ბესლეთის ხიდი
ბესლეთის ხიდი (ასევე თამარის ხიდი) — XI საუკუნის თაღოვანი ხიდი აფხაზეთში, მდინარე ბესლეთზე. მდებარეობს სოხუმიდან 5 კილომეტრში, სოფელ ბესლეთში.
ბესლეთის ხიდი | |
---|---|
საერთო ხედი | |
კოორდინატები: 43°01′50″ ჩ. გ. 41°04′33″ ა. გ. / 43.03056° ჩ. გ. 41.07583° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ადგილმდებარეობა | ბესლეთი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო |
გადებულია | ბესლეთი |
მასალა | კირქვა |
თაღების რაოდენობა | 1 |
სიგრძე | 35 მ |
სურათები ვიკისაწყობში |
ასომთავრული წარწერა
რედაქტირებაპირველად ქართული ასომთავრული წარწერა ხიდზე შემჩნეულ იქნა 1935 წელს ადგილობრივი მხარეთმცოდნის იოსებ აძინბას მიერ. მანვე გაწმინდა ხიდი მავნე დამანგრეველი მცენარეებისაგან[1]. 1939 წელს ხიდს პირველად ჩაუტარდა რესტავრაცია.
აკადემიკოსი ნ. პ. სევეროვი აღნიშნავდა: სართავი თაღის შემკრავ ბოლოებზე ამოჭრილი ქართული ასოები ზომით 25 სმ. სიდიდის პალეოგრაფიული ნიშნებით ნაწერი ეკუთვნის XI-XII საუკუნეებს. იმავე აზრის იყო აკადემიკოსი გ. ჩუბინიშვილი, რომელმაც ამოიკითხა ხსენებული ტექსტი.
დასავლეთ კიდეზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა
„ქრისტე მეუფეო ყოველთა..... ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი.“
|
წარწერაში დასახელებულია საქართველოს მეფე ბაგრატ III (978-1014), ან ბაგრატ IV (1027-1072).
ხიდის აღწერა
რედაქტირებაპალეოგრაფიული ნიშნების, კედლის წყობისა და სამშენებლო მასალების თვისებურებების მიხედვით ძეგლი მიეკუთვნება XI საუკუნეს. ხიდი თაღურადაა გადაწყვეტილი, რომლის მალი შეადგენს 6 მეტრს, სიგრძე — 13,2 მეტრს. მდინარის უშუალო დონიდან თაღის სიმაღლე 8,4 მეტრია, ხოლო სუფთად თაღის კი — 5,9 მეტრი.
ხიდი აგებულია დიდი ზომის მაგარი ჯიშის კირქვებისაგან, რომელთა სიგრძე ერთ მეტრამდე აღწევს, განი — 0,35 მეტრს. ქვებზე ორნამენტული სიფაქიზით ამოკვეთილია ქართული ასოები — ასომთავრული. ქვებს შორის ორ რიგად ჩრთულია თხელი ოთხკუთხური მეტად მტკიცე სიმაგრის კარგად გამომწვარი აგური.
ხიდისთვის შერჩეულია, როგორც ესტეთიკურად, ისე ტექნიკურად მოხერხებული ადგილი — მდინარის ვიწრო ყელი, კლდოვან ფენებზე. კირის ხსნარი, რომლითაც აგებულია ხიდი, საუკუნეების განმავლობაში ქვაზე მტკიცე გამხდარა.
ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით. 1990-იანი წლების დასაწყისში სტელა დაიკარგა.
ვინაიდან ტერიტიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ბესლეთის ხიდის შესწავლა და რესტავრაცია შეუძლებელია, ხიდი საჭიროებს მცენარეული საფარისგან გასუფთავებას.
ბესლეთის ხიდს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
ბესლეთის ხიდი 1886 წ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ციციშვილი ი., უშვერიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 341.
- კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2015
- ბარნ���ველი თ.,„ბესლეთის ხიდის თარიღისათვის“, ჟურ. მაცნე, №. 6 თბილისი: მეცნიერება, 1970 წელი. — გვ. 139-144
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №92 (6932), 11 მაისი, 1963
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-01-30.