივი მარგველაშვილის დედა — ასევე ქართველი ემიგრანტი, გვარად ხეჩინაშვილი — ადრე გარდაიცვალა, როცა გივი მარგველაშვილი და მისი უფროსი და ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ.
ტიტე მარგველაშვილი, რომელიც ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველ ემიგრანტებს შორის, 1946 წელს მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში. მას თან ახლდა თავისი ვაჟი, გივი მარგველაშვილი. მამა-შვილი დააპატიმრეს და ზაქსენჰაუზენის „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრეტილ იქნა, ხოლო გივი მარგველაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს თბილისში თავის ნათესავებთან ეცხოვრა.
მარგველაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი. შემდეგ იგი მუშაობდა იქვე გერმანული ენის მასწავლებლად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში — მეცნიერ თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში გივი მარგველაშვილი წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა არც ერთი მისი ნაწარმოები არ დაბეჭდილა.
მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკის“ შედეგად, მიეცა საშუალება — პირველად 40-ზე მეტი წლის შემდეგ — კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 1991—1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“, 2 ტომი (1-ლი ტომი თარგმნილია ქართულად კარლო ჯორჯანელის მიერ), აგრეთვე რომანები „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ), „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“. მწერალი ერთბაშად იქნა აღიარებული თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, მასზე გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში, იგი მიწვეულ იქნა გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი.
1997 წელს გ. მარგველაშვილი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2006 წელს მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი. 2011 წლიდან მწერალი ცხოვრობდა თბილისში.[9] 2013 წელს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (გერმ. DVV International) საქართველოს ოფისის მიერ დაწესდა გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია, რომლის პირველი ლაურეატი თავად გივი მარგველაშვილი გახდა.[10] 2014 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის გივი მარგველაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.[11]
გივი მარგველაშვილი გარდაიცვალა 2020 წლის 13 მარტს, 92 წლის ასაკში.[12] დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[13]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გივი მარგველაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გივი მარგველაშვილი - ფილმი „უცხო“, ქეთევან სადღობელაშვილის ფილმი. პირველი არხი და სტუდია „ეპოქა“.
- გივი მარგველაშვილის პირადი გვერდი (გერმანული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Kritisches Lexikon der Gegenwartsliteratur / Hrsg.: H. L. Arnold, H. Korte — 1978.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119229420 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000941
- ↑ https://www.goethe.de/resources/files/pdf290/liste_preistraegerinnen_goethe-medaille_1955-20222023.pdf
- ↑ https://www.president.gov.ge/eng/administraciis-siakhleebi-aq/%E2%80%8Bsaqartvelos-prezidentma-filosofosi-givi-margvelas.aspx
- ↑ http://www.dvv-international.ge/georgia/projects/german-georgian-cultural-award/
- ↑ გარდაიცვალა გივი მარგველაშვილი, publika.ge, საზოგადოება, მინდია გაბაძე, 11:19, 13 მარტი, 2020
- ↑ მარგველაშვილი გივი ტიტეს ძე. საზოგადოებრივი არქივი. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2019.
- ↑ გიორგი გვახარია. (10 თებერვალი, 2013) გივი მარგველაშვილის პრემია - გივი მარგველაშვილს. „რადიო თავისუფლება“. ციტირების თარიღი: 27 არპრილი, 2020.
- ↑ გიორგი მარგველაშვილმა ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი დააჯილდოვა[მკვდარი ბმული], 14 დეკემბერი, 2015
- ↑ ნინო ბიძინაშვილი. (13 მარტი, 2020) მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი გარდაიცვალა. „ნეტგაზეთი“. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2020.
- ↑ გივი მარგველაშვილი. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2020.