არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან არსენალი (საფეხბურთო კლუბი))
ტერმინს „არსენალი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არსენალი (მრავალმნიშვნელოვანი).

„არსენალი“ (ინგლ. Arsenal Football Club) — ინგლისური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი. მდებარეობს ჰოლოუეიში, ჩრდილოეთ ლონდონში. ასპარეზობს ინგლისის ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში – პრემიერლიგაში.[1]

არსენალი
სრული სახელი Arsenal Football Club
მეტსახელი მეთოფეები
დაარსდა 1886
სტადიონი ემირეიტსი
ლონდონი, ინგლისი
(ტევადობა: 60 704 მაყურებელი)
პრეზიდენტი აშშ-ის დროშა სტენ კრონკე
მწვრთნელი ესპანეთის დროშა მიკელ არტეტა
კაპიტანი ნორვეგიის დროშა მარტინ ედეგორი
ლიგა პრემიერლიგა
2023-24 მე-2 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

არსენალმა 13-ჯერ მოიგო ინგლისის შიდა ჩემპიონატი (მათ შორის ერთხელ დაუმარცხებლად), ფლობს რეკორდული რაოდენობის — 14 ასოციაციის თასს, 2 ლიგის თასსა და 17 ინგლისის სუპერთასს. ევროპულ ფეხბურთში არსენალს მოპოვებული აქვს ერთი ევროპის თასების მფლობელთა თასი და ერთი საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი. არსენალმა ითამაშა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის ფინალში. მოგებული თასების მიხედვით, ის მესამე ყველაზე წარმატებული კლუბია ინგლისურ საფეხბურთო კლუბებს შორის.

არსენალი პირველი სამხრეთ ინგლისური კლუბი იყო, რომელიც შეუერთდა საფეხბურთო ლიგას (1893 წელს). უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდნენ 1904 წელს. დაქვეითდნენ მხოლოდ ერთხელ 1913 წელს და დღემდე აგრძელებენ ყველაზე ხან��რძლივ სერიას უმაღლეს დივიზიონში.[2] არსენალს მეორე ყველაზე მეტი მატჩი აქვს მოგებული უმაღლეს დივიზიონში.[3] 1930-იან წლებში არსენალმა ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ორჯერ ასოციაციის თასი, და კიდევ ერთი ასოციაციის თასი და ორი ჩემპიონატი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1970-71 წლებში პირველად მოიგეს ჩემპიონატი და ასოციაციის თასი ერთად (დუბლი). 1989-დან 2005 წლამდე არსენალმა ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ასოციაციის თასი, მათ შორის კიდევ ორი დუბლი. არსენალმა მე-20 საუკუნე დაასრულა ყველაზე მაღალი საშუალო პოზიციით ინგლისის ჩემპიონატში.[4] 1998-დან 2017 წლამდე არსენალი ზედიზედ ცხრამეტი სეზონის განმავლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა.

1886 წელს ვულვიჩში მუშაკებმა დააარსეს კლუბი, სახელად - დაიალ სქუეარი. 1913 წელს კლუბი გადავიდა ჰაიბერიზე და გახდა ტოტენჰემ ჰოტსპურის ახლო მეზობელი, საიდანაც იწყება ჩრდილო ლონდონური დერბის ისტორია. ჰერბერტ ჩეპმენი, რომელმაც არსენალის მომავალი სამუდამოდ შეცვალა, მოაგებინა გუნდს პირველი ტიტული. 1930-წლიან წლებში მისი დამსახურებით არსენალი დომინირებდა. მას ეკუთვნის ტაქტიკა სახელად WM, სტადიონის განათების იდეა და ნომრები მაისურებზე.[5] ასევე დაამატა თეთრი სახელოები და ღია წითელი ფერის კლუბის ფორმაზე.[6]

არსენ ვენგერი კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი დროით იყო მწვრთნელი და მოიგო ყველაზე მეტი ტიტულიც. მისი მონაგარია რეკორდული 7 ასოციაციის თასი და ყველაზე ხანგრძლივი, 49-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია 2003-04 წლებში.

2006 წელს კლუბი გადავიდა ემირეიტს სტედიუმზე. ფორბსმა არსენალი $2.26 მილიარდ დოლარად შეაფასა, რითაც მეათე ყველაზე ძვირადღირებული კლუბი გახდა.[7] არსენალის დევიზია Victoria Concordia Crescit, რაც ლათინურად ნიშნავს - „გამარჯვება მოდის ჰარმონიიდან“.

1886–1912: დაიალ სქუეარიდან არსენალამდე

რედაქტირება

1886 წლის ოქტომბერში შოტლანდიელმა დევიდ დენსკინმა და კიდევ 15-მა მუშაკმა ვულვიჩში ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი დაიალ სქუეარი. თითოეულმა წევრმა გაიღო სიქსპენსი, დენსკინმა დაამატა კიდევ 3 შილინგი და ასე შეიქმნა კლუბი.[8] დაიალ სქუეარმა პირველი მატჩი 1886 წლის 11 დეკემბერს ისტერნ უონდერერსთან გამართა და 6-0 მოიგო.[9] 1887 წლის იანვარში კლუბს როიალ არ��ენალი დაერქვა.[10] პირველი ტიტულები იყო კენტის უფროსთა თასი და ლონდონის საქველმოქმედო თასი 1889-90 წლებში, მომდევნო სეზონში კი ლონდონის უფროსთა თასი. 1891 წელს როიალ არსენალი გახდა პირველი პროფესიონალური კლუბი ლონდონიდან.[11]

როიალ არსენალმა 1893 წელს მეორედ შეიცვალა სახელი და საფეხბურთო ლიგაში დარეგისტრირდა, როგორც ვულვიჩ არსენალი. კლუბი საფეხბურთო ლიგის პირველი წევრი იყო სამხრეთ ინგლისიდან.[12] ვულვიჩ არსენალმა მეორე დივიზიონიდან დაიწყო ასპარეზობა და 1904 წელს პირველ ლიგაში აღზევდა. მაყურებლების შემცირებამ, კლუბის დამაარსებელი მუშაკების ფინანსურმა პრობლემებმა და ქალაქის უფრო ხელმისაწვდომ ადგილებში ახალი კლუბების დაარსებამ ვულვიჩ არსენალი 1910 წელს თითქმის მიიყვანა გაკოტრებამდე.[13] ბიზნესმენები ანრი ნორისი და უილიამ ჰოლი კლუბის საქმეებში ჩაერთნენ და მისი სხვაგან გადატანა გადაწყვიტეს.[14]

1912–1925: ინგლისის ბანკის კლუბი

რედაქტირება

1913 წელს, მეორე დივიზიონში გავარდნიდან მალევე, კლუბი სათამაშოდ ჰაიბერიზე გადავიდა.[15] 1919 წელს, ფეხბურთის ლიგამ საკამათო გადაწყვეტილებით ხმა მისცა არსენალის უმაღლეს ლიგაში დაწინაურებას გავარდნილი ტოტენჰემ ჰოტსპურის ნაცვლად, მიუხედავად იმისა, რომ ომამდე ბოლო სეზონში კლუბმა მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა. 1915 წლის ბოლოდან ოფიციალურ დოკუმენტებში კლუბი მოხსენიებულია, როგორც არსენალი და დღემდე ამ სახელით არის ცნობილი.[16]

ახალი საშინაო არენისა და პირველ ლიგაში დაბრუნების გამო, მატჩზე დამსწრე მაყურებლების რაოდენობა გაორმაგდა და არსენალის ბიუჯეტიც გაიზარდა.[17] კლუბი რეკორდულ ფულს ხარჯავდა, ამიტომაც არსენალი მალევე ცნობილი გახდა, როგორც ინგლისის ბანკის კლუბი.

1925–1934: ჰერბერტ ჩეპმენის ლეგენდარული მეთოფეები

რედაქტირება

არსენალის 1925 წელს ჰადერსფილდ თაუნის მწვრთნელს ჰერბერტ ჩეპმენს რეკორდული ანაზღაურება შესთავაზა და გადაიბირა.[18] მომდევნო 5 წელიწადში ჩეპმენმა რევოლუციური, ახალი არსენალი ააშენა. პირველ რიგში, მან შტაბში აიყვანა ტომ უიტეკერი, რომელიც მომავალში არსენალის მთავარი მწვრთნელი გახდა.[19] ფეხბურთელი ჩარლი ბუკანის დახმარებით, ჩეპმენმა შექმნა ცნობილი WM ტაქტიკა, რომელიც გუნდის წარმატების საფუძველი გახდა. მან ასევე შეიძინა თაობის გამორჩეული ნიჭიერი ახალგაზრდები კლიფ ბასტინი და ედი ჰეპგოდი, გუნდში კი ჰყავდა ვარსკვლავები დევიდ ჯეკი და ალექს ჯეიმსი.

ჩეპმენის ტრანსფორმირებულმა არსენალმა 1930 წელს პირველი ეროვნული ტიტული, ასოციაციის თასი მოიგო, 1930-31 და 1932-33 წლებში დაეუფლა ინგლისის ჩემპიონატს. ჩეპმენი მონაწილეობდა სტადიონის ზომის ცვლილებების გატარებაში. დაამატებინა მაისურზე თეთრი სახელოები და ნომრები ზურგზე. მეტროსადგურს დაერქვა კლუბის სახელი. აშენდა ორი დიდი ტრიბუნა და ინგლისის საფეხბურთო სტადიონებზე ერთ-ერთი პირველი განათება დამონტაჟდა. 1933-34 წლების სეზონის მიმდინარეობისას, მოულოდნელად, ჩეპმენი პნევმონიით გარდაიცვალა.

1934–1947: შო, ალისონი და მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება

ჩეპმენის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმე ჯო შომ და ჯორჯ ალისონმა ჩაიბარეს, ორივე მათგანი ჩეპმენის შესანიშნავი არსენალის მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ. 1933-34, 1934-35 და 1937-38 წლებში მათ ჩემპიონატი მოიგეს, 1936 წელს - ასოციაციის თასი.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საფეხბურთო ლიგა 7 წლით შეჩერდა. ომში უმაღლესი ლიგის გუნდებიდან არსენალმა ყველაზე მეტი ფეხბურთელი დაკარგა და დიდი ზიანი მიიღო. გარდა ამისა, ჩრდილოეთ ტრიბუნის ამბიციური რეკონსტრუქციის პროექტის დავალიანებამ არსენალის რესურსები შეამცირა.

1947–1962: ტომ უიტეკერის მეტეორები

რედაქტირება

მიუხედავად ამ არეულობისა, ომის დასრულებიდან მეორე, 1947-48 წლების სეზონში არსენალმა ჩემპიონატი მოიგო. ეს ტომ უიტეკერის პირველი სეზონი იყო მთავარი მწვრთნელის რანგში. ტომ უიტეკერს ახასიათებდნენ, როგორც ძალიან თავმდაბალ და მოკრძალებულ ადამიანს, რომელიც ჩეპმენის ლეგენდარული არსენალის ტვინი იყო. მან შეზღუდული რესურსით შეკრიბა წარმატებული და მაღალკვალიფიციური ფეხბურთელები არსენალში, რომლებიც ცეცხლოვან ფეხბურთს თამაშობდნენ.

კლუბმა 1950 წელს მესამედ მოიგო ასოციაციის თასი, 1952-53 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონატის ტიტულს დაეუფლა და იმ დროისთვის, რეკორდულად ყველაზე მეტჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

1962–1984: ბილი რაიტის, ბერტი მის და ტერი ნილის პერიოდი

რედაქტირება

არსენალმა მომდევნო 18 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ჩემპიონატისა და ასოციაციის თასის მოგება. 1953 წლის შემადგენლობა დაბერდა, კლუბს გაუჭირდა საკმარისად ძლიერი შემცვლელების მოყვანა. არსენალი ისევ კონკურენტუნარიანი გუნდი იყო, მაგრამ რესურსები შემცირდა. კლუბმა 1950-იანი და 1960-იანი წლების პერიოდი ძირითადად ცხრილის შუაში გაატარა. გუნდს წარმატება ინგლისის ყოფილმა კაპიტანმა ბილი რაიტმაც ვერ მოუტანა, რომელიც არსენალს 1962-66 წლებში წვრთნიდა.

1966 წელს დროებით მწვრთნელად ფიზიოთერაპევტი ბერტი მი დაინიშნა. მისი ასისტენტი დონ ჰაუ იყო. კლუბში მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები ბობ მაკნები და ჯორჯ გრემი. მიმ გუნდი პირველად გაიყვანა ინგლისის ლიგის თასის ფინალში 1967-68 და 1968-69 წლებში. 1969-70 წლების სეზონი არსენალისთვის დიდი გარღვევა იყო, გუნდმა პირველად მოიგო ევროპული ტიტული - საქალაქთშორისო ბაზრობათა თასი. მომდევნო სეზონში არსენალმა უფრო დიდ წარმატებას მიაღწია, გუნდმა პირველად მოიგო ასოციაციის თასი და ინგლისის ლიგის თასი ერთდროულად. ეს იყო ათწლეულის უმაღლესი წერტილი. დუბლის მომგები გუნდი დაიშალა, დეკადის დარჩენილ ნაწილში არსენალს ტიტულებამდე ცოტა აკლდებოდა. 1972 წელს ასოციაციის თასის წაგებული ფინალი, 1972-72 წლებში მეორე ადგილი ინგლისის ჩემპიონატში.

1976 წელს ბერტი მის ადგილი ყოფილმა ფეხბურთელმა ტერი ნილმა დაიკავა. 34 წლის ასაკში ის გახდა არსენალის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ისტორიაში და დღემდე ფლობს ამ რეკორდს. გუნდმა შეიძინა მალკოლმ მაკდონალდი და პეტ ჯენინგსი, მათ ლიამ ბრეიდი და ფრენკ სტეპელტონი დახვდნენ, ამ შემადგენლობით არსენალმა ასოციაციის თასის ფინალში სამჯერ ითამაშა, 1980 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა. ამ დროის ერთადერთი ტრიუმფი 1979 წლის ასოციაციის თასი იყო. არსენალმა ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი 3-2, ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა.

1984–1996: ჯორჯ გრემის არსენალი

რედაქტირება

ბერტი მის გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე ჯორჯ გრემი 1986 წელს არსენალის მწვრთნელი გახდა და არსენალს პირველად მოაგებინა ლიგის თასი იმავე წელს. 1988 წელს გუნდმა შეიძნა ნაიჯელ ვინტერბერნი, ლი დიქსონი და სტივ ბოლდი, ტონი ადამსმა მათთან ერთად ჩამოაყალიბა “დიდებული დაცვის ოთხეული“. გრემი უპირატესობას დაცვით ფეხბურთს ანიჭებდა, რაც გუნდის ფილოსოფიას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა წარმატების მოპოვების შემდეგ მან მალევე მოიპოვა ნდობა.

1988 წელს გუნდმა საფეხბურთო ლიგის ასწლეულის თასი მოიპოვა. 1988-89 წლების ინგლისის ჩემპიონატი არსენალმა სეზონის ბოლო მატჩში, კონკურენტ ლივერპულთან ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო. გრემის არსენალი 1990-91 წლებში ისევ ჩემპიონი გახდა და მხოლოდ 1 მატჩი წააგო. არსენალმა 1993 წელს ასოციაციის და ინგლისის ლიგის თასები მოიპოვა, 1994 წელს - ევროპის თასების მფლობელთა თასი. გრემის რეპუტაცია შეილახა, როცა ცნობილი გახდა, რომ ის აგენტი რუნ ჰაგისგან თანხას იღებდა, რათა ზოგიერთი ფეხბურთელი შეეძინა. 1995 წელს გრემის დაითხოვეს და მისი ადგილი ბრუს რიოჩმა დაიკავა, რომელმაც მხოლოდ 1 სეზონი გაატარა კლუბში.

1996–2018: ვენგერის წლები

რედაქტირება

1996 წელს მთავარ მწვრთნელად ფრანგი არსენ ვენგერი დაინიშნა, საიდანაც არსენალის ახალი ეპოქა დაიწყო. შემტევი ფეხბურთი, დიეტისა და ვარჯიშის კონტროლი, ფულის ეფექტურად გამოყენება - ასე აღწერენ მის პერიოდს კლუბში. ვენგერმა სამშობლოდან საკვანძო ფეხბურთელები პატრიკ ვიეირა და ტიერი ანრი წაიყვანა არსენალში. 1997-97 წლებში არსენალმა ჩემპიონატისა და თასის დუბლი მეორედ შეასრულა, 2001-02 წლებში იგივე მესამედ გაიმეორა. დამატებით, გუნდმა 1999-2000 წლების უეფას თასის ფინალში ითამაშა, 2003 და 2005 წლებში მოიგო ასოციაციის თასის ფინალი. ვენგერის გუნდის მთავარი მიღწევა 2003-04 წლებში ინგლისის ჩემპიონატის დაუმარცხებლად მოგება იყო. გუნდს 2003 წლის 7 მაისიდან 2004 წლის 24 ოქტომბრამდე ჩემპიონატში ჩატარებული 49 მატჩი წაგებული არ ჰქონდა, ამიტომაც დაერქვათ “დაუმარცხებლები.“

არსენ ვენგერის პირველ 9 სეზონში არსენალი ჩემპიონატს მხოლოდ პირველ ან მეორე ადგილზე ასრულებდა, თუმცა ზედიზედ ორჯერ ჩემპიონი არ გამხდარა. გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს მიღმა 2005-06 წლების სეზონამდე ნათამაშები არ ჰქონდა. ამ სეზონში არსენალი პირველი ლონდონური გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ბარსელონასთან 2-1 დამარცხდა. ჰაიბერიზე გატარებული 93 წლის შემდეგ, 2006 წლის ივლისში არსენალი ემირეიტს სტედიუმზე გადავიდა.

2007 და 2011 წლებში არსენალი ლიგის თასის ფინალში გავიდა, სადაც ჩელსისთანაც და ბირმინგემთანაც 2-1 დამარცხდა. 2014 წელს არსენალმა ასოციაციის თასი მოიგო და 9 წლიანი მშრალი სერია შეწყვიტა. ფინალში გუნდი 0-2-ს აგებდა ჰალ სიტის წინააღმდეგ, თუმცა 3-2 გაიმარჯვა. ერთი წლის შემდეგ არსენალი ისევ გახდა ასოციაციის თასის გამარჯვებული, 2016-17 წლების სეზონის ტრიუმფის შემდეგ ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდი გახდა. იმავე წელს არსენალმა ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა და ვენგერის პერიოდში პირველად, გუნდი ოთხეულში ვერ მოხვდა. ვენგერის 21-ე და საბოლოო სეზონში არსენალმა პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა და ინგლისის სუპერთასი მოიგო. 2018 წლის 13 მაისს არსენ ვენგერმა არსენალი დატოვა.

2018–2020: ვენგერის შემდგომი პერიოდი

რედაქტირება

ვენგერის წასვლის შემდეგ კლუბის სამუშაო მოდელი შეიცვალა, 2018 წლის 23 მაისს ახალ მთავარ მწვრთნელად უნაი ემერი დაინიშნა. ის გახდა კლუბის ისტორიაში პირველი “მთავარი მწვრთნელი“ და მეორე არაბრიტანელი მენეჯერი. ემერის პირველ სეზონში არსენალმა პრემიერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ჩელსისთან 4-1 დამარცხდა. 2019 წლის 19 ნოემბერს ემერი გუნდიდან გაუშვეს, დროებით მწვრთნელად ყოფილი ფეხბურთელი ფრედი ლიუნგბერგი დაინიშნა.

2020–: არტეტას ერა

რედაქტირება

2019 წლის 20 დეკემბერს არსენალმა მთავარ მწვრთნელად გუნდის ყოფილი კაპიტანი მიკელ არტეტა დანიშნა. პრემიერ ლიგის სეზონი კლუბმა მერვე პოზიციაზე დაასრულა, რაც 1994-95 წლების შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი იყო, მაგრამ ასოციაციის თასის ფინალში ჩელსი 2-1 დაამარცხა. სადებიუტო სეზონის შემდეგ არტეტას როლი შეიცვალა და “მთავარი მწვრთნელის“ ნაცვლად“მენეჯერი“ გახდა. 2021 წლის 18 აპრილს არსენალი ევროპის სუპერლიგის ერთ-ერთ დამფუძნებელ გუნდად გამოცხადდა, რასაც ქომაგებისგან პროტესტი მოჰყვა და 2 დღის შემდეგ გუნდმა ტურნირი დატოვა. 2021-21 წლების პრემიერ ლიგის სეზონი არსენალმა ისევ მერვე პოზიციაზე დაასრულა და 26 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა ევროტურნირზე. 2022-23 წლების პრემიერ ლიგის სეზონი არსენალმა მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა. არსენალმა ანტირეკორდი დაამყარა და სეზონის ყველაზე დიდი ნაწილი გაატარა პირველ პოზიციაზე ისე, რომ ჩემპიონი ვერ გახდა.

არსენალმა პირველი ემბლემა 1888 წელს წარადგინა, რომელზეც გამოსახული იყო ჩრდილოეთისკენ აღმართული სამი ქვემეხი, ვულვიჩის მეტროს უბნის გერბის მსგავსად. 1922 წელს გუნდის ახალ ემბლემაზე მხოლოდ ერთი ქვემეხი იყო გამოსახული, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული, გვერდით მიწერილი ჰქონდა გუნდის ზედმეტსახელი “მეთოფეები“. ამ ემბლემამ მხოლოდ 1925 წლამდე გასტანა, შემდეგ ქვემეხი დასავლეთის მიმართულებით შეატრიალეს და დაბლა დახარეს.

1949 წელს არსენალმა მოდერნიზებული ემბლემა წარმოადგინა, რომელზეც დატანილი იყო კლუბის სახელი შავი ასოებით, იმავე სტილის ქვემეხი და ისლინგტონის მეტროპოლიტენის გერბი. ასევე, გრაგნილი წარწერით - “გამარჯვება მოდის ჰარმონიიდან“. თავდაპირველად ემბლემის ფერები განსხვავებული იყო, წლების განმავლობაში კი გახდა წითელი, ოქროსფერი და მწვანე. ემბლემის მრავალჯერადად გადახედვის შემდეგ, არსენალმა ვერ შეძლო საავტორო უფლებების მოპოვება. კლუბმა ემბლემა დაარეგისტრირა, როგორც სავაჭრო ნიშანი, თუმცა დიდხნიანი ბრძოლა ჰქონდა ადგილობრივ მოვაჭრესთან, რომელიც არაოფიციალურ პროდუქტს აწარმოებდა.

2002 წელს კლუბმა ახალი ემბლემა წარმოადგინა, უფრო თანამედროვე, მრუდი ხაზებითა და გამარტივებული სტილით, რომელზეც საავტორო უფლებების მოპოვება შესაძლებელი იქნებოდა. ქვემეხი აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, ზემოთ აწერია გუნდის სახელი. მწვანე შეიცვალა მუქი ლურჯი ფერით. ახალი ემბლემა ქომაგების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. არსენალის ქომაგების დამოუკიდებელმა ასოციაციამ კლუბი გააკრიტიკა. მათი თქმით, არსენალმა ისტორია და ტრადიციები დააიგნორა თანამედროვე ემბლემის შექმნის დროს.

2011-12 წლების სეზონში არსენალმა კლუბის 125-ე იუბილე იზეიმა. ზეიმი მოიცავდა მაისურებზე ახალი ემბლემის გამოსახვას. სტანდარტული ემბლემის უკან გამოსახული იყო თეთრი ფიგურა, მარცხნივ - მუხის 15 ფოთლით, მარჯვნივ - 15 დაფნის ფოთლით. მუხის ფოთლების წარმოადგენდა კლუბის 15 დამფუძნებელ წევრს. დაფნის ფოთლები წარმოადგენდა დიზაინის დეტალებს სიქსპენზე. სწორედ ეს თანხა გადაიხადეს დამფუძნებლებმა კლუბის შესაქმნელად. ფიგურაზე იყო დამატებითი წარწერები, მარცხნივ - 1886 (დაარსების წელი), მარჯვნივ - 2011 (მიმდინარე წელი), შუაში - “წინ“.

არსენალის ისტორიის დიდი ნაწილის განმავლობაში მათი საშინაო ფერებია წითელი მაისური თეთრი სახელოებითა და თეთრი შორტებით, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. გუნდმა წითელი ფერი ნოტინგემ ფორესტის საქველმოქმედო შემოწირულობით მიიღო. დაიალ სქუეარის ორი დამფუძნებელი წევრი ფრედ ბირდსლი და მორის ბეიტსი, ნოტინგემ ფორესტის ყოფილი ფეხბურთელები, ვულვიჩში გადავიდნენ სამუშაოდ. როცა გუნდი შექმნეს, მათ ფორმები არ ჰქონდათ, ბირდსლიმ და ბეიტსმა ნოტინგემს დახმარების წერილით მიმართეს. ნაჩუქარი მაისური იყო მუქი წითელი, შორტები - თეთრი, წინდები - ლურჯი და თეთრი.

1933 წელს ჰერბერტ ჩეპმენს სურდა მის ფეხბურთელებს მკაფიო ჩაცმულობა ჰქონოდათ, ამიტომ ფორმა განაახლა. დაამატა თეთრი სახელოები და მუქი წითელი შეცვალა ღია წითელით. თეთრი სახელოების იდეა ორ ისტორიას უკავშირდება. პირველი ისტორიის მიხედვით, ჩეპმენმა ტრიბუნაზე დაინახა ქომაგი, რომელსაც თეთრ პერანგზე წითელი უმკლავო მაისური ეცვა და მიიღო ინსპირაცია. მეორე ისტორიით, ჩეპმენმა გამოიყენა ტომ უებსტერის ჩაცმულობის სტილი, რომელთან ერთადაც თამაშობდა გოლფს. მას შემდეგ არსენალს წითელ-თეთრი მაისურები აცვია, გამონაკლისი მხოლოდ 1966-67 და 2005-06 წლების სეზონები იყო.

არსენალის საშინაო მაისურის ფერები მინიმუმ სამი კლუბისთვის იყო ინსპირაცია. 1909 წელს პრაღის სპარტამ არსენალის მსგავსი მუქი წითელი ფერის მაისურები მოირგო. 1938 წელს ჰიბერნიანმა არსენალის სახელოების სტილი გადაიღო და მწვანე მაისურებზე თეთრი სახელო დაამატა. 1920 წელს ბრაგას მწვრთნელმა ჰაიბერიზე სტუმრობის შემდეგ გუნდის მწვანე ფორმა წითლით შეცვალა.

წლების განმავლობაში არსენალის გასვლითი ფორმის ფერები იყო თეთ���ი ან მუქი ლურჯი, მაგრამ 1968 წელს ფეხბურთის ფედერაციამ ლურჯი ფერი აკრძალა, რადგან მსაჯებსაც იმავე ფერის ფორმა ეცვათ. მომდევნო სეზონში არსენალის გასვლითი ფორმა წარმოდგენილი იყო ყვითელი ფერის მაისურითა და ლურჯი შორტებით. კლუბის ისტორიაში ყვითელი და ლურჯი ისეთივე ისტორიული გახდა, როგორც წითელი და თეთრი.

1994 წელს არსენალის ფორმების მწარმოებელი ადიდასის ნაცვლად ნაიკი გახდა, რასაც გასვლით ფორმებზე ლურჯი ფერის დაბრუნება მოჰყვა. ამ პერიოდიდან გასვლით მაისურების დომინანტი ფერი იყო ლურჯი ან ყვითელ-ლურჯი.

2014 წელს ფორმების წარმოება პუმამ გადაიბარა და არსენალს ყოველი სეზონის წინ განსხვავებული საშინაო, გასვლითი და ალტერნატიული ფორმები ჰქონდა. 2017-18 წლების სეზონის წინ პუმამ ფერების ახალი კომბინაციით შექმნა ფორმები. გასვლითი ფორმა ღია ლურჯი იყო და მაისურის ბოლო შედარებით მუქი, გასვლითი ფორმა კი შავი, წითელი დეტალებით. მომდევნო სეზონიდან პუმა კლასიკურ ფერებს დაუბრუნდა.

2019-20 წლების სეზონიდან მოყოლებული არსენალის ფორმებს ისევ ადიდასი აწარმოებს.

სტადიონები

რედაქტირება

საფეხბურთო ლიგაში გაწევრიანებამდე არსენალი თამაშობდა პლამსტიდ ქომონზე, შემდეგ მანორ გრაუნდზე. 1890-93 წლები კლუბმა ინვიქტა გრაუნდზე გაატარა. 1893 წელს არსენალი საფეხბურთო ლიგას შეუერთდა, დაბრუნდა მანორ გრაუნდზე, სადაც ტრიბუნები მოაწყო. მომდევნო 20 წლის განმავლობაში არსენალი აქ თამაშობად, სანამ ჩრდილოეთ ლონდონში არ გადავიდოდა.

ცნობილი, როგორც ჰაიბერი, არსენალის სთედიუმი იყო კლუბის სახლი 1913 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მაისამდე. სტადიონის დიზაინი ეკუთვნის საფეხბურთო არქიტექტორს არჩიბალ ლეიტეკს. 1930 წელს სტადიონზე დიდი რეკონსტრუქცია ჩატარდა, მოეწყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ტრიბუნები, ჩრდილოეთ ტრიბუნა გადაიხურა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბომბა.

ჰაიბერის მაქსიმუმ 60,000 მაყურებლის მიღება შეეძლო, ადრეულ 1990-იან წლებამდე იტევდა 57,000 ქომაგს. პრემიერ ლიგის რეგულაციებიდან გამომდინარე, არსენალი იძულებული გახდა ჰაიბერის ტევადობა 38,419-მდე შეემცირებინა. ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე რაოდენობა კიდევ უფრო მეტად იკლებდა, რათა სარეკლამო ბილბორდების სივრცე ყოფილიყო. 1998-2000 წლებში არსენალი ჩემპიონთა ლიგის მატჩებს უემბლიზე ატარებდა, რომელიც 70,000 ადამიანს იტევდა.

ჰაიბერის რეკონსტრუქცია და ადგილების გაზრდა შეუძლებელი იყო, რადგან აღმოსავლეთ ტრიბუნას კულტურული ძეგლის სტატუსი ჰქონდა, დანარჩენი სამი ტრიბუნა კი ძალიან ახლოს იყო საცხოვრებელ სახლებთან. ამ შეზღუდვებმა არსენალს 1990-იან წლებში და 21-ე საუკუნის დასაწყისში დიდი შემოსავალი დააკარგვინა და გაჩნდა საფრთხე, რომ კლუბი სხვა გრანდებს ჩამორჩებოდა. 2000 წელს არსენალმა გადაწყვიტა ახალი სტადიონის აშენება ეშბურტონ გროუვზე, რომელსაც ემირეიტს სტედიუმი დაერქმეოდა და 60,361 მაყურებელს დაიტევდა. სტადიონი ჰაიბერისგან 500 მეტრით იქნებოდა დაშორებული. მშენებლობა 2006 წლის ივლისში დასრულდა და ეწოდა კლუბის სპონსორის სახელი, რომელთანაც არსენალმა იმ დროისთვის სარეკორდო, £100 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული კონტრაქტი გააფორმა. ზოგიერთი ქომაგი სტადიონს ისევ ეშბურტონ გროუვს ან უბრალოდ გროუვს ეძახის, ისინი ეწინააღმდეგებიან სტადიონისთვის სპონსორის სახელის დარქმევას.

არსენალის ფეხბურთელები ვარჯიშობენ შენლის სავარჯიშო ბაზაზე ჰერტფორდშირში, შენობა 1999 წელს აშენდა. 1961 წლამდე კლუბი სავარჯიშო ბაზად ჰაიბერის იყენებდა, შემდგომ ლონდონის სტუდენტების გაერთიანების დარბაზს. არსენალის 18-წლამდელთა გუნდი მატჩებს შენლიზე მართავს, რეზერვები მიდოუ პარკზე თამაშობენ, რომელიც ბორეჰემ ვუდის საშინაო სტადიონიც არის.

ქომაგები და დაპირისპირებები

რედაქტირება

არსენალის ქომაგებს უწოდებენ “მეთოფეებს“, რაც გამომდინარეობს კლუბის ზედმეტსახელიდან. თითქმის ყველა საშინაო მატჩზე ყველა ბილეთი იყიდება. 2007-08 წლებში არსენალს ინგლისურ კლუბებს შორის საშუალოდ მეორე ყველაზე მაღალი დასწრება ჰქონდა (99.5%). არსენალის მატჩებზე მსოფლიოს მასშტაბით მეშვიდე ყველაზე მაღალი საშუალო დასწრებაა დორტმუნდის, ბარსელონას, მანჩესტერ იუნაიტედის, რეალის, ბაიერნისა და შალკეს შემდეგ.

2022 წლის მაისის შემდეგ არსენალის ყოველი საშინაო მატჩის წინ ირთვება ლუის დანფორდის სიმღერა “North London Forever“, რაც კლუბის ახალი ჰიმნია.

დაპირისპირებები

რედაქტირება

არსენალს ყველაზე ხანგრძლივი და ღრმა დაპირისპირება აქვს უახლოეს მეზობელ ტოტენჰემ ჰოტსპურთან. ამ ორი კლუბის შეხვედრას ჩრდილო ლონდონურ დერბის უწოდებენ. არსენალს დაპირისპირებები აქვს ჩელსისთან და მანჩესტერ იუნაიტედთანაც.

არსენალის თილისმა არის 7 ფუტის სიმაღლის მწვანე დინოზავრი, რომელსაც “განერსოროს რექსი“ ჰქვია. ის პირველად 1994 წლის აგვისტოში მანჩესტერ სიტისთან გამართული საშინაო მატჩის დროს გამოჩნდა. მასკოტის ავტორი 11 წლის პიტერ ლავლია, რომელმაც ���ხალგაზრდა “მეთოფეების“ კონკურსში გაიმარჯვა. თილისმის ისტორიის მიხედვით, ჰაიბერის რეკონსტრუქციის დროს იპოვეს კვერცხი, საიდანაც გამოიჩეკა დინოზავრი.

თილისმის ფორმას პირველივე დღიდანვე ჯერი ქუეი ატარებს. 2020 წლის ოქტომბერში, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, კლუბს ფინანსების დაზოგვა დასჭირდა, რასაც სხვა 55 თანამშრომელთან ერთად თილისმაც შეეწირა. 2020 წლის ნოემბერში არსენალმა განაცხადა, რომ “განერსოროსი“ ისევ ბრუნდებოდა.

მფლობელები და ფინანსები

რედაქტირება

არსენალის უმსხვილესი აქციონერია ამერიკელი ბიზნესმენი სტენ კრონკე. მან პირველად 2007 წლის აპრილში გააკეთა წინადადება კლუბის შესასყიდად, თუმცა დიდი წინააღმდეგობა შეხვდა “Red and White Securities“-სგან, რომელმაც წილი დევიდ დინისგან შეიძინა. კომპანიას რუსი მილიარდელი ალიშერ უსმანოვი და ირანელი ფინანსისტი ფარად მოშირი ფლობენ. 2016 წელს უსმანოვმა მოშირის წილიც შეისყიდა. 2009 წლის ნოემბერში კრონკე კლუბის თითქმის 30%-ის მფლობელი გახდა. 2011 წლის აპრილში კრონკეს წილი 62.89%-მდე გაიზარდა. 2018 წლის აგვისტოში კრონკემ უსმანოვის წილი £550 მილიარდ გირვანქა სტერლინგიდან შეისყიდა და ჯამში 90%-ზე მეტი დაუგროვდა. სტენმა დანარჩენი აქციებიც შეიძინა და კლუბის ერთადერთი მფლობელი გახდა.

ფორმის ბრენდები და სპონსორები

რედაქტირება
არსენალის ფორმები
წლები ფორმის მწარმოებელი მაისურის სპონსორი (მკერდი) მაისურის სპონსორი (მხარი)
1886–1930 უცნობია არ ჰყავდა არ ჰყავდა
1930–1970 Bukta
1971–1981 Umbro
1981–1986 JVC
1986–1994 Adidas
1994–1999 Nike
1999–2002 Dreamcast

Sega

2002–2006 O2
2006–2014 Emirates
2014–2018 Puma
2018–2019 Visit Rwanda
2019–present Adidas

მფლობელები

რედაქტირება

საფეხბურთო კლუბი არსენალი ეკუთვნის კომპანია "არსენალ ჰოლდინგს", რომელსაც ფლობს:

  • 100.0 % — სტენ კრონკი (ინგ. Stan Kroenke)

მიმდინარე შემადგენლობა

რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   ინგლისი აარონ რამსდეილი
2 მცველი   საფრანგეთი ვილიამ სალიბა
4 მცველი   ინგლისი ბენ უაითი
5 ნახევარმცველი   განა ტომას პარტეი
6 მცველი   ბრაზილია გაბრიელ მაგალაესი
7 თავდამსხმელი   ინგლისი ბუკაიო საკა
8 ნახევარმცველი   ნორვეგია მარტინ ედეგორი
9 თავდამსხმელი   ბრაზილია გაბრიელ ჟეზუსი
10 ნახევარმცველი   ინგლისი ემილ სმიტ როუ
11 თავდამსხმელი   ბრაზილია გაბრიელ მარტინელი
12 მცველი   ნიდერლანდები იურიენ ტიმბერი
14 თავდამსხმელი   ინგლისი ედი ��კეტია
15 მცველი   პოლონეთი იაკუბ კივიორი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
17 მცველი   პორტუგალია სედრიკ სოარეში
18 მცველი   იაპონია ტაკეჰირო ტომიასუ
19 თავდამსხმელი   ბელგია ლეანდრო ტროსარი
20 ნახევარმცველი   იტალია ჟორჟინიო
21 ნახევარმცველი   პორტუგალია ფაბიუ ვიეირა
22 მეკარე   ესპანეთი დავიდ რაია
24 თავდამსხმელი   ინგლისი რის ნელსონი
25 ნახევარმცველი   ეგვიპტე მოჰამედ ელნენი
29 თავდამსხმელი   გერმანია კაი ჰავერცი
31 მეკარე   ესტონეთი კარლ ჰეინი
35 მცველი   უკრაინა ოლექსანდრ ზინჩენკო
41 ნახევარმცველი   ინგლისი დეკლან რაისი

ამჟამინდელი პერსონალი

რედაქტირება
პოზიცია სახელი
მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა
მწვრთნელის ასისტენტები ალბერტ სტივენბერი
კარლოს კუესტა
მიგელ მოლინა
სტანდარტული სიტუაციების მწვრთნელი ნიკოლას იოვერი
მეკარეების მწვრთნელი ინაკი კანია
აკადემიის მენეჯერი პერ მერტესაკერი
საფეხბურთო ოპერაციების დირექტორი რიჩარდ გარლიკი
აღმასრულებელი დირექტორი ვინაი ვენკატეშამი
სპორტული დირექტორი ედუ გასპარი
პოზიცია სახელი
თანათავმჯდომარე სტენ კრონკე
თანათავმჯდომარე ჯოშ კრონკე
აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარე ტიმ ლუისი
დირექტორი ჩარლზ ჰარისი

ტიტულები

რედაქტირება
  • ინგლისის პრემიერლიგა
    • გამარჯვებული (13): 1930–31, 1932–33, 1933–34, 1934–35, 1937–38, 1947–48, 1952–53, 1970–71, 1988–89, 1990–91, 1997–98, 2001–02, 2003–04
    • ვიცე-ჩემპიონი (9): 1925–26, 1931–32, 1972–73, 1998–99, 1999–2000, 2000–01, 2002–03, 2004–05, 2015–16
    • ბრინჯაო (9): 1936–37, 1951–52, 1958–59, 1980–81, 1996–97, 2007–08, 2009–10, 2011–12, 2014–15
  • ინგლისის ასოციაციის თასი
    • გამარჯვებული (14): 1929–30, 1935–36, 1949–50, 1970–71, 1978–79, 1992–93, 1997–98, 2001–02, 2002–03, 2004–05, 2013–14, 2014–15, 2016–17, 2019-20
    • ფინალისტი (7): 1926–27, 1931–32, 1951–52, 1971–72, 1977–78, 1979–80, 2000–01
  • ინგლისის ლიგის თასი
    • გამარჯვებული (2): 1986–87, 1992–93
    • ფინალისტი (6): 1967–68, 1968–69, 1987–88, 2006–07, 2010–11, 2017–18
  • ინგლისის სუპერთასი
    • გამარჯვებული (17): 1930, 1931, 1933, 1934, 1938, 1948, 1953, 1991, 1998, 1999, 2002, 2004, 2014, 2015, 2017, 2020, 2023
    • ფინალისტი (7): 1935, 1936, 1979, 1989, 1993, 2003, 2005

საერთაშორისო

რედაქტირება

მთავარი მწვრთნელები

რედაქტირება
პერიოდი მწვრთნელი[20] შენიშვნები
1897–1898   ტომას მიტჩელი
1898–1899   უილიამ ელკოუტი
1899–1899   არტურ კენედი დროებითი მწვრთნელი
1899–1904   ჰარი ბრედშოუ
1904–1908   ფილ კელსო
1908–1915   ჯორჯ მორელი
1915–1919   ჯეიმს მაკუენი დროებითი მწვრთნელი
1919–1925   ლესლი ნაიტნოი
1925–1934   ჰერბერტ ჩეპმენი
1934–1934   ჯო შო დროებითი მწვრთნელი
1934–1947   ჯორჯ ალისონი
1947–1956   ტომ უიტეკერი
1956–1958   ჯეკ კრეისტონი
1958–1962   ჯორჯ სვინდინი
1962–1966   ბილი რაიტი
1966–1976   ბერტი მი
1976–1983   ტერი ნილი
1983–1986   დონ ჰოუ
1986–1986   სტივ ბარტენშო დროებითი მწვრთნელი
1986–1995   ჯორჯ გრემი
1995–1995   სტიუარტ ჰიუსტონი დროებითი მწვრთნელი
1995–1996   ბრიუს როში
1996–1996   სტიუარტ ჰიუსტონი დროებითი მწვრთნელი
1996–1996   პეტ რაისი დროებითი მწვრთნელი
1996–2018   არსენ ვენგერი
2018–2019   უნაი ემერი
2019   ფრედი ლიუნგბერგი დროებითი მწვრთნელი
2019-   მიკელ არტეტა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Arsenal FC - history, facts and records". www.footballhistory.org. Retrieved 16 December 2023..
  2. Ross, James; Heneghan, Michael; Orford, Stuart; Culliton, Eoin (25 August 2016). "English Clubs Divisional Movements 1888–2016".
  3. Pietarinen, Heikki (24 August 2017). "England – First Level All-Time Tables".
  4. Hodgson, Guy (17 December 1999). "Football: How consistency and caution made Arsenal England's greatest". The Independent. London. Archived from the original on 3 March 2016. Retrieved 13 May 2016.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 5 იანვარი 2024.
  5. "Herbert Chapman". National Football Museum..
  6. "Arsenal – Historical kits". Historicalkits..
  7. "World's most valuable soccer teams". Forbes..
  8. "10/05/2017 -'Royal Arsenal' formed in Woolwich". www.arsenal.com..
  9. Kelly, Andy; Andrews, Mark (13 January 2014). "How Arsenal's Name Changed – Royal Arsenal". The Arsenal History.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი 2017.
  10. Kelly, Andy; Andrews, Mark (10 January 2014). "How Arsenal's name changed – Dial Square". The Arsenal History..
  11. Kelly, Andy (9 May 2017). "Royal Arsenal FC Turn Professional – The Truth". The Arsenal History..
  12. Kelly, Andy; Andrews, Mark (20 January 2014). "How Arsenal's Name Changed – Woolwich Arsenal". The Arsenal History.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი 2017.
  13. Davis, Sally (December 2007). "Woolwich Arsenal 1910 – the arrival of Hall and Norris". wrightanddavis.co.uk.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-10. ციტირების თარიღი: 2017-10-06.
  14. Kelly, Andy (12 April 2017). "Did Henry Norris Really Buy Arsenal?". The Arsenal History..
  15. "Club moves from Woolwich to Highbury". www.arsenal.com..
  16. Kelly, Andy; Andrews, Mark (30 January 2014). "How Arsenal's Name Changed – Arsenal F.C." The Arsenal History.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2015. ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი 2017.
  17. "A Conservation Plan for Highbury Stadium, London" (PDF). Islington Council. 14 February 2005.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 5 იანვარი 2024.
  18. Barclay, Patrick (9 January 2014). "Arsenal: The Five-Year Plan". The Life and Times of Herbert Chapman: The Story of One of Football's Most Influential Figures. Orion..
  19. Whittaker & Peskett 1957. Tom Whittaker's Arsenal Story. 
  20. „The Managers“. stretfordend.co.uk. ციტირების თარიღი: 20 ივნისი 2017.