აბდია წინასწარმეტყველი

წმინდა აბდია წინასწარმეტყველიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 19 ნოემბერი, ახალი სტილით - 2 დეკემბერი. თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი (ამ წინასწარმეტყველებს „მცირე“ მათი წიგნების მოცულობათა სიმცირის გამო ეწოდებათ), ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიქემის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარამიდან იყო და ისრაელის უსჯულო მეფის, აქაბის ეზოსმოძღვრად მსახურობდა. ამ დროს მთელი ისრაელი განუდგა უფალს და ბაალს წირავდა მსხვერპლს, აბდია კი აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთს მტკიცედ ერთგულებდა და ფარულად მსახურებდა. როდესაც აქაბის ცოლი, უსჯულო და გარყვნილი იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს დევნიდა, აბდია იფარებდა და საზრდელს აწვდიდა მათ. აქაბის მემკვიდრემ, მეფე ოქოზიამ სამი რაზმი გაგზავნა წმინდა წინასწარმეტყველ ელიას (ხს. 20 ივნისს) შესაპყრობად. მათგან ერთ-ერთს წმინდა აბდია წინამძღვრობდა. ელიას ლოცვით ორი რაზმი ზეციდან გარდამომხდარმა ცეცხლმა შთანთქა, აბდია და მისი მეომრები კი უფალმა შეიწყნარა. ამ დროიდან ნეტარმა დატოვა სამხედრო სამსახური და წინასწარმეტყველ ელიას შეუდგა. შემდგომში მან თავადაც მიიღო წინასწარმეტყველების ნიჭი. წმინდა აბდიას ღვთივსულიერი თხზულება - საწინასწარმეტყველო წიგნი მეოთხე ადგილზე დგას მცირე წინასწარმეტყველთა წიგნებს შორის. იგი შეიცავს წინასწარმეტყველებებს ახალი აღთქმის ეკლესიის შესახებ. წმინდა აბდია სამარიაშია დაკრძალული.

აბდია წინასწარმეტყველი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.