ალექსანდრე როინაშვილი
ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილი (ასევე ცნობილი მისი რუსიფიცირებული სახელით ალექსანდრ როინოვი, რუს. Александр Соломонович Роинов) (დ. 1846, დუშეთი — გ. 11 მაისი, 1898, თბილისი) — პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი.[1][2]
ალექსანდრე როინაშვილი | |
---|---|
ალექსანდრე როინაშვილი | |
დაბადების თარიღი |
1846 დუშეთი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
11 მაისი, 1898 თბილისი, რუსეთის იმპერია |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ქვეშევრდომობა | რუსეთის იმპერია |
პროფესია | ფოტოგრაფი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მამამისი სოლომონი ყოფილა ხელოსანი, უნაგირების მკეთებელი. 14 წლის იყო ალექსანდრე, მამა რომ გარდაეცვალა და მისი აღზრდა მთლიანად დასწოლია კისერზე მის დედას, მარინეს. იმ რთულ პერიოდში როინაშვილების ოჯახს გვერდში დაუდგა დუშეთის გლეხობა, რომელთაც ითავეს როინაშვილზე მიწერილი ყოველგვარი სახაზინო გადასახადის გადახდა. საარქივო მასალებში შემონახულია ერთი საბუთი, რომელსაც ხელს აწერს 32 პირი.
პირველდაწყებითი განათლება მიიღო ჯერ დუშეთის სასწავებელში, ხოლო შემდეგ სამხედრო აღსაზრდელთა სკოლაში ანანურში. ანანურის სკოლას მეტსახელად კაზარმების სკოლას ეძახდნენ, რადგანაც იქ მოხვედრილ ბავშვებს ადმინისტრაცია არუსებდა, უკრძალავდა ქართულად ლაპარაკს, ამ სკოლაში ალექსანდრე დიდხანს არ გაჩერებულა. აუტანელი რეჟიმის გამო მან თავი დაანება სასწავლებელს და სახლში ბრუნდა. ხელმოკლეობისაგან შევიწროებულმა დედამ ის ქალაქ კავკავში წაიყვანა და მეწვრილმანე ვაჭარს მიაბარა, მალევე დაანება თავი ვაჭრობას და თბილისში ჩამოვიდა.
მოღვაწეობა თბილისში
რედაქტირებამისი თბილისში წამოსვლის შესახებ ორი ცნობა არსებობს: პირველი ცნობის მიხედვით, რომელსაც გვაწვდის ვასილ როინაშვილი თავის მოგონებაში, ახალგაზრდა ალექსანდრე ვიღაც მეფურგუნის დახმარებით კავკავიდან გაპარულა თბილისში. დედას რომ არ შეეტყო მისი გაპარვა, თავის მშობლიურ დუშეთში არც კი შეუვლია.
დიდ ქალაქში მოხვედრილი ახალგაზრდა ალექსანდრესთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისთან მოეწყობოდა შეგირდად — დერციკთან თუ ხარაზთან, ოღონდაც კი სამუშაო ეშოვნა და რაიმე ხელობა შეესწავლა. სამუშაო ვერსად ვერ უშოვნია. ბოლოს ოქრომჭედლების ქუჩაზე ერთ მკერავთან შესულა, იქაც რომ უარი მიუღია გულდაწყვეტილი გამობრუნებულა. ამ დროს ის შეუჩერებია ერთ მუშტარს და ვინაობა გამოუკითხვია. უცნობს წინადადება მიუცია მისთვის წაყოლოდა მას და აღუთქვამს მისთვის ხელობის შესწავლა, ასევე მისი შენახვა.
შემდეგში უცნობი გამომდგარა ვინმე ხლამოვი, ხელობით ფოტოგრაფი და იმავე დროს ფერმწერი მხატვარი. მას დიდძალი დაკვეთები ჰქონდა ეკლესიის ხატებზე ჩრდილოეთ კავკასიიდან.
მეორე ცნობის მიხედვით, კავკავიდან წამოყვანილი 14 წლის ახალგაზრდა თბილისში მოუყვანიათ ნათესავ მღვდელთან ცამციევთან, რომელსაც ის მოუწყვია ცნობილ ფოტოგრაფ ხლამოვთან[3].
რაიმე ხელობის შესწავლა იმ დროს არ იყო ადვილი საქმე, მით უმეტეს ფოტოგრაფიისა. ყოველი ფოტოგრაფი ცდილობდა სხვისთვის არ გადაეცა თავისი ხელობის საიდუმლო.
ოთხი-ხუთი წლის მუშაობის შემდეგ ნიჭიერი ალექსანდრე ხლამოვის მარჯვენა ხელი ხდება. 1860-1865 წლებში ის ხლამოვის დახმარებით ტფილისში სასახლის ქუჩაზე (რუსთაველის პროსპექტი), ქართველი მედსენატის დავით სარაჯიშვილის ძველ სახლში გახსნა თავისი პირველი ფოტო-სახელოსნო. როგორც თბილისის გუბერნატორის კანცელარიის განსაკუთრებულ მინდობილობათა მოხელის აღწერილობიდან ჩანს (რომელსაც დავალებული ჰქონდა სტამბების, წიგნის მაღაზიების, ბიბლიოთეკების, ფოტოატელიების და სხვათა აღრიცხვა), თბილისში მრავალი არაქართველი ფოტოგრაფი ყოფილა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო ქართველთაგან პირველ ფოტოგრაფად, რომელსაც თავისი საკუთარი სახელოსნო ჰქონდა იყო ალექსანდრე როინაშვილი.
მის შესახებ როინაშვილის თანამედროვე მოსე ჯანაშვილი წერდა:
„ა. როინაშვილი მიებარა ერთ კეთილ „მესურათხატეს“, ისწავლა მისგან ხატვა. მასწავლებელმა გაგზავნა ის „სურათხატების“ გადასაღებად კახეთს, ნუხას, ბაქოს, დაღესტანს, კავკავს, ოსეთს, იმერეთს, სამცხეს, ქართლს და სხვა. „მესურათხატემ“ მადლობა უთხრა მას და მან შეისყიდა მისგან სასურათხატო.
შემდეგ განაახლა „სასურათხატო“ და მის კარიბჭეზე ეწერა: ა. როინაშვილი. მოაწყდა ქალი და კაცი, ვისაც სურდა ეხილა მხატვრობა თავისი სახისა, მხატვრობა კოხტად, ლამაზად და ღირსეულის ხელოვნებით გადაღებული. გაძლიერდა მუშაობა მთიული გლეხის შვილებისავე თანამონაწილეობით. „სასურათხატომ“ გადაიღო სახეები საქართველოს წარჩინებულ მეფეებისა, მწერლებისა, მღვდელ-მთავრებისა სურათები შესანიშნავ ადგილებისა, ტაძრებისა, ციხეებისა, მხატვრობანი ხატთა, სამკაულთა, ქანდაკებათა, ფულთა; გადაიღო ყოველივე ეს და თვის „სასურათხატოს“ შესთვისა ნაციონალური იერი[4].“ |
ქართული ისტორიული ძეგლების განადგურებამ, სამუზეუმო ნივთების აღვირახსნილმა მიტაცებამ, რის მოწმეც თავ��დ როინაშვილი იყო, ის იმ დასკვნამდე მიიყვანა რომ მხოლოდ ფოტოგრაფიით შეიძლებოდა უტყუარი დოკუმენტური მასალის შემონახვა და დაცვა, უცხოეთში გატანა და ჩვენება იმისა, რისი პატრონი და შემქმნელი იყო ქართველი ერი თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე. „ისტორიულ ნივთებს გვპარავენ, ძეგლები ინგრევა, ცხოვრება წინ მიდის, ადამიანის ყოფა-ცხოვრება იცვლება, ფოტოსურათები მაინც დარჩეს წარსულის საბუთადო“ — ამბობდა ხოლმე როინაშვილი.
ალექსანდრე როინაშვილს არ გამორჩენია თითქმის არც ერთი მისი თანადროული საზოგადო მოღვაწე (მწერალი, პოეტი, არტისტი, ისტორიკოსი და სხვა.), რომელთა ფოტოსურათი არ გადაეღოს. მის მიერ არის გადაღებული ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, ნ. ცხვედაძე, დ. კიფიანი, ლ. მესხიშვილი, ილია ხონელი, პ. კარბელაშვილი, ე. ჩერქეზიშვილი, თ. რაზიკაშვილი, დუტუ მეგრელი, დ. ჩუბინაშვილი, ან. ფურცელაძე, ვ. გუნია, ია ეკალაძე, ნინო ორბელიანი, მამია გურიელი და სხვები.
ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო შოთა რუსთაველის პორტრეტის დაბეჭდვაც რადგანაც მისი სახება ისევე როგორც ვეფხისტყაოსნის ბევრი ხელნაწერითითქმის უკვალოდ განადგურებულიყო დროთა განმავლობაში.
„უფალი როინოვის ფოტოგრაფიაში ჩვენ ვნახეთ ახლად გადაღებული სურათი შოთა რუსთაველისა. სურათი ფრანცუზულ გამოცემიდან „Caucase puttore due“-დან არის გადმოხატული[5].“
|
-
შოთა რუსთაველი
-
ილია ჭავჭავაძე
-
ვაჟა-ფშაველა
-
იაკობ გოგებაშვილი
-
ალექსანდრე ყაზბეგი
ა. როინაშვილი არა მარტო მის თანამედროვე მოღვაწეების სურათებს იღებდა და ნეგატივებს უნახავდა მომავალ თაობებს, არამედ თავგამოდებით ეძებდა ძველ მხატვრული პირების სურათებს, რათა ფოტორეპროდუქციის საშუალებით დაღუპვისაგან გადაერჩინა და, ამავე დროს, საზოგადოებაში გაევრცელებინა.
„უფ. ფოტოგრაფი როინოვი გვთხოვს გამოვაცხადოთ, რომ იმას ჰსურს ფოტოგრაფიით გადაიღოს ძველი ქართველი შესანიშნავი პირების სურათები, როგორც მწერლებისა, აგრეთვე მამულისათვის მოღვაწე გმირებისაო, და ამის გამო ის უმორჩილესად სთხოვს საზოგადოებას, ვისაც კი ამისთანა პირის სურათი აქვს, გამოუგზავნოს იმას, დროებით ფოტოგრაფიით გადასაღებად, რომლის შედეგაც დიდის მადლობით დავაბრუნებთ ისევაო[6]“
|
ოჯახი და განშორება
რედაქტირებათავისი მზრუნვეობა ხლამოვს არც მას შემდეგ შეუწყვეტია როდესაც თავისი სახელოსნო ჩამოაყალიბა ალექსანდრემ. მან თავის ყოფილ მოწაფეს ურჩია ცოლად მოეყვანა მისი ნაცნობი ქალი, პროფესიით მკერავი, ეროვნებით რუსი. „ორივე იშრომებთ და ცხოვრება არ გაგიჭირდებათო“ უთქვამს მას. მართლაც ალექსანდრეს მასწავლებლის რჩევით ცოლად შეურთავს ის ქალი, რომელმაც შემდგომში დიდი როლი ითამაშა მისი სამშობლოდან გადახვეწის საქმეში. ცოლ-ქმარს შორის წარმოშობილი უთანხმოების მთავარი მიზეზი ყოფილა როინაშვილის თბილი დამოკიდებულება თავის თანამემულეებისადმი, კერძოდ კი თავის სოფლელების მიმართ რომელიც მათ ისევე ედგა გასაჭირში როგორც ისინი თავის დროზე დაუდგნენ თავდებათ მის 14 წლის ასაკში. აქედან დაიწყო ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება. ვერავითარი შეგონება და ტკბილი დარიგებამ რომ ვეღარ იმოქმედა ალექსანდრემ გადაწყვიტა განშორება.
ერთ დღეს როინაშვილს უთქვამს თავის ცოლისათვის: განჯაში ჯარი სდგას, დიდი შეკვეთა ავიღე და იქ უნდა წავიდეო. აუღია თავისი ხელსაწყოები და ცოლთან ერთად ორთაჭალამდე ეტლით მისულა. გამომშვიდობებისას ცოლისთვის უთქვამს: „დღეის შემდეგ შენ ჩემი მეუღლე აღარ ხარ და მე შენი ქმარიო. რამდენიმეჯერ მოგეცი დარიგება და გაფრთხილება, შენ მაინც შენი არ მოიშალე, მშვიდობით ბრძანდებოდეო“. ქალს გული წასვლია. როინაშვილს უთქვამს მეეტლისათვის: „იქვე მიიყვანე, საიდანაც წამოვედითო“.
ეს მომხდარა 1880 წელს. ამით თავდება როინაშვილის ცხოვრების პირველი პერიოდი და იწყება ახალი, უფრო მძიმე პერიოდი მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა.
მოგზაურობა კახეთსა და დაღესტანში
რედაქტირება1880 წლიდან იწყება მისი მეტად ნაყოფიერი მოგზაურობა ფოტო-აპარატით ხელში. თბილისიდან წასული როინაშვილი, თელავში სახლდება. იწყებს კახეთის ისტორიული ძეგლების გადაღებას. გაზეთ დროების კორესპონდენტი წერს:
1881 წელს მან დასტოვა კახეთი, სადაც მან გადაიღო ყველა ღირსშესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლი და გადავიდა დაღესტანში, თემირხანშურაში დასახლდა და იქ დარჩა რვა წელიწადს. მან ფეხით დაიარა ყველა ისტორიული ძეგლი, შეაგროვა დიდი ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა, შესიწავლა და აღწერა ადგილობრივთა ყოფა.
ერთი წლის თავზე მასზე გაზეთი დროება წერდა:
„აგერ ერთ წელიწადზე მეტია, რაც დაღესტანში იმყოფება ჩვენი ქართველი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი. შემოჰყვა დაღესტანს სამხრეთიდან, სადაც სხვთა შორის გადაიღო სურათი ქ. დარუბანდისა, რომელიც ძველ დროს მეფე მირიანის მეფობაში ეკუთვნოდა საქართველოს ტახტსა და აქაურ მცხოვრებთა მაშინ უწოდენდნენ ძურძუკეთად. აქედან შემოდგომას მოვიდა თემირ-ხან შურაში, ზამთარი 1881-1882 წლებში გაატარა აქა ღვაწლში. შემდეგ გაზაფხულდა თუ არა, გაემართა დაღესტანის მთებში, იმ განზრახვით, რომ რაიმე შეეძინა კიდევ საქართველოს ისტორიისათვის და ანტროპოლოგიისათვის, თუმცა ამ განზრახვის აღსრულებას, დიდი ხარჯის გარდა, ბევრი გაჭირვება და ჯაფა მიუძღოდა[7].“
|
1885 წლის 2 დეკემბერს ის დაღესტნიდან წერილს სწერს ცნობილ ქართველ ისტორიკოსს დიმიტრი ბაქრაძეს.
მოძრავი მუზეუმის გამართვას ალ. როინაშვილი 1887 წლიდან შეუდგა. „კავკასიური მუზეუმის“ გამოფენები მოეწყო თემირხანშურაში, ასტრახანში, მოსკოვსა და პეტროგრადში. იგი შედგებოდა არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური განყოფილებებისაგან. წარმოდგენილი იყო ათასზე მეტი ფოტოსურათი.
1887 წელს გაზეთი ივერია ქალაქ ასტრახანში როინაშვილის მუზეუმის გამოფენის გამო წერდა:
„როინაშვილს მოუვლია კავკასია, თითქმის ოცი წლის განმავლობაში უმხნევია და დიდის მეცადინეობით შეუკრებია ძვირფასი საისტორიო და საარქეოლოგიო კოლექცია[8].“
|
ალექსანდრე როინაშვილს დაღესტანში შეგროვებული არქეოლოგიური მასალების გამო ახლო კავშირები ჰქონდა პეტერბურგისა და მოსკოვის სამეცნიერო წრეებთან. ამ დროს მას ირჩევენ პეტერბურგის საიმპერატორო საარქეოლოგიო საზოგადოების წევრად.
ხანდახან უსახსრობის გამო იძულებული იყო თავისი კოლექციის რომელიმე ექსპონატი გაეყიდა, რის გამოც ის ექსპონატს სურათს უღებდა და თავის ფოტოაარქივში ინახავდა. ასეთი არქივის ფოტოდოკუმენტებს ის პრაქტიკულადაც იყენებდა, ჰქმნიდა ალბომებს და უგზავნიდა რუსეთის სამეცნიერო წრეებს.
თბილისში დაბრუნება
რედაქტირება1886 წელს როინაშვილი თბილისში გადმოდის და გადმოქ მთელი მისი მოძრავი ქონება. იმდროინდელი ჟურნალი „თეატრი“ წერდა:
„ამ მოკლე ხანში თემირხანშურიდან ჩამოვიდა ქართველი მოგზაური და ფოტოგრაფი ა. როინაშვილი და დიდძალი საარქეოლოგიო ძველი ნივთები და სურათები ჩამოიტანა[9].“
|
36 წლის ასაკში როინაშვილი წერს ანდერძს რომლის თანახმადაც ის თავის ქონებას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას დაუტოვებდა. ანდერძის გაფორმების შემდეგ ის ისევ თემირხანშურაში დაბრუნდა.
1889 წელს ალ. როინაშვილი თბილისში ბრუნდება საბოლოოდ სადაც მან გააგრძელა ქართული კულტურაზე ზრუნვა და პოპულარიზაცია. იმდროინდელი გაზეთი „ივერია“ წერდა:
„როგორც შევიტყვეთ, ბატონს როინაშვილს, რომელსაც მოსკოვში ჰქონდა გამართული მუზეი და ფოტოგრაფია, საბოლოოდ განუზრახავს ჩვენს ქალაქში დარჩენა, დაუქირავებია კიდეც თამამშოვის ქარვასლის პირდაპირ ხარაზოვის სახლი, სადაც წინად ბარკანოვსა ჰქონდა გამართული ფოტოგრაფია, და აკეთებინებს. ამის შემდეგ ბატონი როინაშვილი აპირობს მოსკოვში წავიდეს და ჩამოიტანოს მუზეი და ფოტოგრაფიის მოწყობილობა. როინაშვილს სურათის გადასაღები მანქანები სულ ახლები შეუძენია და ამას გარდა დიდ-ძალი სურათები და სახეები აქვს თურმე გადაღებული სხვა-და-სხვა ქვეყნისა. როინაშვილის ფოტოგრაფია და მუზეი თხუთმეტ აგვისტოსთვის მზად იქნება თურმე.[10].“
|
როინაშვილს თბილისში სამი ფოტო-ატელიე ეკუთვნოდა. ალექანდრე როინაშვილი იყო იმ პირველთაგანი რომელიც იღწვოდა რომ თბილისში გახსნილიყო ეროვნული მუზეუმი, სადაც თავს მოიყრიდა და შეინახებოდა კავკასიის ეთნოგრაფიული მასალა ნათ შორის კი მის მიერ ოცი წლის მანძილზე დაგროვილი უნიკალური მასალა. 1989 წლის 16 ივლისს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ა. როინაშვილს ებოძა ბრილიანტის ბეჭედი მის მიერ გაწეული არქეოლოგიური და სამუზეუმო საქმიანობისათვის[11].
1896 წლის 22 მაისს თავისი ნაღვაწი სანოტარო წერილით უანდერძა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მთელი მისი ქონება: ფოტოგრაფიული სახელოსნები, ნეგატივები, აპარატები, ფოტო სურათები, არქეოლოგიური და ანტიკვარული ნივთები, აგრეთვე კაპიტალი და მოძრავი ქონება მისი სიკვდილის შემდეგ გადადიოდა საზოგადოების საკუთრებაში. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოებას არ გააჩნდა შენობა სადაც მუზეუმს განათავსებდა მან თხოვნით მიმართა ზუბალაშვილს შეეწირა მათთვის მიწა მუზეუმისათვის. არქიტექტორ პ. ფ. შტერნს შეადგენინა შენობის პროექტი.
1898 წლის 11 მაისს ალექსანდრე როინაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ნეშტი დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.
1905 წელს ფოტოსახელოსნო ა. როინაშვილის მიერ გადაღებულ ნეგატივებთან ერთად გადავიდა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის საკუთრებაში. 11 წლის შემდეგ ერმაკოვიც გარდაიცვალა. ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით, რომელიც სპეციალურად გაემგზავრა ქ. ბაქოში ქართველი მრეწველებისაგან ფინანსური დახმარების მიღების მიზნით, დ. ერმაკოვის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა ა. როინაშვილის ნეგატივების ჩათვლით შეიძინა ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ თბილისის უნივერსიტეტთან ერთობლივად.
პირველი პროფესიონალი ქართველი ფოტოგრაფის და საზოგადო მოღვაწის ალ. როინაშვილის საფლავის ქვაზე დიდუბის პანთეონში ამოკვეთილია:
„
ალექსანდრე როინაშვილს 1846-1898 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება |
ფოტოკატალოგი
რედაქტირებაალექსანდრე როინაშვილი, მისი საყოველთაოდ ცნობილ კაბინეტური ფოტოების გარდა, იღებდა, კავკასიაში ჩვეულ ე. წ. „კატალოგურ ფოტოებსაც“. როინაშვილის შემთხვევაში ფოტოზე დატანილი იყო ფოტოს რიგითი ნომერი, აღწერა და თავად ფოტოგრაფის ხელმოწერა «А. Роиновъ». დიმიტრი ერმაკოვი რომელიც მოგვიანებით გამოჩნდა ფოტოხელოვანთა სარბიელზე, იყო ის პიროვნება რომელმაც აღნიშნული კატალოგიზაცია სრულყო და დახვეწა. ასე მაგალითად ჩვენ ვერ შევხვდებით ვერცერთ როინაშვილის ფოტოს, რომელსაც ექნება მისი სახელოსნოს მიერ დადებული მუქი ფერის ლენტი ზედ წარწერით (როგორც ჩანს ადრეულ ფოტოგრაფიაში ჯერ არ იყო ლენტა გამოყენებადი და სახელწოდებას ზედვე წერდნენ. ფოტოზე შუაში წერის მანერა ასევე ახასიატებდა ვლადიმერ ბარკანოვსაც.). როინაშვილის ფოტოე��ის უმრავლესობაზე იმავე ფერის საწერკალმით დატანილია ვინმე ფ. ორდენის («Ф. Орден») ინიციალები, რომელსაც XIX-XX საუკუნეების ფოტოსამყარო როგორც ფოტოგრაფს არ იცნობს.
როინაშვილის კატალოგური ფოტოები შეიძლება რამდენიმე ჯგუად დაიყოს. ერთ ერთი ჯგუფია იმ ფოტოტა ერთობლიობა რომელზეც გარკვევით არის მიწერილი ფოტოკატალოგისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა — ავტორი, სახელწოდება, ნომერი. ქვემოთ გთავაზობთ ამ ჯგუფში იდენტიფიცირებულ სიას:
# | რუსულ (ორიგინალი)/ქართული სახელწოდება |
---|---|
1 | Крепость и ботанический сад თბილისი. ნარიყალას ციხე და ბოტანიკური ბაღი |
6 | Дворцовая улица |
33 | Ботанический сад |
36 | Воронцовский мост |
38 | Авлабарский мостъ (ფოტო) თბილისი. ავლაბრის ხიდი |
39 | Банная улица |
44 | Общий видъ Тифлиса |
45 | Общий видъ Тифлиса |
46 | Общий видъ Тифлиса |
47 | Эриванская площадь |
52 | Тифлисъ. Верииский мостъ и видъ Тифлиса |
53 | Тифлисъ. Вокзалъ |
55 | Общий видъ Тифлиса |
56 | Тифлисъ. Верииские сады (ფოტო) თბილისი. ვერის ბაღები |
302 | Монастырь Вардзиа |
303 | Монастырь Вардзиа |
304 | Монастырь Вардзиа |
305 | Монастырь Вардзиа |
306 | Монастырь Вардзиа |
307 | Монастырь Вардзиа |
308 | Монастырь Вардзиа |
309 | Монастырь Вардзиа |
312 | Монастырь Сафара (ფოტო) საფარის მონასტერი |
323 | Кресты Гелатской церкви |
324 | Ацхури |
325 | Церковь Самтависи (ფოტო) სამთავისის ტაძარი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 423.
- ტაბიძე ბ., ალექსანდრე როინაშვილი, თბილისი, 1962
- „ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწე“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 15 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1968 წელი. — გვ. 67-72
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 312, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Hannavy, John (2008), Encyclopedia of Nineteenth-century Photography, p. 494. CRC Press, ISBN 0-415-97235-3.
- ↑ საქართველოს ფოტოგრაფიის მუზეუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-19. ციტირების თარიღი: 2009-07-13.
- ↑ გაზეთი „კავკაზის“ დამატება ნეკროლოგი ა. როინაშვილის შესახებ. 1898 წ. №125
- ↑ გაზეთი „ივერია“, № 101, 1898.
- ↑ გაზეთი „დროება“, 1875 წელი
- ↑ გაზეთი „დროება“, 1879 წ. №6, გვ.3.
- ↑ გაზეთი „დროება“ 1883 წ. № 12
- ↑ „ივერია“ 1887, №198
- ↑ ჟურნალი „თეატრი“, № 21, 1886
- ↑ გაზ. „ივერია“, № 120, 1889
- ↑ გაზ. „ივერია“, № 124, 1889