სიმონ მესხი
სიმონ ივანეს ძე მესხი (დ. 1820, სოფ. რიონი — გ. 1877, სოფ. რიონი) — ქართველი მთარგმნელი, საქმის მწარმოებელი, გადამწერი.
სიმონ მესხი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1820 რიონი, იმერეთი |
გარდაცვალების თარიღი |
1877 რიონი, იმერეთი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მთარგმნელი გადამწერი |
ბიოგრაფია
დაიბადა აზნაურ ივანე მესხის ოჯახში. მშობლებს სურდათ შვილი მღვდელი გამოსულიყო და ამიტომ ცხრა წლის სიმონი სასწავლებლად ნათლიას, მღვდელ დავით ბაქრაძეს მიაბარეს. ოთხი წლის შემდეგ, ბიძამისმა დეკანოზმა იესე ბაქრაძემ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში წაიყვანა, სადაც მხოლოდ სამი წელი ისწავლა.
1840 წელს ჯვარი დაიწერა მაგდანა ანდრიას ასულ მარჯანიშვილზე. სიმონ მესხი იმერეთში ცნობილი იყო თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახითა და შვილებით.
სამსახური
სამსახური ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოში გადამწერის თანამდებობით დაიწყო, კარგად შეისწავლა რუსული ენა და შემდეგ საქმის მწარმოებლად და თარჯიმნად მუშაობდა. ღარიბი აზნაური და დაბალი ჩინის მოხელე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ბევრ ქართველს ეხმარებოდა, რაც ცარიზმის ბიუროკრატიული რეჟიმის დროს ერთობ სახიფათო იყო. თხოვნების, კასაცია-აპელაციების დაწერით დამატებით ანაზღაურებას ღებულობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა. ამიტომ ამ საქმეს დიდის ყურადღებით ასრულებდა, საჩივრის ქაღალდების წერაში ხშირად ღამეებსაც ათენებდა და ზოგჯერ შავი საბუთის გადასაწერად შვილებსაც იხმარებდა.
ოჯახი
სიმონ მესხისა და მაგდანა მარჯანიშვილის მრავალშვილიანმა ოჯახმა ქართულ კულტურას შესძინა რამდენიმე მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მწერალი: გიორგი მესხი (პედაგოგი, მისი შვილიშვილი იყო მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე), სერგეი მესხი (მწერალი, პუბლისცისტი, საზოგადო მოღვაწე), ივანე მესხი (მთარგმნელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი), ანა მესხი (მსახიობი, მთარგმნელი), კოტე მესხი (მსახიობი, რეჟისორი), დავით მესხი (მთარგმნელი, ჟურნალისტი), ეფემია მესხი (მსახიობი), მარიამ მესხი (მსახიობ ბარბარე გამრეკელის და რეჟისორ ნინო გამრეკელის დედა).
ოჯახში სიმონი ძალიან მშვიდი კაცი ყოფილა, ბავშვებს იშვიათად უწყრებოდა და მეუღლესაც ხშირად საყვედურობდა ბავშვების მიმართ სისასტიკის გამო. სიმონი უფროსი შვილების პე��აგიას და გიორგის გარდაცვალებას მოესწრო. გიორგის ქვრივი და ოთხი მცირეწლოვანი შვილი, სიმონის მეურვეობის ქვეშ დარჩნენ. ბაბუამ ყველა მათგანს დაამთავრებინა საშუალო სასწავლებელი. სახელოვანი ქართველი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე გიორგის ქალის მარიამის ქალიშვილი იყო.
1877 წელს სიმონ მესხი, ხანდაზმულთათვის იშვიათი სენით, ხუნაგით გარდაიცვალა.
მეუღლე
სიმონის მეუღლე მაგდანა (რუსულ დოკუმენტებში მაგდალინა) მარჯანიშვილი საკმაოდ მკაცრი, შვილებისადმი მომთხოვნი და ამავე დროს ღვთის მავედრებელი ქალი ყოფილა. იგი მიეკუთვნებოდა ქართველ ქალთა იმ რიცხვს, რომელთაც ზეპირად იცოდნენ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. მან რუსთაველის სიყვარული თავის ქალიშვილს ანასაც გადასცა. დავით მესხი წერს, რომ მაგდანამ 18 შვილი გააჩინა, აქედან ხუთი ბავშვი ჩვილობის ასაკში გარდაეცვალა. ცამეტი შვილიდან მხოლოდ სამს თუ ოთხს ჰყავდა ძიძა, დანარჩენი თვითონ გაზარდა.
მაგდანა გიორგის და პელაგიას გარდა კიდევ ერთი შვილის, სერგეის სიკვდილსაც მოესწრო. მაგდანა მარჯანიშვილი 1898[1] წელს წყალმანკით გარდაიცვალა.
მაგდანა მარჯანიშვილი იყო მსახიობ კოტე მარჯანიშვილის მამიდა.
ლიტერატურა
- რამაზ სურმანიძე, „ივანე მესხი: (ქალაქის მდივანი)“, თბ., 2013.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ ეფემია მესხი : [მოგონებები, სტატიები და წერილები მსახიობისა / შემდგ. შეს. სტატია და შენიშვნები მაყვალა ცხომარიასი]. - თბ. : ხელოვნება, 1957