ბონა ლუქსემბურგელი

დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.

ბონა ლუქსემბურგელი (გერმ. Jutta von Luxembuerg; ფრანგ. Bonne de Luxembourg; დ. 20 მაისი, 1315, პრაღა, ბოჰემია — გ. 11 სექტემბერი, 1349, მობისონი, საფრანგეთი), აგრეთვე ცნობილი როგორც იუტა ლუქსემბურგელი, ან ბონა ბოჰემიელილუქსემბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ბოჰემიის მეფე იოჰან დაბრმავებულისა და მისი ცოლის, დედოფალ ელიზაბეთ ბოჰემიელის მეორე ქალიშვილი. იყო საფრანგეთის მომავალი მეფე ჟან II კეთილის პირველი მეუღლე, თუმცა იგი ჟანის გამეფებამდე სულ ერთი წლით ადრე დაიღუპა. მათი ათი შვილიდან აღსანიშნავნი არიან საფრანგეთის მეფე შარლ V ბრძენი, ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპ II მამაცი და ნავარის დედოფალი ჟანა ფრანგი.

ბონა ლუქსემბურგელი
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1315
პრაღა, ბოჰემია
გარდაცვალების თარიღი 11 სექტემბერი, 1349, (34 წლის)
მობისონი, საფრანგეთი
წოდება ნორმანდიის ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ჟან II, საფრანგეთის მეფე
შვილ(ებ)ი 10 შვილი
მშობლები მამა: იოჰანი, ბოჰემიის მეფე
დედა: ელიზაბეთ ბოჰემიელი

ბიოგრაფია

ბონა დაიბადა 1315 წლის 20 მაისს, საღვთო რომის იმპერიისა და ბოჰემიის დედაქალაქ პრაღაში. იგი იყო ბოჰემიის მეფე იოჰან დაბრმავებულისა და მისი ცოლის, დედოფალ ელიზაბეთ ბოჰემიელის მეორე ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ VII-ის შვილიშვილი იყო.

1326 წელს ბონა დანიშნეს ბარის გრაფ ანრი ბარელზე, თუმცაღა სასიძომ მალევე ჩაშალა ნიშნობა, რის შემდეგაც ბონა წმინდა ესპრიტის სააბატოში გააგზავნეს, სადაც მან გაიცნო და შეუყვარდა საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ის უფროსი ვაჟი, ნორმანდიის ჰერცოგი ჟან დე ვალუა, რომელზეც მან 1332 წელს იქორწინა კიდეც.

მათი ქორწინება 1332 წლის 28 ივლისს შედგა ნოტრ-დამის კათედრალში. პატარძალი ამ დროს 17 წლის იყო, ხოლო სასიძო 13-ის. მისი მანამდელი სახელი იუტა, რასაც გერმანელები ეძახდნენ ფრანგებმა ბონად გადააკეთეს და ისტორიაშიც სწორედ ამ სახელითაა ცნობილი (ვინაიდან გერმანულად იუტა კეთილს ნიშნავს, მისი ფრანგული ანალოგი კი ბონაა). როგორც საფრანგეთის მეფის უფროსი ვაჟის ცოლი, ბონა უკვე საფრანგეთის მომავალი დედოფალი იყო და შესაბამისადაც ატარებდა ნორმანდიის, აკვიტანიის, ანჟუსა და მაინის ჰერცოგინიის წოდებას. მათი ქორწილი იმით გახდა ცნობილი, რომ მას 6 000 სტუმარი ესწრებოდა, ხოლო საზეიმო ღონისძიებები ორი თვის მანძილზე გრძელდებოდა. თუმცაღა ჟანი ქორწინებიდან მალევე კვლავ პოლიტიკას დაუბრუნდა. იგი ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ დახმარების სათხოვნელად. ჟანი ბონასთან ერთად ეწვია ბოჰემიას, ნავარას, ბურგუნდიას, ლოთარინგიასა და ბრაბანტსაც კი.

ბონა საფრანგეთში ხელოვნების პატრონაჟად გვევლინება. იგი იყო იმ დროის უამრავი გამოჩენილი ხელოვანის უდიდესი თაყვანისმცემელი და მფარველი.

იგი გარდაიცვალა 1349 წლის 11 სექტემბერს ბურბონული შავი ჭირისგან. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ჟანი საფრანგეთის მეფე ჟან II გახდა, დაქვრივებიდან ექვს თვეში კი ჟანი მეორედ დაქორწინდა ჟანა ოვერნელზე.

შვილები

  1. შარლ V (დ. 21 იანვარი, 1338 — გ. 16 სექტემბერი, 1380), საფრანგეთის მეფე, ცოლად შეირთო ჟანა დე ბურბონი, რომელთანაც საფრანგეთის მომავალი მეფე შარლ VI და ასევე ორლეანის ჰერცოგი ლუი I;
  2. კატრინი (დ. 1338 — გ. 1338), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  3. ლუი I (დ. 23 ივლისი, 1339 — გ. 20 სექტემბერი, 1384), ანჟუს ჰერცოგი და ვალუა-ანჟუს დინასტიის დამაარსებელი, ცოლად შეირთო მარი ბლუელი, რომელთანაც შეეძინა ნეაპოლის მომავალი მეფე ლუი II;
  4. ჟანი (დ. 30 ნოემბერი, 1340 — გ. 15 ივნისი, 1416), ბერის ჰერცოგი, პირველად ცოლად შეირთო ჟანა არმანიაკი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ჟანა ოვერნელზე. ორივე ცოლთან სულ სამი გოგონა შეეძინა;
  5. ფილიპ II (დ. 17 იანვარი, 1342 – გ. 27 აპრილი, 1404), ბურგუნდიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარგარიტა ფლანდრიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი: ბურგუნდიის ჰერცოგი ჟან უშიში, ბავარიის ჰერცოგინია მარგარიტა ბურგუნდიელი, ბრაბანტის ჰერცოგი ანტუან ბურგუნდიელი და ნევერის გრაფი ფილიპ II;
  6. ჟანა (დ. 24 ივნისი, 1343 — გ. 3 ნოემბერი, 1373), ცოლად გაჰყვა ნავარის მეფე შარლ II-ს, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი: ნავარის მეფე შარლ III და ინგლისის დედოფალი ჟანა ნავარელი;
  7. მარი (დ. 18 სექტემბერი, 1344 — გ. 15 ოქტომბერი, 1404), ცოლად გაჰყვა ბარის ჰერცოგ რობერ I-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი, მათ შორის კი აღსანიშნავია არაგონის დედოფალი იოლანდა ბარელი;
  8. აგნესი (დ. 1345 — გ. 1349), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  9. მარგარიტა (დ. 1347 — 1352), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  10. იზაბელა (დ. 1 ოქტომბერი, 1348 — გ. 11 სექტემბერი, 1373), ცოლად გაჰყვა მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო ვისკონტის, რომელთანაც შეეძინა სულ ოთხი შვილი, რომელთაგან აღსანიშნავია ორლეანის ჰერცოგინია ვალენტინა ვისკონტი.

ლიტერატურა =

  • d'Arras, Jean (2012). Melusine;or The Noble History of Lusignan. Translated by Maddox, Donald; Sturm-Maddox, Sara. The Pennsylvania State University Press.
  • Hand, Joni M. (2013). Women, Manuscripts and Identity in Northern Europe, 1350-1550. Ashgate Publishing.
  • Nicolle, David (2004). Poitiers 1356: The Capture of a King. Osprey.
  • Perrot, G.; Reinach, S., eds. (1907). Revue archéologique Juillet-Decembre 1907 (in French). Vol. 4-Vol. 9. Ernest Leroux.
  • Robertson, Anne Walters (2002). Guillaume de Machaut and Reims. Cambridge University Press.
  • Vaughan, Richard (2005). Philip the Bold: The Formation of the Burgundian State. The Boydell Press.