ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი

ქართველი საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პი��ი, ქველმოქმედი

ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი (დ. 7 ივლისი, 1847 — გ. 2 აპრილი, 1919) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი, ქველმოქმედი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი დაიბადა 1847 წელს ლამისყანაში, ივანე ჯამბაკურ-ორბელიანისა და ნინო ერისთავის ოჯახში. აღზრდა-განათლება ალექსანდრემ ოჯახში მიიღო. მშობლებთან ერთად, ბავშვზე დიდ გავლენას ახდენდა პაპა თორნიკე ერისთავი.

ალექსანდრე სასწავლებლად პეტერბურგის პაჟთა კორპუსში შეიყვანეს, რომელიც 1867 წელს კორნეტის ჩინით დაამთავრა. საბოლოოდ იგი იყო შტაბს-კაპიტანი და მიღებული ჰქონდა გენერალ-მაიორის ჩინი.

1872 წელს ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანმა ცოლად შეირთო მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი. მარიამი ერეკლე მეფის გამორჩეულად საყვარელი შვილის, თეკლე ბატონიშვილის შვილიშვილი იყო. 1906 წელს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის მცდელობით, მის მიერვე შეკრებილი ფულით გაიხსნა პირველი ქართული ქალთა სკოლა. 1917 წლამდე ალექსანდრე და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანებს არაერთი სტიპენდიატი ყავდათ ქართულ ვაჟთა სკოლაში, რუსეთის და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში. 1917-1918 წლებში ალექსანდრე და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანები მონაწილეობას იღებდნენ და ივანე ჯავახიშვილს მხარში ედგნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.

ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი გარდაიცვალა 1919 წელს და დაკრძალულია მამა-პაპის გვერდით თბილისში, სიონის ტაძარში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება