ესუქანი

22:05, 17 მაისი 2023-ის ვერსია, დეკანოზი ილია ჭიღლაძე (განხილვა | წვლილი) (გასწორდა კორექტურა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ესუქანი, ესუქნი (დ. დაახლ. 1241 – გ. 1270 შემდეგ) — საქართველოს მეფის დავით VII ულუს მეოთხე და უკანასკნელი მეუღლე, მონღოლი დიდგვაროვანი ქალი. ცნობილია XIV საუკუნის ანონიმი ქართველი ისტორიკოსის — ჟამთააღმწერლის თხზულებიდან.

ჟამთააღმწერლის მიხედვით, ესუქანი იყო მონღოლთა დიდი ნოინის, ჩორმაღანის ქალიშვილი და შირამუნ ნოინის და. ჩორმაღანი წარსულში ჩინგიზ ყაენის საჭურველმტვირთველი იყო, შემდეგ კი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კავკასიის ქვეყნების მართვა-გამგეობაში. დავით მეფემ ესუქანი ცოლად შეირთო ჰულაგუ-ხანის მიერ გვანცა დედოფლის სიკვდილით დასჯის შემდეგ დაახლ. 1262 წელს. ქორწინება დავითის მონღოლებთან შერიგების შემდეგ მოხდა და პოლიტიკური ხასიათის იყო. სამეფო ქორწილი ტფილისში გადაუხდიათ. დავითს და ესუქანს შვილები არ ჰყავდათ. მალე დედოფლის გარშემო მითქმა-მოთქმა დაიწყო. ჭორების მიხედვით, მწიგნობართუხუცესმა ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელმა დედოფლის სარეცელი გაიზიარა. მონღოლთა ჯარში სამსახურის გამო მეფის ქვეყანაში არყოფნის დროს ბასილი ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი იყო. თბილისში დაბრუნებულმა მალემრწმენმა დავითმა ბასილი დაუყოვნებლივ შეაპყრობინა და გამოუძიებლად სიკვდილით დასაჯა: „დამოჰკიდეს ძელსა შუა ქალაქსა“. ივანე ჯავახიშვილს მიაჩნდა, რომ ბასილის დასჯას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და უკავშირდებოდა მის აღზევებას და ღონისძიებებს, რომლითაც ხელისუფლებამ ეკლესიისათვის სახელმწიფოს მიერ შეწირული მიწები ეკლესიას გამოსწირა და უმიწოდ დარჩენილ აზნაურობას დაურიგა.[1]

ესუქანი არ დაუსჯიათ და ის დავითის თანამეცხედრე მეფის სიკვდილამდე იყო, თუმცა მათი თანაცხოვრების შესახებ სხვა ინფორმაცია ისტორიული წყაროებში არ მოიპოვება. ჟამთააღმწერელი აღნიშნავს, რომ მოარული ხმებით, დავითის სიკვდილში ესუქანსაც ადანაშაულებდნენ: ბასილის მკვლელობის გამო ქალმა მეფე შურისძიების მიზნით მოწამლაო. მემატიანე ამ ბრალდებას ანტიპატრეს მიერ ალექსანდრე მაკედონელის მოწამვლის ლეგენდას ადარებს:

ვიკიციტატა
„ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარმედ წამლისა მიერ აღსრულდა, ცოლისა მისისა ესუქანის მიერ მიცემითა წამლისათა, ვითარ სიტყჳსმოქმედი იტყჳს მაკედონელისა მის დიდისა მიდოსით თავმტკივნეულობად მყოფისა და იჭჳსა წამლისასა მიდოს და ანტიპატროს მიერ მიცემისა, ეგრეთვე დავითისდა თქმულ არს ესუქანის მიერ შურისათჳს ბასილი უჯარმელისა, რომელი მოაკუდინა მეფემან უწესოებისათჳს: თანა-ეყო ბასილი ესუქანს და არა რიდა საწოლსა პატრონისა მეფისასა, და ჩოჴანიცა აღიჴადა და მთავრობა მიიტაცა. ამის უწესობისათჳს მოიკლა ბასილი.[2]
  1. ივანე ჯავახიშვილი — თხზულებანი თორმეტ ტომად — ტომი III დაარქივებული 2020-02-27 საიტზ��� Wayback Machine. — საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. — თბილისი 1982, გვ. 52, 83.
  2. "ასწლოვანი_მატიანე"_(2008) ჟამთააღმწერელი — „ასწლოვანი მატიანე“, „ქართლის ცხოვრება“ — მთავარი რედაქტორი: როინ მეტრეველი — სარედაქციო კოლეგია: მედეა აბაშიძე, გიული ალასანია, ზაზა ალექსიძე, თამაზ გამყრელიძე, გურამ კარტოზია, მარიამ ლირთქიფანიძე, დავით მუსხელიშვილი, † ზურაბ სარჯველაძე, მიხეილ ქავთარია, ციალა ქურციკიძე, მზექალა შანიძე, ელენე ცაგარეიშვილი, † ედიშერ ხოშტარია-ბროსე — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ისტორიის წყაროების კომისია, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი — „მერიდიანი“, „არტანუჯი“, თბილისი 2008.